მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს საკუთარი ეკლესია აქვს, ცოტა ჩვენგანი თუ უთმობს მას ყურადღებას. ჩვენ უფრო ძლიერი რელიგიის მიმდევრები ვართ, რომლის გარშემოც ტრიალებს ჩვენი ცხოვრება: ესაა ეკონომიკა. აბა დაფიქრდით. ეკონომიკა გვთავაზობს ყოვლისმომცველ დოქტრინას საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც მის მიმდევრებს ამ სამყაროში ერთადერთ ხსნას პირდება. ეს იდეოლოგია იმდენად შთამაგონებელია, რომ მისი მორწმუნენი მზად არიან მთლიანი საზოგადოება მისი მოთხოვნისამებრ მოაწყონ. მას თავისი გნოსტიკოსები, მისტიკოსები და ჯადოქრებო ყავს, რომლებიც გააჩენენ ფულს სრულიად არაფრიდან, ისეთი შელოცვების გამოყენებით, როგორიცაა, “დერივატივი”, ან “სტრუქტურირებული საინვესტიციო მანქანა”. და მსგავსად იმ ძველი რელიგიებისა, რომლის ჩანაცვლებაც მან მოახდინა, მას აც ყავს თავისი წინასწარმეტყველები, რეფორმისტები, მორალისტები და რაც მთავარია უმაღლესი სამღვდელოება, რომელიც მის ორთოდოქსიას მწვალებლობისგან იცავს.
დროთა განმავლობაში ეკონომისტებმა იკისრეს როლი, რომელიც ეკლესიის მესვეურებს ჩამოვართვით: ახლა ისინი გვირჩევენ როგორ მივაღწიოთ მატერიალური სიუხვის აღთქმულ მიწას და უსასრულო კმაყოფილებას. დიდი ხნის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს მათ ამ დაპირების შესრულება შეეძლოთ ისე როგორც ეს თითქმის არცერთ რელიგიას შეუსრულებია, ჩვენი შემოსავლის რამდენიმე ათასჯერ ზრდა და კეთილდღეობის რქა, რომელიც ახალი გამოგონებებს, მკურნალობებს და ტკბობას მოგვიტანდა.
ეს იყო ჩვენი სამოთხე და ჩვენც დიდად ვაფასებდით ჩვენს ეკონომიკურ სამღვდელოებას, რომელთაც გააჩნდათ სტატუსი, სიმდიდრე და ძალაუფლება საზოგადოების საკუთარი ხედვისამებრ მოსაწყობად. მე-20 საუკუნის ბოლოს, ეკონომიკური ბუმის შუაგულში, როცა ჩვენ ვნახეთ ევროპული ეკონომიკების მანამდე არნახული აღზევება, ეკონომიკამ თითქოს მთელი მსოფლიო დაიპყრო. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა ქვეყანა თავისუფალი ბაზრის ერთგულად იქცა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქტიურად დაიწყეს ამ საგანს დაწაფება, ეკონომიკა აღწევდა მიზანს, რომელიც ყველა სხვა რელიგიურ დოქტრინას დაუსხლტა: მთელი პლანეტა ექცია საკუთარ ყურედ.
და თუ ისტორია რამეს გვასწავლის, ეს არის ის რომ, როგორც კი ეკონომისტები იწყებენ თავდაჯერებულ მტკიცებას, რომ მშვიდობის და განვითარების წმინდა გრაალს მიაგნეს, ეს არსებული რეჟიმის დასასრულის მოახლოებაზე მიგვანიშნებს. 1929 წლის უოლ სტრიტის კრახის წინა დღეს ამერიკელი ეკონომისტი ირვინგ ფიშერი ხალხს ურჩევდა, რომ წასულიყვნენ და აქციები ეყიდათ. 1960-იანი წლების კეინსიანელი ეკონომისტები ამბობდნენ, რომ აღარასდროს იქნებოდა შემდეგი რეცესია, ვინაიდან მათ მოთხოვნის მართვის მექანიზმების სრულყოფას მიაღწიეს.
