1930 წელს, ჯონ მეინარდ კეინზის პროგნოზის მიხედვით, საუკუნის დასასრულს ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდებოდა, იმისათვის რომ დიდი ბრიტანეთისა და შტატების მსგავს სახელმწიფოებს 15 საათიანი სამუშაო კვირისთვის მიეღწიათ. ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმის დასაჯერებლად რომ ის მართალი იყო. დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენთვის ეს სავსებით შესაძლებელია. და ამის მიუხედავათ, ეს ასე არ მოხდა. ნაცვლად ამისა, სწორედ ტექნოლოგიებმა შექმნა პირობები, იმისთვის რომ ყველამ უფრო მეტი იმუშავოს. ამის მისაღწევად საჭიროა შეიქმნას უმიზნო სამუშაოები. ევროპაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, უამრავი ადამიანი მთელს თავის სამუშაო დროს ხარჯავს ისეთ საქმიანობაში, რომლის შესრულების საჭიროებასაც ის ვერ ხედავს. ეს სიტუაცია მათთვს იწვევს ღრმა მორალურ და სულიერ ზიანს. ეს არის ჭრილობა ჩვენს კოლექტიურ სულზე. თუმცა ამაზე ფაქტიურად არავინ საუბრობს.
რატომ არ ასრულდა კეინზის დაპირებული უტოპია, რომელსაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში ელოდნენ ? დღეს ამაზე ტიპიური პასუხი არის ის, რომ მან ვერ წარმოიდგინა კონსუმერიზმის მასიური ზრდა. ნაკლებ სამუშაო საათსა და მეტ სათამაშოს და სიამოვნებას შორის არჩევანში, ჩვენ კოლექტიურად ავირჩიეთ უკანასკნელი. ეს წარმოადგენს ლამაზ მორალურ ზღაპარს, მაგრამ სულ ერთი წამით დაფიქრებაც კმარა, რომ მივხვდეთ – ეს არ შეიძლება მართალი იყოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ წარმოიშობოდა მრავალი ახალი სახის სამუშაო და ინდუსტრია 20-იანი წლებიდან, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა იყო დაკავებული სუშის, აიფონების ან ლამაზი კედების პროდუქციითა და დისტრიბუციით.
ზუსტად რას წარმოადგენენ ეს ახალი სამუშაოები ? ნათელ სურათს გვაძლევს უახლესი ანგარიში, რომელშიც შედარებულია დასაქმება ამერიკაში 1910-სა და 2000-ს წლებს შორის. გასული საუკუნის განმავლობაში, შიდამოსამსახურეთა რიცხვი ინდუსტრიაში და სამეურნეო სექტორში მკვეთრად დაეცა. ამავე დროს, “სპეციალიზებულ, მენეჯერულ, საკანცელარიო, გაყიდვების და მომსახურების” სფეროში მომუშავეთა რიცხვი გასამმაგდა (ერთი მეოთხედიდან მთლიანი დასაქმების სამ მეოთხედამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მწარმოებლური სამუშაო მეტწილად ავტომატიზირებული გახდა (თუ ჩავთვლით ინდუსტრიულ მუშებს გლობალურად, მძიმე სამუშაოს შემსრულებლებითურთ ინდოეთიდან და ჩინეთიდან. მიუხედავად ამისა, მუშათა ასეთი რიცხვი აღარ არის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის იმხელა პროცენტი, როგორც ეს აქამდე იყო).
მაგრამ, ნაცვლად სამუშაო საათების მასიური შემცირებისა, იმისათვის, რომ მსოფლიოს მოსახლეობა გათავისუფლებულიყო და დაკავებულიყო საკუთარი პროექტებით, მიზნებით, სიამოვნებითა და იდეებით, ჩვენ მივიღეთ არა მარტო მომსახურების სექტორის გაბერვა, არამედ შექმნა ისეთი ახალი ინდუსტრიებისა, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური სექტორი, ადმინისტრაციული სექტორი, კორპორატიული სამართალი, ჯანდაცვის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსები და საჯარო ურთიერთობები. და ეს რიცხვები კიდევ არ აირეკლავს იმ ადამიანებს ვისი საქმეც ამ ინდუსტრიების ტექნიკური, ადმინისტრაციული მომსახურების და უსაფრთხოების, ან სრულიად ცალკე, დამხმარე ინდუსტრიების უზრუნველყოფაა (მაგ. სადღეღამისო პიცის კურიერის სერვისი), რომლებიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამდენ დროს ხარჯავს სხვა ინდუსტრიაში მუშაობაზე.
ეს არის ის, რასაც მე გთავაზობთ ვუწოდოთ “აბსურდული სამუშაო”.
