ფემინიზმი კვლავ მოდაშია. მასთან ასოცირების ტენდენციის გამძაფრებასთან ერთად, საჯარო ფიგურებმა, კორპორაციებმა და მეინსტრიმული მედიის დიდი ნაწილმა საზოგადოების ცნობიერებაში ფემინიზმის აზრს-გამოცლილი ვერსიის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. ეს ფემინიზმი არასდროს ახსენებს ქალთა განთავისუფლებას, არამედ გვირჩევს ვიზეიმოთ ‘’არჩევანი’’.
გადახედეთ ნებისმიერ ონლაინ სტატიას ფემინიზმის შესახებ და დაინახავთ, რომ კომენტარების ველი თვალსა და ხელს შუა გადაიქცევა ხოლმე ‘’არჩევანზე’’ სადებატო სივრცედ. არ აქვს მნიშვნელობა რა თემაზეა სტატია, თითქოს ყველას ეჩქარება საკითხი ქალთა გაძლიერების და არჩევანის (თავის)უფლების ჩარჩოში მოაქციოს. ეს ეფექტურად გვარიდებს იმ ფართო ძალაუფლებრივ სტრუქტურებზე და სოციალურ ნორმებზე საუბარს, რომლებიც სხვადასხვა გზებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზღუდავენ ქალებს.
‘’არჩევანის ფემინიზმისთვის’’ კარგი თვე იყო. მარტის ბოლოს, მოდის ჟურნალმა Vogue-მა ინდოეთში ‘’ჩემი არჩევანის’’ კამპანია დაიწყო, Vogue-ის გაძლიერების კამპანიის ნაწილი, რომელმაც ქალების გაძლიერება ზედმიწევნით დაიყვანა სხვადასხვა არჩევანზე.
ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და როგორც ინდოეთში მოღვაწე რეპორტიორი გუნჯეტ სრა აღნიშნავს, ‘’ინდუსტრია, რომელიც ქალების ობიექტივაციაზე, სილამაზის სექსისტური სტანდარტების გაფეტიშებას და ქალებისთვის თავს მოხვევაზე დგას’’ ეხლა ფემინიზმის პრომოუტერად მოგვევლინა – ეს ფარისევლობა თითქმის ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა.
‘’არჩევანის ფემინიზმის’’ ლიბერალური ბრენდი თავის ლოგიკურ, თუ არა აბსურდულ დასკვნამდე მივიდა, როცა ლიბერალ-დემოკრატების კანდიდატი ბრიტანეთის მოახლოებულ არჩევნებიდან, შეეცადა აეხსნა ჩანაწერი, სადაც სტრიპტიზიორი მის კალთაში ცეკვავს. თურმე ეს ყველაფერი უკავშირდებოდა მის ფემინისტურ მისიას წვლილი შეეტანა ‘’ქალების გაძლიერებაში, რათა მათ შეძლებოდათ გაეკეთებინათ თავიანთი კანონიერი არჩევანი და არ განსჯილიყვნენ ამ არჩევანის გამო’’.
ახლახანს Playboy-ც კი ჩაერთო ფემინისტური თეორიის საკითხების გარჩევაში და გადაწყვეტილება გამოიტანა ქალების უფლების სასარგებლოდ, დაემორჩილონ პორნოგრაფიული მზერას. ეს რათქმაუნდა, მათ ბიზნეს გეგმაშიც მშვენივრად ჯდება.
სწორედ ასეთმა ინციდენტებმა, ისევე როგორც მოსაწყენმა განხილვებმა იმაზე, არის თუ არა ბიონსე ფემინისტი, ან უნდა ატარონ თუ არა კაცმა პოლიტიკოსებმა მაისურები წარწერით ‘’ფემინისტი ასე გამოიყურება’’(‘’This is what a feminist looks like’’), მისცა შთაგონება ფემინისტური ნაწერების ახალ კრებულს, ‘’თავისუფლების ილუზია: ლიბერალური ფემინიზმის შეზღუდვები’’ (Freedom Fallacy: The limits of liberal feminism).
წიგნში, რომლის თანარედაქტორი მეც გახლავართ, 20 ჩვენგანი განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც ‘’არჩევანის ფემინიზმის’’ ქოლგის ქვეშ ექცევა: პორნოგრაფიიდან და პროსტიტუციიდან დაწყებული ქალთა გენიტალიების დასახიჩრებით დამთავრებული; ქალების ჟურნალებით და ქორწინებით დაწყებული სექსუალური ძალადობით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ამას სხვადასხვა პერსპექტივიდან ვაკეთებთ, ყველა ვაკრიტიკებთ იდეას, რომ ქალის თავისუფლების განმსაზღვრელი მისი არჩევანია.
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ პოპ-ფემინიზმის აღზევება სინამდვილეში ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე ამას ‘’მე ვირჩევ ჩემს არჩევანს’’ სპექტრუმის ცარიელ ბოლოში შეტენილი მხიარულება შეიძლება მიგვანიშნებდეს.
პირველ რიგში, არჩევანის არგუმენტი ფუნდამენტურად ნაკლოვანია, ვინაიდან ის გულისხმობს ქალების აბსოლუტურ თავისუფლებას, რაც უბრალოდ არ არსებობს. დიახ, ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა არჩევანს, მაგრამ ისინი ფორმირებული და შეზღუდულია იმ არათანაბარი პირობებით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. არჩევანის უკრიტიკო ზეიმი მხოლოდ მაშინ იქნება გასაგები, როცა პოსტ-პატრიარქალურ სამყაროში ვიცხოვრებთ.