განსხვავებული არც 2008 წლის კრახი ყოფილა. 5 წლით ადრე, 2003 წლის 4 იანვარს, ნობელის პრემიის ლაურეატმა რობერტ ლუკასმა ღირსშესანიშნავი საპრეზიდენტო სიტყვით მიმართა ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციას. მან კოლეგებს შეახსენა, რომ მაკროეკონომიკა დეპრესიის დროს დაიბადა სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი კატასტროფა აღარ განმეორებულიყო. ლუკასმა გამოაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა ისტორიის საკუთარ დასასრულს მიაღწიეს, “მაკროეკონომიკამ ამ თავდაპირველი მნიშვნელობით წარმატებას მიაღწია,” განუცხადა მან შეკრებილთ. “მან დეპრესიის პრევენციის ცენტრალური პრობლემა გადაწყვიტა.”
ჩვენ იქამდე ვიმშვიდებთ ხოლმე თავს რომ ეკონომიკურმა სამღვდელოებამ ძველი წყევლის ნეიტრალიზება მოახერხა, სანამ ის კვლავ ჩვენს სადევნელად არ მობრუნდება: სიამაყე ყოველთვის წინ უსწრებს დაცემას. 2008 წლის კრახის შემდგომ საკუთარი თვალით ვნახეთ ჩვენი ცხოვრების გაუარესება. ამასობაში სამღვდელოება მონასტერში დაიმალა და იქიდან დაიწყო ჭიჭყინი იმაზე , თუ ვის რა შეეშალა. არცთუ ისე გასაკვირად, ჩვენი რწმენა “ექსპერტების” მიმართ გაფერმკრთალდა.
სიამაყე და მედიდურობა, რომლებიც კარგ თვისებებად ისედაც არ ითვლება, ეკონომიკაში განსაკუთრებით დამღუპველია, ვინაიდან ეკონომიკის სწავლულები უბრალოდ ბუნების კანონებს კი არ აკვირდებიან; არამედ ისინი მათ ქმნიან. თუკი მთავრობა, თავისი სამღვდელოების წინამძღოლობით, გადაწყვეტს რომ შეცვალოს საზოგადოების მიზან-სტრუქტურა ისე, რომ მოერგოს დაშვებას, თითქოს ადამიანები ეგოისტურად იქცევიან, გამოიცანით : ისინი მართლა ასე მოქცევას დაიწყებენ. ვინაიდან ისინი ჯილდოვდებიან მსგავსი საქციელისთვის და ისჯებიან სხვაგვარი ქცევისთვის. თუკი შენს მიერ მიღებული განათლება გაჯერებს რომ სიხარბე კარგია, დიდი შანსია რომ მომავალში ამ ცოდნის შესაბამისად იცხოვრებ.
მედიდურობა და ბრიყვული თავდაჯერება ეკონომიკაში, ეკონომისტების მორალური მარცხის შედეგი კი არ არის, არამედ ის მოდის მცდარი დაშვებიდან: რწმენიდან, რომ ეკონომიკა მეცნიერებაა. ეკონომიკა არ არის და ვერც იქნება მეცნიერება. მისი ოპერირება ყოველთვის ეკლესიისას გავდა. ამის გასაცნობიერებლად უბრალოდ ისტორიის გადახედვაა საჭირო.
ამერიკის ეკონომისტთა ასოციაცია, რომლის წინაშეც რობერტ ლუკასი სიტყვით გამოვიდა, 1885 წელს შეიქმნა, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკამ საკუთარი თავის ცალკე დისციპლინად გამოყოფა დაიწყო. პირველ შეხვედრაზე, ასოციაციის დამფუძნებლებმა პლატფორმა შემდეგი სიტყვებით წარადგინეს: “შრომის და კაპიტალის კონფლიქტმა წინა ხაზზე გამოიტანა სოციალური პრობლემების წყება, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია ეკლესიის, სახელმწიფოს და მეცნიერების გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე.” მსგავსი დასაწყისიდან ბოლო დეკადების საბაზრო ევანგელიზმამდე მისასვლელად დიდი გზა იყო საჭირო.