თითქოს, ვიღაც გამიზნულად იგონებს ამ უაზრო სამუშაოებს, რომ ჩვენ, ყველანი მუშაობით ვიყოთ დაკავებული. სწორედ ამაში მდგომარეობს საიდუმლოება. კაპიტალიზმში ეს არის სწორედ ის, რაც დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ძველ, არაეფექტურ სოციალისტურ სახელმწიფოში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო და სადაც სამსახური მიიჩნეოდა ღირსეულ და წმინდა მოვალეობად, სისტემა ქმნიდა იმდენ სამუშაოს რამდენიც საჭირო იყო (ამიტომაც საბჭოთა საწყობებში მცირედი ხორცის გასაყიდად სამი მოხელე იყო საჭირო). რა თქმა უნდა, ეს იმ სახის პრობლემაა, რომელიც საბაზრო კონკურენციამ უნდა გამოასწოროს. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ფულის ხარჯვა მუშაკებზე, რომლებიც არ არიან საჭირონი, უკანასკნელი რამეა, რაც მოგებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს. მიუხედავად ამისა, ეს როგორღაც, მაინც ხდება.
მაშინ, როცა კორპორაციები შეიძლება დაკავებულნი იყონ შტატების მკაცრი შემცირებებით, გათავისუფლებები უცვლელად ეხება იმ ხალხს, ვინც ნამდვილად არსებითი სამუშაოთია დაკავებული, როცა არავის შეუძლია ახსნას უცნაური ალქიმია იმისა, თუ როგორ იზრდება ხელფასზე მყოფ საოფისე მუშაკთა რაოდენობა. უფრო და უფრო მეტი დასაქმებული აღმოაჩენს საკუთარ თავს საბჭოთა დასაქმებულის ადგილას, როდესაც ის ოფიციალურად კვირაში 40-50 საათის განმავლობაში მუშაობს, რეალურად კი მისი ეფექტური სამუშაო საათი კეინზის ნაწინასწარმეტყველებ 15 საათს არ აღემატება, დანარჩენ თავის დროს კი დასაქმებული ატარებს სამოტივაციო სემინარებზე დასწრებაში, მათ ორგანიზებაში, ან სულაც ფეისბუქის პროფილის განახლებით არის დაკავებული.
ნათელია, რომ პასუხი არ არის ეკონომიკური, ის მორალური და პოლიტიკურია. მმართველი კლასი მიხვდა, რომ თავისუფალი დროით აღჭურვილი ბედნიერი და პროდუქტიული მოსახლეობა სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მათთვის (დაფიქრდით, რა პროცესები დაიწყო 60-იანებში, როდესაც მსგავსი პირობები ახლოვდებოდა). მეორეს მხრივ, იმის შეგრძნება, რომ მუშაობა თავისთავად მორალური ღირებულების მქონეა, და რომ ადამიანი არაფერს იმსახურებს, თუკი ის უარზეა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მიუძღვნას რომელიმე ინტენსიურ შრომით დისციპლინას, საოცრად გამოსადეგი გამოდგა მმართველი კლასისთვის.
ერთხელ, ბრიტანეთის აკადემიურ დეპარტამენტებში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების უსასრულო ზრდაზე ფიქრისას, მომივიდა ჯოჯოხეთის ერთი შესაძლო ხედვა. ჯოჯოხეთი – ეს არის ინდივიდების კრებული, რომლებიც თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს ხარჯავენ სამუშაოზე, რომელიც მათ არც მოსწონთ და არც განსაკუთრებულად კარგად გამოსდით. მათ უთხრეს, რომ ქირაობდნენ მათი შესანიშნავი უნარების გამო დურგლის საქმეში, და შემდეგ აღმოჩნდნენ სიტუაციაში, სადაც მათი დროის უმეტესობა თევზის შეწვას ეთმობა. არც ამ დავალების შესრულებაა სინამდვილეში საჭირო, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის თევზია შესაწვავი. მაგრამ, როგორღაც, ყველა ისე შეიპყრო შფოთვამ იმის შესახებ, რომ მათი თანამშრომელი შეიძლება უფრო მეტ დროს ხარჯავდეს დურგლობაზე, და არა მათ საერთო, თევზის შეწვის მოვალეობაზე, რომ ცოტა ხანში სამუშაო ადგილი უსასრულო, გამოუსადეგარი, ცუდად შემწვარი თევზის გროვებით გაივსო და ესაა ყველაფერი ის, რაც რეალურად კეთდება.
მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ეკონომიკის მორალური დინამიკის ზუსტი აღწერა.
