ავტორი: სილვია ფედერიჩი
მთარგმნელი: ანა კამლაძე
სექსუალობა არის ხსნა, რომელიც სამუშაო პროცესის დისციპლინარულობისგან გვეძლევა. ეს რუტინაზე აუცილებელი დამატება, სამუშო კვირის ერთგვარი მოწესრიგებაა. ესაა უფლება ,,გავგიჟდეთ’’, ,,მოვეშვათ’’ იმისათვის, რომ ორშაბათობით საკუთარ სამსახურებს უფრო განტვირთულნი დავუბრუნდეთ.
,,შაბათი დღე’’ არის ,,სპონტანურობის’’ შემოჭრა, ირაციონალურობა ჩვენი ცხოვრების კაპიტალისტური დისციპლინის რაციონალობაში. იგი განსაზღვრული უნდა იყოს როგორც კომპენსაცია მუშაობისათვის და იდეოლოგიურად ასაღებენ, როგორც მუშაობისგან განცალკევებულს, ,,სხვას’’, თავისუფლების სივრცეს, სადაც სავარაუდოდ, შეგვიძლია ვიყოთ ისინი, ვინც სინამდვილეში ვართ, გვქონდეს შესაძლებლობა, დავამყაროთ ინტიმური კონტაქტები სოციალური ურთიერთობების სამყაროში, რომელშიც მუდმივად იძულებულნი ვართ დავთრგუნოთ, გადავდოთ, საკუთარი თავისგანაც კი დავმალოთ ჩვენი სურვილები.
სექსუალობა დაპირებაა, ხოლო ის, რასაც სინამდვილეში ვიღებთ, ჩვენი მოლოდინებისგან შორსაა. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ბუნებას უბრალოდ ტანსაცმლის გახდით, ჩვენ ვერ ვიქცევით ,,საკუთარი თავებად’’ მხოლოდ იმიტომ, რომ გვეძლევა დრო, სიყვარულით დავკავდეთ. მცირე სპონტანურობა შესაძლებელია, როდესაც დრო, პირობები და სიყვარულისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობა ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ჩვენი სხეულები და შეგრძნებები დაჩლუნგებულია და მათ, როგორც მექანიზმს, ვერ ჩავრთავთ; ჩვენი ,,მოშვება’’ კი უფრო მეტად ჩვენი ჩახშობილი ძალადობისა და იმედგაცრუების გამოვლინებაა, ვიდრე ჩვენი დაფარული თავისა, რომელიც მზადყოფნაშია, საწოლში ხელახლა იშვას.
სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენ მუდამ ვიცით, რომ ეს სპონტანურობა ცრუა. რამდენიც არ უნდა ვიკივლოთ, ვიხვნეშოთ და რამდენი ეროტიკული სავარჯიშოც არ უნდა გავაკეთოთ საწოლში, ორივემ ვიცით, რომ ეს მოკლე ჩართვაა, ფარსია და ხვალ ორივენი კვლავ დავუბრუნდებით ჩვენს ცივილურ ყოფას – სამსახურისთვის მზადებისას ერთად დავლევთ ყავას. რაც უფრო გავიაზრებთ, რომ ეს ფარსია, თუმცა დღის და კვირის დანარჩენი ნაწილი ამის უარმყოფელი იქნება, მით უფრო გაგვიჭირდება ვიქცეთ ,,ველურებად’’ სოციალურად სანქცირებულ სექსისთვის გამოყოფილ დროს და დავივიწყოთ ყველაფერი სხვა. ჩვენ მარტივად ვერ გავექცევით ცუდად ყოფნას. ეს ის დაბნეულობაა, რომელსაც მაშინ განვიცდით, როცა ტანზე ვიხდით სიყვარულით დაკავების მომლოდინენი, შემდგომი დილის დაბნეულობა, როდესაც უკვე დისტანციების ხელახლა შექმნით ვართ დაკავებულნი; და ბოლოს, დაბნეულობა თავის მოჩვენებისა, რომ სრულიად განსხვავებულნი ვართ იმისგან, როგორებიც დღის დანარჩენ მანძილზე ვართ.