იმ დროისთვისაც კი, მსგავსი სოციალური აქტივიზმი, კონტროვერსიის საგანი იყო. ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჰენრი კარტერ ადამსმა, კორნელის უნივერსიტეტში სიტყვით წარდგენისას განაცხადა, რომ რადიკალებსაც უნდა ქონდეთ სიტყვის თავისუფლება(free speech) და ინდუსტრიალისტები დაადანაშაულა ქსენოფობიის გაღვივებაში, რათა ამით მშრომელების ყურადღება არასათანადო მოპყრობიდან სხვა საგნებზე გადაეტანათ. მან არ იცოდა, რომ აუდიტორიაში იყო ნიუ იორკის სატყეო მასალების მეფე და კორნელის უნივერსიტეტის დონორი ჰენრი სეიჯი. როგორც კი ლექცია დამთავრდა, სეიჯი უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისში შეიჭრა და განაცხადა: “ეს კაცი უნდა წავიდეს. ის ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტს”. როდესაც ამის შედეგად ადამსის უფლებამოსილება დაიბლოკა, ის საკუთარი მოსაზრებების შერბილებას დათანხმდა. ამგვარად, ასოციაციის პლატფორმის საბოლოო დრაფტიდან ამოიშალა ის ნაწილი, რომელიც laissez-faire ეკონომიკას მოიხსენიებდა როგორც “საფრთხის შემცველს პოლიტიკურად და არაჯანსაღს მორალურად”.
ასე დამკვიდრდა პატერნი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ძალაუფლების მქონეთა პოლიტიკური ინტერესები, რომელიც ისტორიულად მოიცავდა არა მარტო მდიდარ ინდუსტრიალისტებს, არამედ ამომრჩეველსაც, ახდენდნენ ეკონომიკის კანონების ფორმირებას, რომლის თავსმოხვევაც ხალხის უფრო ფართო მასაზე შემდგომ უკვე აკადემიური საზოგადოების მეშვეობით ხდებოდა.
როგორც კი რაიმე პრინციპი მკვიდრდება, როგორც ჭეშმარიტი, მის შესანარჩუნებლად იგივე მეთოდები გამოიყენება ხოლმე, როგორიც რელიგიური დოქტრინების შემთხვევაში, რომლითაც ისინი მთლიანობას ინარჩუნებენ: ეს არის ჩახშობა ან უბრალოდ ერესისგან განწმენდა. თავის ნაშრომში “სიწმინდე და საფრთხე”, ანთროპოლოგი მარი დუგლასი გვიზიარებს თავის დაკვირვებას იმის შესახებ, რომ ტაბუების ფუნქცია იყო, მათი საშუალებით ადამიანს წესრიგი დაემყარებინა ამ ერთი შეხედვით უწესრიგო, ქაოტურ სამყაროში. განსხვავებულად არც კონვენციური ეკონომიკის წინამძღვრები მოქმედებდა. რობერტ ლუკასმა ერთხელ დამაჯერებლად აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ეკონომიკამ ისე გაწმინდა საკუთარი თავი კეინსიანიზმისგან, რომ როგორც კი ვინმე სემინარზე კეინსიანურ იდეებს გააჟღერებდა, აუდიტორიაში მაშინვე ერთმანეთში ჩურჩული და სიცილი იწყებოდა. მსგავსი რეაქციები პრაქტიკოსებს ეკონომიკის ტაბუების შესახებ შეახსენებდა: ეს იყო მსუბუქი სილა ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის, მესიჯი, რომ მსგავსი უცნაური სიტყვები არც თუ ისე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებდა დამფუძნებელთა კომიტეტის წინაშე. ასეთი ჩაციკვლა წესრიგსა და თანმიმდევრულობაზე შეიძლება ნაკლებად უკავშირდებოდეს მეთოდს და მეტად მის პრაქტიკოსებს. სხვადასხვა დისციპლინებში, პიროვნული თვისებების კვლევები აჩვენებს, რომ ეკონომიკა, ისევე როგორც ინჟინერია, იზიდავს ადამიანებს, რომელთაც უჩვეულოდ ძლიერი მიდრეკილება აქვთ წესრიგისადმი და ვერ იტანენ ბუნდოვანებას.