*
მე ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ ასეთი არგუმენტი დაუყოვნებლივ გამოიწვევს წინააღმდეგობას: “ვინ ხარ შენ, რომ თქვა რომელი სამუშაოა ნამდვილად ‘აუცილებელი’”? საერთოდაც, რა არის აუცილებელი? შენ ანთროპოლოგიის პროფესორი ხარ, რაში მდგომარეობს შენი პროფესიის ‘’საჭიროება’’ ? (და, რა თქმა უნდა, ბევრი ბულვარული გაზეთის მკითხველი ჩემს საქმიანობას მიიღებს, როგორც განმარტებას იმისა, თუ რას ნიშნავს გაფლანგული სოციალური დანახარჯი). ერთი კუთხით, ეს აშკარად მართალია, შეუძლებელია, სოციალური ღირებულების ობიექტურად გაზომვა.
მე ვერ გავბედავდი, მეთქვა მისთვის, ვინც დარწმუნებულია საკუთარი საქმის მნიშვნელოვნებაში, რომ ეს ასე არაა. მაგრამ, რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავადვე აღარ სჯერათ თავიანთი საქმის მნიშვნელოვნების? არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემს სკოლის მეგობარს შევხვდი, რომელიც 12 წლის ასაკის შემდეგ აღარ მყავდა ნანახი. გაოცებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ შუალედში ის გახდა ჯერ პოეტი, შემდეგ კი სოლისტი როკ ჯგუფში. მოსმენილი მქონდა ზოგიერთი მისი სიმღერა რადიოში და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მომღერალი იყო ადამიანი, რომელსაც მე სინამდვილეში ვიცნობდი. ის აშკარად ბრწყინვალე და ინოვაციური პიროვნება იყო და მისმა შემოქმედებამ, უდავოდ, მრავალი ადამიანის ცხოვრება გამოაცოცხლა და გააუმჯობესა მთელ მსოფლიოში. თუმცა, რამდენიმე წარუმატებელი ალბომის შემდეგ, მან დაკარგა კონტრაქტი, დარჩა ვალებით და ახალშობილი ქალიშვილით, და როგორც თვითონ ამბობს: “გავაკეთე სტანდარტული არჩევანი უამრავი გზააბნეული ადამიანისა: სამართლის სკოლა.” ახლა ის კორპორაციურლი ადვოკატია და ცნობილ ნიუ-იორკულ ფირმაში მუშაობს. ის იყო პირველი ვინც აღიარა, რომ მისი სამუშაო უკიდურესი სისულელეა, სამყაროს არაფერს მატებს და მისი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
ჩვენ, შეგვიძლია, ბევრი კითხვა დავსვათ. დავიწყოთ იმით, თუ რა შეიძლება ვთქვათ ჩვენი საზოგადოების შესახებ, რომელიც წარმოშობს უკიდურესად შეზღუდულ მოთხოვნას ნიჭიერ პოეტებზე და მუსიკოსებზე, მაგრამ უსასრულო მოთხოვნას კორპორატიული სამართლის სპეციალისტებზე? (პასუხი: თუ მოსახლეობის 1% ფლობს სიმდიდრის უმეტესობას, რასაც ჩვენ ვეძახით “ბაზარს”, ეს ირეკლავს იმას, რასაც ისინი ჩათვლიან მნიშვნელოვნად და გამოსაყენებლად, და არა ვინმე სხვა), უფრო მეტიც, როგორც ჩანს იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც ამ სამუშაოთია დაკავებული, აცნობიერებს მის აბსურდულობას. სინამდვილეში. არამგონია, ოდესმე შევხვედროდი კორპორატიულ ადვოკატს, რომელიც არ ფიქრობდა, რომ მისი სამუშაო სისულელეა. და იგივე ეხება თითქმის ყველა ზემოთ ნახსენებ ახალ ინდუსტრიას. არსებობს ხელფასზე მყოფი პროფესიონალების მთელი კლასი, რომლებსაც თუ სადმე წვეულებაზე შეხვდებით და აღნიშნავთ, რომ დაკავებული ხართ რაიმეთი, რაც შეიძლება საინტერესოდ იქნას მიჩნეული (მაგალითად ანთროპოლოგიით), ისინი შეეცდებიან საუბარიც კი აირიდონ თავიანთ საქმიანობაზე. ცოტა ალკოჰოლის შემდეგ კი მოჰყვებიან, თუ რა უმიზნო და სულელურია სინამდვილეში მათი სამსახური.