ეს ცვალებადობა განსაკუთრებით მტკივნეულია ქალებისთვის; მამაკაცები თითქოს ამის ექსპერტები არიან, შეიძლება იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო მკაცრი სამუშაო რეჟიმის ქონას არიან შეჩვეულნი. ქალებს მუდამ აინტერესებდათ როგორ იყო შესაძლებელი, რომ ვნების ღამეული გამოვლინების შემდეგ, კაცი სხვა სამყაროში იღვიძებდა, სამყაროში, რომელიც იმდენად მოწყვეტილი იყო ქალისგან, რომ მისთვის რთული იქნებოდა კაცთან თუნდაც ფიზიკური კონტაქტის ხელახალი დამყარება. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ქალები არიან ისინი, ვინც უმეტესად სექსუალური ურთიერთობების შიზოფრენული ხასიათით იტანჯება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დღის ბოლოს სახლში ვბრუნდებით და მხრებზე მეტი სამუშაო და სადარდებელი გვაწევს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ვალდებულება, სექსუალური გამოცდილება მამაკაცისთვის სასიამოვნოდ ვაქციოთ. სწორედ ამიტომაა, რომ ქალები ძირითადად, კაცებზე ნაკლებ სექსუალურად მგრძნობიარენი არიან. სექსი ჩვენთვის მუშაობა, ვალდებულებაა. ჩვენს სექსუალობაში იმდენად გამჯდარია ვალდებულება იმისა, რომ ვასიამოვნოთ, ვისწავლეთ სიამოვნების მიღება სიამოვნების მინიჭებისგან, სიამოვნების მიღება კაცების აღგზნებისგან.
რადგანაც ჩვენგან ელიან, რომ შვება უზრუნველვყოთ, ჩვენ გარდაუვალად ვხდებით ნივთი, რომელზეც კაცებს თავიანთი ჩახშობილი ძალადობა გადააქვთ. ჩვენ გვაუპატიურებენ, როგორც ჩვენს საწოლებში ასევე ქუჩებში სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიქეცით სექსუალური კმაყოფილების უზრუნველმყოფელებად, უსაფრთხოების სარქველებად იმ ყველაფრისთვის, რაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და კაცებს ყოველთვის ეძლევათ უფლება თავიანთი ბრაზის ჩვენკენ მომართვისა იმ შემთხვევაში, თუკი ამ როლს ზედმიწევნით არ ვასრულებთ და მეტადრე მაშინ, როცა უარს ვამბობთ მის შესრულებაზე.
დაყოფა ჩვენი სექსუალობის დასახიჩრების ერთ-ერთი ასპექტია. ჩვენი სექსუალობის შრომითი ძალის კვლავწარმოებაზე დაფუძნება ნიშნავს, რომ ჰეტეროსექსუალობა თავს მოგვეხვა, როგორც ერთადერთი მისაღები სექსუალური ქცევა. სინამდვილეში, სექსუალურ კომპონენტს ყოველი ჭეშმარიტი კომუნიკაცია შეიცავს, რადგან ჩვენი სხეულები და ემოციები განუყოფელია და კომუნიკაციას ყოველთვის ორივე დონეზე ვამყარებთ. ქალებთან სექსუალური კავშირი აკრძალულია, რადგან ბურჟუაზიულ მორალში ყველაფერი, რაც არანაყოფიერია უხამსად, არაბუნებრივად, გარყვნილად მიიჩნევა. ეს ჩვენთვის შიზოფრენიული პირობების შექმნას ნიშნავს, რადგან ცხოვრებაში ადრევე უნდა ვისწავლოთ ხაზის გავლება ადამიანებს შორის, რომელთა შეყვარებაც შეგვიძლია და რომლებთანაც მხოლოდ ლაპარაკი, ვისთან სხეულის მოშიშვლება შეგვიძლია და ვისთან მხოლოდ ,,სულის’’, ხაზი უნდა გავავლოთ ჩვენს მეგობრებსა და საყვარლებს შორის. შედეგად, ჩვენ ვხდებით უსხეულო სულები ჩვენი მდედრი მეგობრებისთვის და უსულო ხორცი ჩვენი მამრი საყვარლებისთვის. ეს დაყოფა გვანცალკევებს არა მხოლოდ სხვა ქალებისგან, არამედ ერთგვარად, საკუთარი თავებისგანაც, გვიწევს რაღაც მივიღოთ და რაღაც უარვყოთ ჩვენ სხეულებსა და შეგრძნებებში – გვქონდეს ,,სუფთა’’ ნაწილები, რომლებიც წვდომისთვის გახსნილია და ,,ბინძური’’, ,,საიდუმლო’’ ნაწილები, რომლებსაც შეიძლება მხოლოდ საქორწინო სარეცელზე აეხადოს ფარდა, ,,წარმოებისას’’.