ირონია არის ის, რომ თავის მცდელობაში, ჩამოყალიბებულიყო მეცნიერებად, თავისი ზუსტი და სწრაფი დასკვნებით, ეკონომიკამ მეცნიერული მეთოდის გარეშე “იოლად ფონს გასვლა” გადაწყვიტა. დამწყებთათვის, ის ეფუძნება სამყაროს შესახებ დაშვებათა წყებას, თუმცა სამყაროს შესახებ – არა ისეთის როგორიც ის არის, არამედ როგორც ეკონომისტებს სურს რომ ის იყოს. ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიური სამსახური მოიცავს რწმენის პროფესიას, ეკონომიკის სამღვდელოების წევრად ყოფნაც ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს რაღაც ძირეული რწმენები ადამიანის ბუნების შესახებ. სხვა დანარჩენთან ერთად, ეკონომისტებს სჯერათ, რომ ჩვენ, ადამიანები მხოლოდ თვით-ინტერესით მართული, რაციონალური არსებები ვართ. ჩვენ საფუძველშივე ინდივიდუალისტები ვართ და რათქმაუნდა მეტი ფული გვირჩევნია ნაკლებს. ეს რწმენის დოგმატები თავისთავად მტკიცებულებებად მიიჩნევა. 1930-იან წლებში დიდი ეკონომისტის ლაიონელ რობინსის მიერ აღწერილი ეკონომისტის პროფესია კვლავ რელევანტურია იმ დროიდან დღემდე მოღვაწე მილიონიბით ეკონომისტისთვის. სფეროს ძირითადი წინამძღვრები “დედუცირებულია მარტივი დაშვებებიდან რომელიც ზოგადი გამოცდილების ელემენტარულ ფაქტებს ასახავს” და ამგვარად ” იქცა ისევე უნივერსალურად, როგორც მათემატიკის ან მექანიკის კანონები და მათშიც ისევე ძნელად თუ შეიძლება ეჭვის შეტანა.”
კანონების წინამძღვრებიდან გამოყვანა ყოველთვის არსებობდა და ყოველგვარი კითხვის გარეშე, დროში დაფასებული მეთოდია. ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ ამას აკეთებდნენ მონასტრის ბერები, რომლებმაც სწავლებების მთელი კორპუსი შექმნეს. ამ მეთოდს, რომელიც თომა აქვინელმა სრულყო, ეწოდა სქოლასტიციზმი. თუმცა, ეს არ არის მეთოდი, რომელსაც გამოიყენებენ მეცნიერები, რომლებიც ითხოვენ, რომ ნებისმიერი დაშვება ემპირიულად შემოწმდეს, სანამ მასზე თეორია დაშენდება.
თუმცა, ეკონომისტები გეტყვიან, რომ სწორედ ამას აკეთბენ – და რაც მათ ბერებისგან განასხვავებთ არის ის, რომ საკუთარი ჰიპოთეზების მტკიცებულებებთან შედარება უწევთ. ეს მართლაც ასეა, თუმცა ეს განცხადება ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე მეინსტრიმ ეკონომისტები ფიქრობენ. ფიზიკოსები ერთმანეთში საკამათო საკითხების გადაჭრისას უყურებენ მონაცემებს, რომლებსაც დიდწილად ეთანხმებიან კიდეც. თუმცაღა, მონაცემები, რომლებსაც ეკონომისტები იყენებენ, მეტად საკამათოა ხოლმე. მაგალითად, როდესაც რობერტ ლუკასი ამტკიცებდა, რომ იუჯინ ფამას ეფექტიანი ბაზრების ჰიპოთეზა – რომელიც გულისხმობს, რომ რამდენადაც თავისუფალი ბაზარი ყველა შესაძლო ინფორმაციას აწვდის მოვაჭრეებს, ფასები, რომელიც მას გამოყავს, არასდროს შეიძლება იყოს მცდარი – წარმოადგენდა სიმართლეს, მიუხედავად “ზღვა კრიტიციზმისა” მან ეს ისეთივე თავდაჯერებით და დამარწმუნებელი მხარდამჭერი მტკიცებულებებით მოახერხა, როგორც რობერტ შილერმა, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. როდესაც შვედეთის ცენტრალურ ბანკს უნდა გადაეწყვიტა თუ ვის მისცემდა 2013 წლის ნობელის პრემიის პრიზს ეკონომიკაში, ის გაიხლიჩა შილერის მტკიცებას, რომ ბაზრები ხშირად არასწორ ფასს ადგენენ და ფამას მტკიცებას შორის, რომ ბაზრის ფასები ყოველთვის მართალია. მათ გადაწყვიტეს, მიუხედავად განსხვავებისა, მედალი ორივე კაცისთვის მიეცათ – ეს იყო რაღაც სოლომონური სიბრძნის მსგავსი, რომელიც მხოლოდ სიცილს თუ გამოიწვევდა, ეს რომ სამეცნიერო ჯილდო ყოფილიყო. ეკონომიკურ თეორიაში, ძალიან ხშირად, შენ გჯერა იმის, რისიც გინდა რომ გჯეროდეს. და როგორც ნებისმიერი რწმენის აქტის შემთხვევაში, შენი არჩევანი თავსა და ბოლოს შორის, ისევე აირეკლავს შენს სენტიმენტალურ პრედისპოზიციას, როგორც მეცნიერულ შეფასებას აირეკლავდა.