მეორე, ის აზრი, რომ მეტი არჩევანი ავტომატურად მეტ თავისუფლებას ნიშნავს, სიცრუეა. ეს არის ნეოლიბერალიზმის გასაღება ფემინისტური მობრუნებით. დიახ, ეხლა ქალებს შეუძლია იმუშავონ ან სახლში დარჩნენ ბავშვების ყოლის შემთხვევაში, მაგრამ ეს ‘’არჩევანი’’ აზრს მოკლებულია მაშინ, როცა ბავშვების აღზრდა კვლავ ქალის მოვალეობად აღიქმება და როცა სახელმწიფო მშობლებს ადეკვატურ დახმარებას ვერ უწევს, როდესაც უშვილო ქალები კვლავ ეგოისტებად მიიჩნევიან.
და მესამე, ფოკუსმა ქალების არჩევანზე, როგორც ფემინიზმისთვის ცენტრალურზე, გამოიწვია პერვერტული მსხვერპლის დადანაშაულება და იმ რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანა, რომელიც ქალებს კვლავ აწუხებთ. თუ მოცემული რეალობით ბედნიერი არ ხარ, ნუ დაადანაშაულებ სექსიზმს და მიზოგინიას, სახელფასო სხვაობას, გენდერულ როლებს, ქალების ნაკლებობას ხელმძღვანელ თანამდებობებზე და პარლამენტში, ან ქალთა მიმართ ძალადობის ეპიდემიას. შენ თავს დააბრალე. აშკარად არასწორი არჩევანი გააკეთე.
როგორც სოციოლოგი, ნატალი იოვანოვსკი ‘’თავისუფლების ილუზიის’’ ერთ-ერთ თავში წერს, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ამ ტიპის ლიბერალური ფემინიზმის აღზევება. ინდივიდუალური არჩევანის სხვა ყველაფერზე წინ დაყენებით, ის სტატუს კვოს უცვლელს ტოვებს.
ის არ ითხოვს ფართე სოციალურ ცვლილებებსს და ეფექტურად აკნინებს კოლექტიური ქმედების როლს. საერთო ჯამში, ის არაფერს მოითხოვს შენგან და სანაცვლოდაც არაფერს გაძლევს.
ნაცვლად წინააღმდეგობისა, ჩვენ ახლა გვაქვს ქმედებები, რომლებიც ერთ დროს ქალთა სუბორდინაციის არქეტიპებად მიიჩნეოდა და ახლა წარმოდგენილია როგორც განმათავისუფლებელი პიროვნული არჩევანი. სექსუალური შევიწროებაც კი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც უწყინარი ხუმრობა, რომლისგანაც ქალები სიამოვნებას იღებენ. ქორწინება შეიძლება გადაკეთდეს პრო-ფემინისტურ სასიყვარულო შეკრებად.
ლაბიაპლასტია დანახულია სასარგებლო კოსმეტიკურ გაუმჯობესებად. პორნოგრაფია რებრენდირებულია სექსუალურ ემანსიპაციად. ობიექტივაცია ახალი ტიპის ‘’გაძლიერებაა’’(empowerment)
ნაცვლად იმისა, რომ უფრო თანასწორი მომავლის შექმნაზე ვლაპარაკობდეთ, დროს ვხარჯავთ უაზრო დისკუსიებზე იმის შესახებ, არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ქალი ‘’ცუდი ფემინისტი’’. ან როგორც ჟურნალისტმა სარა დიტუმმა მოიგონა თამაში ‘’შეიძლება იყო ფემინისტი და თან….?’’. თითქოს ქალთა პროგრესის მთავარი საკითხი ის არის, მოვერგებით თუ არა რაღაც მოგონილ ფემინისტურ იდეალს.
იმდენად დესპოტურია ‘’არჩევანის ფემინიზმის’’ მიერ ყველაფრის ინდივიდუალიზაცია, რომ როგორც კი ქალები აკრიტიკებენ ინდუსტრიებს, ინსტიტუციებს ან სოციალურ კონსტრუქტებს, მათ მაშინვე იმ ქალების თავდასხმაში ედებათ ბრალი, რომლებიც ამ ინდუსტრიებსა თუ ინსტიტუციებში არიან ჩართული. სტრუქტურულ დონეზე ანალიზის მნიშვნელობა მთლიანად დაკარგულია ფემინიზმის პოპულარული გაგებებიდან.
შედარებისთვის, ხომ სასაცილო იქნებოდა გვეთქვა რომ მარქსისტი რომელიც კაპიტალიზმს აკრიტიკებს, ამით მშრომელებს ესხმის თავს? ისევე, როგრც აბსურდული იქნებოდა იმის თქმა რომ Big Pharma-ს კრიტიკოსებს ფარმაცევტულ საწარმოებში დასაქმებულები სძულთ. ან რომ მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფასტ-ფუდზე კულტურულ დამოკიდებულებას, რამე საწინააღმდეგო აქვთ მაკდონალდსში დასაქმებული ახალგაზრდების.
საბოლოოდ,’’ არჩევანის პრომოცია – და მითი უკვე მიღწეული თანასწორობისა – აბრკოლებს ჩვენს შესაძლებლობა ეჭვქვეშ დავაყენოთ ინსტიტუციები, რომლებიც ქალებს აბრკოლებენ. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა.
უკვე ბევრი ქალი აღიარებს, რომ ფემინიზმი მნიშვნელოვანი სოციალური მოძრაობაა ქალების განთავისუფლების გზაზე და არა რაღაც ბანალობა ‘’არჩევანის’’ შესახებ.
ავტორი: Meagan Tyler
2015
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: No, feminism is not about choice