ეს ღრმა ფსიქოლოგიური ძალადობაა. როგორ შეიძლება შრომის კეთილშობილებაზე საუბარი, როდესაც ადამიანი მალულად გრძნობს, რომ მისი სამუშაო საერთოდ არ უნდა არსებობდეს? როგორ შეიძლება ამან არ წარმოქნას ბრაზისა და აღშფოთების ძლიერი შეგრძნება? მაგრამ, ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული გენიალობის დამსახურებაა, რომ მისმა მმართველებმა ისევე, როგორც თევზის შეწვის შემთხვევაში, გამონახეს გზა, რათა უზრუნველეყოთ სიბრაზის მიმართვა სწორედ მათკენ, ვინც რეალურად აკეთებს მნიშვნელობის მქონე სამუშაოს. მაგალითად: ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ზოგადი წესი, რომ რაც უფრო აშკარად მომგებიანია შენი საქმე ზოგადად, ხალხისთვის, მით ნაკლები შანსია, რომ მისთვის გადაგიხადონ. რთულია ობიექტური საზომის პოვნა, მაგრამ აზრის გამოსატანად ერთი მარტივი გზა იქნება, რომ ვიკითხოთ: რა მოხდება, თუ ამ ადამიანების მთლიანი კლასი გაქრება? ვთქვათ ექთნები, მენაგვეები ან მექანიკოსები რომ გაქრენ ? შედეგი იქნება წამიერი და კატასტროფის მომტანი. მსოფლიო მასწავლებლებისა და მტვირთავების გარეშე უცბად აღმოჩნდებოდა გასაჭირში. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების გარეშეც, ან სკა მუსიკოსების გარეშე მსოფლიო იქნებოდა ნაკლები. მთლად გასაგები არ არის როგორ დაიტანჯებოდა კაცობრიობა, თუკი აღმასრულებელი ხელმძღვანელები, ლობისტები, პიარ მკვლევარები, ტელემარკეტერები, სასამართლოს ბოქაულები ან იურიდიული კონსულტანტები, ყველა ერთნაირად გაქრებოდა (ბევრი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერს საგრძნობლად გამოასწორებდა). თუმცა, გარდა ერთ მუჭა, კარგად დაფასებული გამონაკლისებისა (ექიმები), ზოგადი წესი განსაცვიფრებლად კარგად მუშაობს.
უფრო უარესია ის, რომ გაბატონებულია აზრი, თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს. ესაა ერთ-ერთი საიდუმლო ძალა მემარჯვენე ფრთის პოპულიზმისა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს, როდესაც გაზეთები აღშფთებით კიცხავენ მეტროპოლიტენის მუშაკებს, კონტრაქტზე დავისას ლონდონის პარალიზებისთვის. თვითონ ფაქტი, რომ მეტროპოლიტენის მუშებს შეუძლიათ ლონდონის პარალიზება, აჩვენებს მათი საქმის რეალურ აუცილებლობას, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ ეს აღიზიანებს ხალხს. ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს შტატებში, სადაც რესპუბლიკელებმა წარმატებით შეძლეს აღშფოთების მობილიზება სკოლის მასწავლებლების და ავტო ინსდუსტრიის მუშების წინააღმდეგ (და არა, სკოლების ადმინისტრატორების და ავტო ინდუსტრიის მენეჯერების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად იწვევენ პრობლემებს), თავიანთი სავარაუდოდ გაბერილი ხელფასების გამო. თითქოს, მათ ეუბნებიან: „შენ უნდა ასწავლო ბავშვებს ! შენ უნდა გააკეთო მანქანები ! შენ უნდა გქონდეს ნამდვილი სამუშაო ! და ამ ყველაფერთან ერთად, შენ გყოფნის გამბედაობა იმისთვის, რომ მოელოდე საშუალო კლასისთვის განკუთვნილ პენსიებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას ?!’’
თუ ვინმე დაგეგმავდა სამუშაო რეჟიმს, რომელიც სრულყოფილად შეძლებდა მომსახურებოდა ფინანსური კაპიტალის ძალაუფლებას, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გააკეთებდნენ ისინი ამას უკეთ. ნამდვილი, პროდუქტიული მშრომელები განიცდიან ულმობელ ჩაგვრასა და ექსპლუატაციას. დანარჩენები გაყოფილნი არიან დატერორებულ, შეურაცხყოფილ, უმუშევარ ფენად და მეორე უფრო დიდ ფენად, რომელსაც წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც უხდიან არაფრისთვის, თანამდებობებზე, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მათ მოახდინონ იდენტიფიცირება მმართველი კლასის პერსპექტივებსა და მგრძნობელობებზე (მენეჯერობაზე, ადმინისტრატორობაზე და ა.შ) – განსაკუთრებით მათ ფინანსურ სიმბოლოებზე, მაგრამ ამავე დროს აღვივებენ გულისწყრომას ყველას წინააღმდეგ, ვისი საქმეც უდავოდ ფლობს სოციალურ ღირებულებას. ნათელია, რომ სისტემა არასდროს ყოფილა შეგნებულად შექმნილი. ის წარმოიშვა თითქმის საუკუნოვანი შეცდომისა და მარცხისგან, მაგრამ ეს არის ერთადერთია ახსნა, რატომ არ ვმუშაობთ 3-4 საათს დღეში, მიუხედავად ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა.
(C) bodvebi
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: On the Phenomenon of Bullshit Jobs, David Graeber