ის, თუ რატომ გვაძლევს მონაცემები, რომლებსაც ეკონომისტები თუ სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები ეყრდნობიან, უეჭველ პასუხებს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, ამოუხსნელ საიდუმლოს არ წარმოადგენს. იმიტომ, რომ ეს ადამიანური მონაცემებია. ადამიანებისგან განსხვავებით, სუბ-ატომური ნაწილაკები არ იტყუებიან კითხვარის შევსებისას და არ იცვლიან შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. აცნობიერებდა რა ამ განსხვავებას, თავის საპრეზიდენტო მიმართვისას ამერიკელ ეკონომისტთა ასოციაციის წინაშე, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ნობელის პრემიის ლაურეატ ვასილი ლეონტიევს მოკრძალებული ტონი ეჭირა. მან აუდიტორიას შეახსენა, რომ მონაცემები, რომელსაც ეკონომისტები იყენებდნენ მკვეთრად განსხვავდებოდა ფიზიკოსების ან ბიოლოგების მიერ გამოყენებული მონაცემებისგან. ამ უკანასკნელთათვის, გვაფრთხილებდა ის, “უმეტესი პარამეტრების მაგნიტუდა პრაქტიკულად უცვლელია”, მაშინ, როცა ეკონომიკაში დაკვირვებები მუდმივად იცვლება. მონაცემთა წყებები მუდმივად უნდა განახლდეს, თუ გვინდა რომ ის გამოყენებადი იყოს. ზოგიერთი მონაცემი უბრალოდ ცუდი მონაცემია. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ და ბევრი თავისუფალი დროის მქონე საჯარო მოხელეებს, რაც ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის შეიძლება დიდი ფუფუნება იყოს. მაგალითად, 2010 წელს განას მთავრობამ, რომელსაც აფრიკაში მონაცემთა შეგროვების ერთ-ერთი საუკეთესო უნარი აქვს, თავისი ეკონომიკური გამოშვება 60%-იანი სხვაობით გადაიანგარიშა. ჰიპოთეზის ნამდვილობის შემოწმებისას, მსგავსი გადაანგარიშება ალბათ მკვეთრად განსხვავებულ შედეგებს მოგვცემდა.
ლეონტიევს უნდოდა მათემატიკურ მოდელირებაზე დროის ხარჯვის ნაცვლად, ეკონომისტებს მეტი დრო საკუთარი მონაცემების გაცნობაზე დაეხარჯათ. თუმცა, როგორც ის დანანებით აღნიშნავდა, ტრენდი უკვე საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. დღესდღეობით, ეკონომისტი, რომელიც სოფლად დახეტიალობს, რათა უკეთ აღიქვას რას ეუბნება მონაცემები, დიდ იშვიათობას წარმოადგენს. როგორც კი ეკონომიკური მოდელი მზადაა გასატესტად, ციფრების მონელება ხდება კომპიუტერებში, რომლებიც დიდ მონაცემთა ბაზებს უკავშირდება. ეს არ არის მეთოდი, რომელიც სკეპტიკს სრულად დააკმაყოფილებდა. ისევე, როგორც ყოველთვის შეგიძლია იპოვო ციტატა ბიბლიაში, რომელიც ნებისმიერ ქმედებას გაამართლებს, ასევე ყოველთვის მოძებნი ადამიანურ მონაცემებს, რომელიც მხარს დაუჭერს შენს ნებისმიერ მტკიცებას იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს სამყარო.
ამიტომაც არის, რომ ეკონომიკური შეხედულებები დროდადრო მოდიდან გადადიან და შემდგომ კვლავ ბრუნდებიან. მეცნიერების პროგრესი ძირითადად წრფივია. როგორც კი ახალი კვლევა ადასტურებს ან ანაცვლებს არსებულ თეორიებს, მომდევნო თაობა წინაზე ფუძნდება. ამისგან განსხვავებით, ეკონომიკა ციკლურად მოძრაობს. არსებულმა დოქტრინამ შეიძლება აღზევება, დაცემა და შემდგომ კვლავ აღზევება განიცადოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკონომისტებს არ უწევთ თავიანთი თეორიების იმავე გზებით დადასტურება, რა გზებითაც ამას ფიზიკოსები აკეთებენ, ანუ უბრალოდ მტკიცებულებებზე დაკვირვებით. არამედ, როგორც მქადაგებელი ცდილობს მოიკრიბოს მრევლი, ეკომონიკური სკოლაც აღმოცენდება მიმდევრების მოგროვებით – როგორც პოლიტიკოსებში, ასევე ფართო პუბლიკაში.