,,წარმოების’’ შესახებ არსებულმა ღელვამ გამოიწვია, რომ სექსუალობა, განსაკუთრებით ქალებში, განსაზღვრული იყოს ჩვენი ცხოვრების კონკრეტული პერიოდებისთვის. სექსუალობა ჩახშობილია ბავშვებში, ყმაწვილებში და ასაკოვან ქალებშიც. ამგვარად, წლები, რომლებშიც სექსუალური აქტივობის უფლება გვეძლევა არის წლები, რომლებშიც ყველაზე მეტად ვართ ჩაფლულნი სამუშაოში, შესაბამისად, ჩვენს მიერ სექსუალური აქტით ტკბობა მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც სექსით ვერ ვტკბებით არის ის, რომ ქალებისთვის სექსი სამუშაოა; სიამოვნების მინიჭება ნაწილია იმისა, რასაც ყოველი ქალისგან მოელიან. სექსუალური თავისუფლება ამ სიტუაციას არ ცვლის. რა თქმა უნდა, ფრიად მნიშვნელოვანია, არ ჩაგვქოლონ ,,ღალატის’’ ანდა იმის გაგების გამო, რომ ქალწულები არ ვართ, თუმცა სექსუალური თავისუფლება ბევრად მეტ მუშაობას გულისხმობს. წარსულში ჩვენგან მხოლოდ ბავშვების აღზრდას მოელოდნენ. ახლა ჩვენგან მოელიან გვქონდეს ხელფასიანი სამსახური, კვლავ დავასუფთავოთ სახლი, გავაჩინოთ ბავშვები და ორმაგი სამუშაო დღის შემდეგ, გვქონდეს მზადყოფნა, ვიქცეთ მაცდურებად საწოლში. და რაღათქმაუნდა, ეს ტკბობას უნდა გვანიჭებდეს, რადგან ჩვენი მოწყენა კაცის ვაჟკაცობას შეურაცხყოფს; პროცესით ტკბობა ის კომპონენტია, რასაც სხვა სამსახურების უმრავლესობაში არ ითხოვენ. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო წლებში აქტიურად იძიებენ, ჩვენი სხეულის რომელი ნაწილია უფრო სექსუალურად პროდუქტიული, ვაგინა თუ კლიტორი. კიდევ ერთი საკითხია, რომ ლიბერალიზებული იქნება ეს ფორმები თუ რეპრესიული, ჩვენი სექსუალობა მაინც კონტროლქვეშაა. კანონის, მედიცინის და ჩვენი ეკონომიკის დაყრდნობა კაცებზე გარანტია იმისა, რომ მიუხედავად წესების შესუსტებისა, ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაში სპონტანურობა კვლავაც შეუძლებელია. ამ კონტროლის ფუნქციაა სექსუალური დათრგუნვა ოჯახში. ამ ლოგიკით მამები, ძმები, ქმრები, სუტენიორები, ყველანი მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო აგენტები, განკარგავენ ჩვენს სექსუალურ მუშაობას, რწმუნდებიან, რომ სექსუალურ მომსახურებას ვახორციელებთ დადგენილი, სოციალურად სანქცირებული ნაყოფიერების ნორმების მიხედვით.
