ახალმა სტატიამ, რომელიც კაცებს ასწავლის, როგორ “დაეჩალიჩონ” ქალს, რომელსაც ყურსასმენები უკეთია – ანუ, გზა გადაუღობონ და მათი იგნორის საშუალება არ დაუტოვონ – ნამდვილად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამ აღშფოთებამ ასევე დღის შუქზე გამოიტანა ერთი ფენომენი: მაგალითად, ქალებს ყურსასმენები ხანდახან მხოლოდ იმიტომ უკეთიათ, რომ საჯარო სივრცეში არასასურველი კომუნიკაციის აირიდონ.
საჯარო განხილვები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ძირითადად ფოკუსირდება სექსუალურ და ოჯახურ ძალადობაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ქალების სივრცის რუტინულ ხელყოფაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან კაცების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს სექსუალური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ჩემი უახლესი კვლევის ფოკუსია, როგორ უმკლავდებიან ქალები კაცების მხრიდან მათი პირადი სივრცის დარღვევას და შევიწროებას საჯარო სივრცეში. ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ თითქმის ყველა ამ 50 გამოკითხული ქალიდან მნიშვნელოვნად აკნინებდა და უგულებელყოფდა იმ შრომის არსს, რომელსაც შევიწროების არიდების მცდელობაში ხარჯავდნენ, და ამ ყველაფრის გავლენას მათზე.
ისინი აცნობიერებდნენ რომ მუდმივად ჩართული იყვნენ რაღაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგალითად, რა გზით დაბრუნებულიყვნენ სახლში, ან სად დამჯდარიყვნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ისინი საუბრობდნენ მზის სათვალეზე და ყურსასმენებზე, როგორც რაღაც დამცავზე, ფარზე – რომლითაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ვერ გაიგეს ვიღაცისგან წამოსული სექსუალური ხასიათის კომენტარი, ან ვერ ხედავდნენ როგორ ეხებოდა რომელიმე მათგანი სასქესო ორგანოს მათ გვერდზე ჩავლისას.
ბევრი საკუთარ ტანსაცმელს განიხილავდა უსაფრთხოებასთან მიმართებაში. მაგალითად, შარფები ბევრად უფრო უსაფრთხოდ წარმოედგინათ, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში მკერდს დაიფარავდნენ. წითელი ფერი ბევრისთვის საფრთხესთან ასოცირდებოდა – როგორც ზედმეტად მყვირალა, ზედმეტად მკვეთრი, ზედმეტად ხილვადი. ზოგს გარკვეული სახის გამომეტყველება ქონდა ათვისებული, ‘’მკაცრი შეხედულების“ დასაბალანსებლად, რათა კაცებს, რომლებსაც არასდროს შეხვედრიან, „გაიღიმე“-ს მსგავსი კომენტარი არ მოეყოლებინათ.
ჩემმა რესპოდენტებმა იცოდნენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს მაინც აკეთებდნენ, მაგრამ ზოგიერთი ქცევა ნაკლებად ცნობიერი იყო. მათ არ ქონდათ გაცნობიერებული, თუ რამდენ ენერგიას ხარჯავდნენ არასასურველი კომუნიკაციის არიდებაში და რა გავლენა ქონდა ამას მათ თავისუფლებაზე.
უსაფრთხოების შრომა
დროის იმ მცირე მონაკვეთებშიც, როცა ქალები მარტო არიან საჯარო სივრცეში, სახლის საქმეებისგან ან სამსახურისგან მოშორებით – როცა ბევრი ადამიანისთვის ეს საკუთარ თავთან ყოფნის ერთადერთი მომენტია – ისინი შევიწროვებას განიცდიან.
აქ საუბარი არ არის უბრალოდ იმაზე, რომ ვიღაც კაცები თავს უფლებას აძლევენ კომენტარები გააკეთონ მათ ჩაცმულობაზე ან კითხონ თუ სად მიდიან ან რას აკეთენ. აქ საუბარია იმაზე, რომ ქალები მუდმივად იძულებულნი ხდებიან საკუთარი ფიქრებიდან ამოერთონ და ასკანერონ საკუთარი გარემოცვა. მათ თავიანთ საფიქრალზე თავისუფლად ფიქრის საშუალებაც კი არ აქვთ, იმ დამატებითი ძალისხმევის გამო, რისი გაწევაც უსაფრთხოდ ყოფნისთვის უწევთ.
ამ ტიპის „უსაფრთხოების შრომა“ ამ სამყაროსთვის შეუმჩნეველი რჩება. ის შეუმჩნეველია ამ შრომის გამწევი ქალებისთვისაც.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ამ შრომას პროფილაქტიკური ხასიათი აქვს. ეს არის ქვეცნობიერი მცდელობა შეაფასო ის, რასაც ჩემმა კვლევის მონაწილემ „პანიკის საჭირო რაოდენობა“ უწოდა – როცა არ იცი შენი ქცევა გადაჭარბებული რეაქციითაა განპირობებული, თუ სწორედ ამ რეაქციის დამსახურებაა, რომ არასასურველი კავშირი აირიდე.
პრობლემა იმაშია, რომ ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევების დათვლა შეუძლიათ, როცა მათმა სტრატეგიამ არ იმუშავა. წარმატებული შემთხვევები – მომენტები, როცა მათმა ქმედებებმა კაცი შეაჩერეს – შეუმჩნეველი რჩება.
ამ ყველაფრის გამო, ჩვენ მცდარად ვაფასებთ იმ პრობლემათა მასშტაბს, რომელსაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. სექსუალური შევიწროების მასშტაბების შეფასებებში არ ხვდება ის შემთხვევები, რომლებიც წარმატებით დაიბლოკა. და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ბრალდებათ ის შემთხვევები, როცა მათმა უსაფრთხოების სტრატეგიებმა არ იმუშავა.
სიჩუმეზე უარის თქმა ნიშნავს ისაუბრო იმ მასშტაბებზე და ხარისხზე, რითაც ქალები გამოცდიან არასასურველ კომენტარებს, ადევნებას ან ფიზიკურ შეხებას. ამას ‘’ყოველდღიური სექსიზმის პროექტი“(“Everyday Sexism project”) კარგად აკეთებს.
ეს ნიშნავს, რომ დავაწესოთ ახალი ნორმა იმ შრომის აღიარებით, რომლებსაც ქალები უბრალოდ თავისუფალი არსებობისთვის სწევენ. ამიტომაა, ნოტინგემში მიზოგინიის სიძულვილის დანაშაულად გამოცხადება საინტერესო ნაბიჯი, რომელზე თვალის მიდევნებაც ნამდვილად ღირს.
იმ ძალისხმევის სრული აღიარებით, რომელსაც ქალები საჯარო სივრცეში შევიწროებისგან თავის ასარიდებლად წევენ, ჩვენ შეგვეძლება შევცვალოთ კულტურა, რომელიც მსხვერპლს ადანაშაულებს. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ისე ლაპარაკს, თითქოს ქალებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სექსუალური ძალადობისგან თავის არიდებაზე. ქალები ამას ისედაც ყოველდღე აკეთებენ, ხშირად შეუმჩნევლადაც.
ავტორი: Jo Adetunji
2016
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: Have you ever wondered how much energy you put in to avoid being assaulted? It may shock you