მაგალითად ავიღოთ მილტონ ფრიდმანი, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი იყო. თუმცა ის დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ისე, რომ მასზე არაფერი ვიცოდით. შესაძლოა, ის ასეთივე მეორეხარსხოვან ფიგურად დარჩენილიყო, რომ არა პოლიტიკოსები, რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეთჩერი, რომლებმაც იყიდეს მისი თეორია თავისუფალი ბაზრის სასწაულების შესახებ. ამ პოლიტიკოსებმა ეს იდეა ჯერ მასებს მიყიდეს, შემდეგ კი როცა არჩეულ იქნენ, საზოგადოებაც შესაბამისი დიზაინით მოაწყეს. ეკონომისტი, რომელიც მიმდევრებს მოაგროვებს, მქადაგებლის კათედრას მიიღებს. ამავე დროს მეცნიერები, მართალია ხანდახან ფართო პუბლიკის წინაშე ჩნდებიან იმ მოტივით რომ საკუთარ კარიერას წაეხმარონ ან კვლევითი სახსრები მოიზიდონ, თუმცა ფსევდო მეცნიერებების მიღმა, ამ გზით საკუთარი თეორიებისთვის მხარდაჭერის მოპოვებას ძირითადად ვერ ახერხებენ.
თუმცა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რელიგიის წოდებით ეკონომიკას ვამხელთ ან ვაკნინებთ, ცდება. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა. მას შეუძლია დიდი სიკეთის მომტანი იყოს. მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ მხედველობაში გვექნება მისი დანიშნულება და ის თუ რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია მას.
ირლანდიელები ცნობილი არიან საკუთარი დიდებული კათოლიკური მიწის აღწერით, ანუ იმის აღწერით თუ როგორ ჩაანაცვლა პაგანიზმის უძველესი ნიმუშები მათზე თხელი შრით გადახატულმა ქრისტიანულმა ხატებმა. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს თავდადებაზე დღევანდელი ნეოლიბერალური ორთოდოქსიის მიმართ, რომელიც აქცენტს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, შეზღუდულ მთავრობაზე და თავისუფალ ბაზარზე აკეთებს. მიუხედავად კარგად გამაგრებულ დოქტრინაზე გარე დაკვირვებებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვქცეულვართ იმ ეკონომიკურ ცხოველებად, რომლებიც საჭიროა რომ ვიყოთ. იმ ქრისტიანის მსგავსად, რომელიც გამუდმებით ესწრება წირვას, მაგრამ საეკლესიო მოწოდებებს ყოველთვის არ იცავს, ჩვენც ვცდილობთ ეკონომიკურ თეორიის განჭვრეტებს დავუჯეროთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს ჩვენ გვაწყობს. ორთოდოქსი ეკონომისტების სკეპტიციზმის საპირისპიროდ, თანამედროვე კვლევები აჩვენებენ, რომ ნაცვლად იმისა, ყოველთვის პიროვნულ სარგებელზე იფიქრონ, ადამიანებს ჯანსაღი ალტრუიზმი და უანგარობაც ახასიათებთ. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ უსასრულო სიმდიდრის დაგროვება უფრო ბედნიერებს გვხდის. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით თუ ეს ჩვენს პრინციპებთანაა კავშირში, ჩვენ არ ვერთვებით რაციონალურ “სარგებლის მაქსიმიზაციის” გამოთვლებში, რომლებსაც ორთოდოქსული ეკონომიკური მოდელები თავისთავად მოცემულობად თვლიან. სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მოდელს დიდწილად ვერ ვერგებით.
ათწლეულების განმავლობაში, ნეოლიბერალი ევანგელისტები მსგავს წუხილებს პასუხობდნენ იმით, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით მოვრგებოდით მოდელს, რომელიც გარდაუვლად მიიჩნეოდა – მაგალითად ბილ კლინტონი ნეოლიბერალურ გლობალიზაციას ასახავდა, როგორც “ბუნების ძალას”. 2008 წლის ფინანსური კრიზისის და თანმდევი რეცესიის შემდგომ დასავლეთის დიდი ნაწილი გლობალიზაციის წინააღმდეგ შებრუნდა. უფრო ფართოდ, თვალსაჩინო იყო “ექსპერტული აზრების” უარყოფა, განსაკუთრებით 2016 წლის აშშ-ს არჩევნების და ბრექსიტის რეფერენდუმის დროს.