ეკონომიკური დამოკიდებულების არსებობა ჩვენ სექსუალობაზე კონტროლის ქონის ძირითადი საშუალებაა. სწორედ ამიტომაა, რომ სექსუალური სამუშაოთ კვლავაც ქალების დიდი ნაწილია დაკავებული და რომ პროსტიტუცია ყოველ სექსუალურ აქტს გასდევს ხაზად. ამ პირობებში, შეუძლებელია სექსში ჩვენთვის სპონტანურობა არსებობდეს და არც ჩვენი სექსუალური სიამოვნება შეიძლება იყოს არაეფემერული.
ურთიერთგაცვლისა და კაცისათვის სიამოვნების მინიჭების ვალდებულების გამო, სექსუალობას ქალებისთვის მუდამ აღელვება ახლავს და იგი სახლის სამუშაოს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს საკუთარი თავის სიძულვილს. ამასთანავე, მდედრის სხეულის კომერციალიზაცია შეუძლებელს ხდის, კომფორტში ვიყოთ საკუთარ სხეულთან მისი ფორმისა და ზომის მიუხედავად. ქალების მცირე რაოდენობას შეუძლია სიამოვნებით გაიხადოს კაცის წინაშე იმიტომ, რომ იციან – ისინი შეფასდებიან გავრცელებული სილამაზის სტანდარტების მიხედვით, რომლებიც ყველასთვის, მამრისა თუ მდედრისთვისაა ცნობილი, რადგან ისინი მიმოფანტულია ჩვენ ირგვლივ, ჩვენი ქალაქების ყველა კედელზე, ყველა ჟურნალის ყდაზე და ტელევიზორის ეკრანებზე.
იმის ცოდნამ, რომ ჩვენს გარეგნობას განსჯიან და რომ რაღაც მხრივ, ჩვენ საკუთარ თავს ვყიდით, მოსპო, გაანადგურა ჩვენი თავდაჯერებულობა და საკუთარი სხეულით ტკბობის უნარი. სწორედ ამის გამოა, რომ გამხდრები ვართ თუ პუტკუნები, გრძელ თუ მოკლე ცხვირიანები, მაღლები თუ დაბლები, საკუთარი სხეული ყველა ჩვენგანს სძულს. ჩვენ გვძულს იგი, რადგან შევეჩვიეთ მის ყურებას გვერდიდან, იმ კაცების თვალით, რომელთაც ვხვდებით, მის ყურებას გონებაში სხეულების კატალოგის ქონით. ჩვენ გვეზიზღება იგი, რადგან მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ მასზე როგორც რაღაცაზე, რაც გასაყიდია, რაღაცაზე, რაც თითქმის ჩვენგან დამოუკიდებლად იქცა და რაც მუდამ დახლზეა. ჩვენ გვეზიზღება იგი რადგან ვიცით, რამდენი რამეა მასზე დამოკიდებული. იგი განსაზღვრავს, კარგი სამსახური გვექნება თუ ცუდი (ქორწინებაში თუ სახლის მიღმა), მისი მეშვეობით შეგვიძლია მოვიპოვოთ საზოგადოებრივი ძალაუფლების გარკვეული დოზა, კავშირები, რომლებითაც გავექცევით მარტოობას, რომელიც საზოგადოებაში გველის. ჩვენ სხეულებს შეუძლიათ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდნენ, ჩვენ შეიძლება გავსუქდეთ, გაგვიჩნდეს ნაოჭები, სწრაფად დავბერდეთ, ადამიანები ჩვენდამი ინდიფერენტულებად აქციოს, წაგვართვას ინტიმურობის უფლება, წაგვართვას შეხებისა და ჩახუტების შანსები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ზედმეტად ვართ დაკავებულნი შესრულებით, სიამოვნების მინიჭებით, ზედმეტად გვეშინია შეცდომების დაშვების იმისთვის, რომ სიყვარულით დაკავებით სიამოვნება მივიღოთ. ჩვენი ღირებულების შეგრძნება ზღვარზეა ყოველ სექსუალურ ურთიერთობისას. ყოველთვის დიდი სამოვნებაა, როდესაც კაცი ამბობს, რომ საწოლში კარგი ვართ, მოგვეწონა თუ არა აქტი თავად ჩვენ; ეს ამაღლებს ჩვენს ძალაუფლების შეგრძნებას მაშინაც კი, თუ ვიცით, რომ შემდეგ კვლავ ჭურჭლის რეცხვას უნდა მივუბრუნდეთ.