“ექსპერტთა” კლასისთვის ანუ ეკონომიკური სამღვდელოებისთვის ალბათ დიდია ცდუნება იმისა, რომ მსგავსი საქციელი რწმენას და ფაქტებს შორის გახლეჩვას დააბრალოს, სადაც რათქმაუნდა ბოლოს ფაქტები იგებენ. სინამდვილეში, გახლეჩვა ორ ურთიერთდაპირისპირებულ რწმენას – ორ სხვადასხვა მორალურ ამბავს შორისაა. ეს ეგრეთწოდებული ექსპერტები ისე გაიტაცა თავიანთმა სამეცნიერო ავტორიტეტმა, რომ ისინი დაბრმავდნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ მათივე ნარატივი მეცნიერული პროგრესის შესახებ მორალურ ამბავს ეფუძნებოდა. ეს გახდა ნარატივი, რომელსაც ბედნიერი დასასრული მათივე მთხრობელებისთვის ქონდა, ვინაიდან ის ხსნიდა მათ შედარებით კომფორტულ პოზიციას, როგორც ცხოვრებისგან მიღებულ ჯილდოს მერიტოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები მათი უნარების და მოქნილობის მიხედვით ჯილდოვდებოდნენ. ეს ნარატივი არ ტოვებდა სივრცეს სისტემის ლუზერებისთვის, რომელთა უკმაყოფილებაც მათივე ყეყია და რეტროგრადი ხასიათის ანარეკლი იყო. ანუ ისინი ფუნდამენტურად ნაკლოვანნი იყვნენ. ყველაზე კარგი, რაც ამ მორალურ ამბავს შეეძლო შეთავაზებინა ყველასთვის იყო მზარდი ადაპტაცია წესრიგთან, რომელშიც კასტური სისტემა ჩაკირული იყო. ბედნიერ დასასრულს მოწყურებული აუდიენციისთვის ეს სამწუხარო ამბავი იყო.
ამ გრანდ ნარატივის მარცხი, ეკონომიკის სტუდენტებისთვის არ უნდა გახდეს ნარატივებზე მთლიანად უარის თქმის მიზეზი. ნარატივებს ვერსად გავექცევით ადამიანურ მეცნიერებებში იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანები ვერასდროს გავექცევით მათ. ეკონომისტებისგან განსხვავებით, ეს ბიზნესებს კარგად ესმით. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატები ჯორჯ აკერლოფი და რობერტ შილერი წერენ თავიანთ ახალ წიგნში phishing for phools, ამას მარკეტერები მუდმივად აკეთებენ – თხზავენ ამბებს იმ იმედით, რომ მათში საკუთარ თავს დავინახავთ, და შემოთავაზებულ პროდუქტს ვიყიდით. აკერლოფის და შილერის მტკიცებით, ის აზრი რომ თავისუფალი ბაზრები იდეალურად მუშაობენ, რომ დიდი სახელმწიფო ჩვენი უამრავი პრობლემის მიზეზია, არის იმ ამბის ნაწილი, რომელიც ხალხს უბიძგებს, თავიანთი ქცევა შეცვალონ ისე, რომ ამ სცენარს მოარგონ. ამრიგად, მათ სჯერათ, რომ ამბის თხრობა “ახალი ცვლადია” ეკონომიკაში, რამდენადაც “მენტალური ჩარჩო, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანთა გადაწყვეტილებებს” სწორედ იმ ამბებით ფორმირდება, რომლებსაც ისინი საკუთარ თავს უყვებიან.
ეკონომისტები, უდავოდ, საუკეთესო შედეგებს დებენ მაშინ, როცა ჩვენს მიერ შექმნილ ამბებს იღებენ და გვირჩევენ თუ როგორ განვახორციელოთ ისინი. მსგავსი აგნოსტიციზმი მოითხოვს თავმდაბლობას, რომელიც ორთოდოქსულ ეკონომიკას ბოლო წლებში აკლდა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტებს არ სჭირდებათ საკუთარი ტრადიციების უარყოფა, იმისთვის რომ უარყოფილ ნარატივებს გადააბიჯონ. არამედ საკუთარ ისტორიაში ჩახედვით, მათ უნდა იპოვონ მეთოდი, რომელიც ევანგელისტურ დარწმუნებულობას და განსაზღვრულობას აგვარიდებს.
1971 წელს ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის წინაშე თავის საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისას ვასილი ლეონტიევმა თვით-კმაყოფილების საფრთხეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ მართალია ეკონომიკა იწყებდა “ინტელექტუალური რესპექტაბელურობის მოპოვებას… თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს უსიამოვნო გრძნობა გვეუფლება ჩვენი დისციპლინის ეხლანდელი მდგომარეობის გამო, ვაკვირდებით რა მის უპრეცედენტო განვითარებას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.”
აღნიშნა რა, რომ წმინდა თეორია უფროდაუფრო აშორებდა ეკონომიკას ყოველდღიურ რეალობას, მან თქვა რომ რეალური პრობლემა მდგომარეობდა ყოველდღიური საკითხებთან მიმართებით მათემატიკური მიდგომების “მეცნიერული გამოყენების საგრძნობ არაადეკვატურობაში”. იმდენი დრო იხარჯებოდა მოდელების კონსტრუირებაზე, რომ დაშვებები, რომელსაც ეს მოდელები ეფუძნებოდა, მხოლოდ შემდგომ ხდებოდა ფიქრის საგანი. “მაგრამ,” გვაფრთხილებდა ის – და ეხლა ვხედავთ, რომ საბ-პრაიმის ბუმის დროინდელი გატაცება მათემატიკური მოდელებით და მათი ნაკლოვანებების გარდაუვალი აღიარება კრახის შემდგომ, გვაჩვენებს რომ ეს გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – “სწორედ ამ დაშვებების ემპირიულ ვალიდურობაა ის , რასაც ეფუძნება მთლიანი საქმიანობის გამოყენებადობა”
ლეონტიევი ფიქრობდა რომ ეკონომიკის დეპარტამენტები უფრო და უფრო ხშირად ქირაობდნენ და ახალისებდნენ ახალგაზრდა ეკონომისტებს, რომელბსაც სურდათ წმინდა მოდელების აგება, რომელთაც მცირე ემპირიული რელევანტურობა გააჩნდათ. მაშინაც თუ ისინი ემპირიულ ანალიზს აკეთებდნენ, ლეონტიევი ამბობს, რომ ეკონომისტები იშვიათად ინტერესდებოდნენ იმით, თუ რა მნიშვნელობის მქონე ან რა ღირებულების მატარებელი იყო მათი მონაცემები. ამიტომაც მოუწოდებდა ის ეკონომისტებს, საკუთარი დაშვებების და მონაცემების კარგად შესასწავლად ჩაეტარებინათ სოციალური, დემოგრაფიული და ანთროპოლოგიური სამუშაო. მისი თქმით, ეკონომისტებს უფრო მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლათ სხვა დისციპლინებთან.
ლეონტიევის 40 წლის წინანდელი მოწოდება თავმდაბლობისკენ, იმის შეხსენებად გამოგვადგება, რომ იგივე რელიგიები, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ადამიანის თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვიან, ძალაუფლების მიღწევისთანავე საკუთარი სიმართლის აკვიატებით სხვების მანკიერებისგან განწმენდას იწყებენ. როდესაც ეკლესია შეინარჩუნებს მანძილს ძალაუფლებისგან და თავმდაბალ მოლოდინს იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ის ჩვენი ტვინის შენჯღრევას და დაგვასახინებს ახალ შესაძლებლობებს და იქნებ, ახალი სამყაროს იდეებსაც. როდესაც ეკონომისტები დაიწყებენ ამ ტიპის სკეპტიკური მეცნიერული მეთოდის ადამიანურ რეალობასთან მიყენებას, სადაც რეალობა ბოლომდე არასდროს შეიძლება იყოს შესამჩნევი, მათ შეეძლებათ დაინახონ დოგმატურობა საკუთარ მტკიცებებში და განკურნონ საკუთარი თავი.
პარადოქსულად, როდესაც ეკონომიკა გახდება უფრო მეცნიერული, ის ნაკლებად იქნება მეცნიერება. ამ ლიმიტების გაცნობიერება დაეხმარება მას საკუთარი თავის ჩვენს სამსახურში კიდევ ერთხელ ჩასაყენებლად.
ავტორი: ჯონ რაპლი, The Guardian
2017 წელი
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: How economics became a religion