ჩვენ არასდროს გვეძლევა საშუალება, დავივიწყოთ გაცვლის კომპონენტი, რადგან ვერასოდეს ვერ ვაქრობთ ღირებულებით ურთიერთობას ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობაში მამაკაცთან. ,,რამდენი?’’ არის შეკითხვა, რომელიც მართავს ჩვენს სექსუალურ გამოცდილებას. პარტნიორთან ჩვენი სექსუალური ურთიერთობის უდიდესი ნაწილი გამოთვლაშია გატარებული. ჩვენ ვხვნეშით, ვქვითინებთ, ვკვნესით, ვქშინავთ, ვხტუნავთ საწოლში, მაგრამ ამავდროულად, გონება განაგრძობს ,,რამდენის’’ თვლას: რამდენად შეგვიძლია გავიღოთ საკუთარი თავი, ვიდრე დავკარგავთ ან ფასს დავუკარგავთ მას, რამდენს მივიღებთ სანაცვლოდ. თუკი ეს პირველი პაემანია, რამდენი უნდა მივცეთ მას: შეუძლია კაბაში ხელი შეგვიცუროს, კოფთა გაგვიხსნას, ბიუსჰალტერში თითები ჩაგვიყოს? როდის უნდა ვუთხრათ, რომ შეჩერდეს, რამდენად ძლიერი უნდა იყოს ჩვენი უარი? რამდენად ღიად უნდა ვუთხრათ მას რომ მოგვწონს, რათა არ იფიქროს, თითქოს ,,იაფფასიანები’’ ვართ? შეინარჩუნე მაღალი ფასი, ესაა მთავარი წესი, ყოველ შემთხვევაში ის წესი, რომელიც გვასწავლეს. თუკი უკვე საწოლში ვართ, გამოთვლები უფრო და უფრო რთულდება, რადგან ჩვენ ასევე უნდა გამოვთვალოთ დაორსულების შანსი ისე, რომ ოხვრას, ქშენასა და ვნების გამოხატვის სხვა ფორმებთან ერთად, გონებაში სწრაფად გადავავლოთ თვალი საკუთარი ციკლის ცხრილს. სიამოვნების გაყალბება სექსუალურ აქტის დროს, ორგაზმის არქონის პირობებში, დამატებითი და მძიმე შრომაა, რადგან როდესაც აყალბებ, არ იცი რამდენად შორს უნდა შეტოპო და შიშით, ყოველთვის ან ამეტებ, ან საკმარისს არ აკეთებ. ჩვენს კოლექტიურ სოციალურ ძალაუფლებაში დიდი ბრძოლა და ნახტომის გაკეთება დასჭირდა იმის საბოლოო აღიარებას, რომ ,,არაფერიც არ ხდება’’.
სილვია ფედერიჩი, 1975
(C) ქალთა მზერა