ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ქალთა საკითხებზე ვწერ ან ვსაუბრობ, საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმის კოდი, გაუპატიურების კულტურა ან სექსიზმი, მე ვისმენ შემდეგ კომენტარებს: ნუთუ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არ უნდა ვღელავდეთ? ნუთუ ეს ასეთი დიდი ამბავია? ზედმეტად სენსიტიური ხომ არ ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ საკითხს რაციონალურად უდგები?
ასე. ხდება. ყოველ. ჯერზე.
და მეც ყოველ ჯერზე ფრუსტრირებული ვარ. რატომ ვერ ხედავენ?
მგონი ვიცი რატომაც.
მათ არ იციან.
მათ არაფერი იციან დე-ესკალაციაზე, მინიმიზირებაზე, ჩუმ თანხმობაზე.
ჩვენ, ქალებმაც კი, რომლებიც მუდმივად ამას ვაკეთებთ, ხშირად არ ვიცით ამის შესახებ. არადა, ჩვენ ყველას გაგვიკეთებია ეს.
ჩვენ ყველას ნასწავლი გვაქვს, იქნება ეს ინსტიქტით თუ ცდის და შეცდომის მეთოდით, როგორ მოვახდინოთ არაკომფორტული სიტუაციის მინიმიზირება. როგორ ავირიდოთ კაცის გაბრაზება და როგორ არ ჩავიგდოთ საფრთხეში საკუთარი თავი. ჩვენ ყველას დაგვიიგნორებია შეურაცხმყოფელი კომენტარი. ყველას გაგვიცინია შეუფერებელ ხუმრობაზე. ყველას გადაგვიყლაპავს ჩვენი ბრაზი, როდესაც დავუკნინებივართ.
ეს თავს კარგად ნამდვილად არ გვაგრძნობინებს. ეს უსიამოვნო, საზიზღარი შეგრძნებაა. მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ, რადგან გვეშინია, რომ არ გაკეთებამ შეიძლება საფრთხე შეგვიქმნას, სამსახურო დაგვაკარგვინოს ან ძუკნას იარლიყი მოგვარტყას. ჩვენ ნაკლები რისკის და ნაკლები გაურკვევლობის გზას ვირჩევთ.
ეს არასდროს ხდება ჩვენი ყოველდღიური საუბრის საგანი. ჩვენ არ ვეუბნებით ჩვენს შეყვარებულებს, ქმრებს და მეგობრებს ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება. იმიტომ რომ ეს ისეთი ხშირი, ისეთი ყოვლისმომცველია რომ ჩვენ უბრალოდ შეჩვეულები ვართ და ვფიქრობთ, რომ ესაა ცხოვრება.
ხოდა ვიფიქრე, რომ შეიძლება მათ არ იციან.
შეიძლება მათ არ იციან, რომ 13 წლის ასაკში უკვე ზრდასრული კაცების მხრიდან ჩვენს მკერდზე მოპყრობილი მზერის მოგერიება გვიწევდა. შეიძლება მათ არ იციან, რომ მამაჩვენის ტოლი კაცები ჩვენს შებმას ცდილობდნენ, როცა სალაროსთან ვმუშაობდით. რომ ბიჭმა ინგლისურის კლასიდან გაბრაზებული ტექსტები გამოგვიგზავნა მხოლოდ იმიტომ რომ უარი ვუთხარით. რომ ჩვენი ზედამხედველი დროდადრო ტრაკზე გვეხება. რათქმაუნდა, მათ არ იციან, რომ უმეტესად როცა ვიღიმით, ამას კბილის კბილზე დაჭერით ვაკეთებთ. რომ ხშირად გვერდზე ვიყურებით, ვითომ ვერ ვამჩნევთ. მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რამდენად ხშირად ხდება ეს. რომ ეს უბრალოდ რუტინაა. იმდენად მოსალოდნელი, რომ თითქმის ვეღარც ვამჩნევთ
რუტინა, რომელსაც უბრალოდ ვაიგნორებთ ან მინიმიზირებას ვაკეთებთ
თქვენ ვერ ხედავთ ჩვენს ჩახშობილ ბრაზს, შიშს და ფრუსტრაციას. სწრაფი, ნაჩქარევი ღიმილი და მოჭრილი სიცილი – ეს არის რაც დღის გაგრძელებაში გვეხმარება. ეს არის დე-ესკალაცია. ეს არის მინიმიზირება, შინაგანად და გარეგანადაც. სხვა გზა არც გვაქვს. სხვა შემთხვევაში მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს, რასთან გამკლავების სურვილიც უმეტესობა ჩვენგანს არ აქვს
ამის გაკეთება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ვისწავლეთ, ისე რომ ამ ყველაფრისთვის სახელი არც დაგვირქმევია. არც კი ვიცოდით, რომ სხვა გოგოებიც იგივეს აკეთებდნენ. ჩვენ საკუთარ თავს ვასწავლიდით დე-ესკალაციის ხელოვნებას. დაკვირვებით და რისკის სწრაფი შეფასებით ვსწავლობდით როგორი რეაქცია უნდა გვქონოდა ან არ გვქონოდა.
ეს არის ქალად ყოფნის რეალობა ამ სამყაროში. ეს არის, როცა სექსიზმზე ხუმრობ, იმიტომ რომ გგონია სხვა გზა არც გაქვს.
ჩვენ სწრაფ მენტალურ შემოწმებას ვაკეთებთ. ჩანს ის არამდგრადი ან გაბრაზებული? არიან სხვა ადამიანებიც ირგვლივ? ხმის ამოღება და რაიმეს თქმა გამოიწვევს თუ არა ჩვენთვის სკოლის/სამსახურის/რეპუტაციის დაკარგვას? რამდენიმე წამი გვჭირდება, რათა გადავწყვიტოთ, გავატაროთ თუ რაიმე უნდა ვთქვათ. ვამხილოთ / მივუთითოთ თავის ქმედებაზე თუ ზრდილობიანად გავიღიმოთ და თავი მოვაჩვენოთ, თითქოს არ გაგვიგია/დაგვინახავს/გვიგრძვნია.
ეს ხდება მუდმივად, და ხშირად ისიც კი არ არის ხოლმე ცხადი, სიტუაცია უწყინარია თუ საშიში.
ეს ეხება ბოსს, რომელიც რაღაც შეუფერებელს ამბობს. ეს ეხება ბიჭ მეგობარს, რომელმაც ძალიან ბევრი დალია და ეხლა მეგობრულ სექსზე გეჩალიჩება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით უთხარი, არ გინდა. ეს ეხება ბიჭს, რომელიც მაშინვე ბრაზდება თუ უარს ვეტყვით შეხვედრაზე, ცეკვაზე, ან სასმელზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩვენს მეგობრებსაც ემართებათ. ჩვენ ამას იმდენად ხშირად ვხედავთ, რომ ნორმა ხდება. ამაზე არც კი ვფიქრობთ. სანამ სიტუაცია გარკვევით საშიში არ გახდება. სანამ არ გავიგებთ რომ “მეგობარი”, რომელმაც წინა დღეს კედელთან მიგვიმწყვდია, გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. სანამ ჩვენი უფროსი პირობას არ შეასრულებს და ახალი წლის ღონისძიებაზე სამზარეულოში არ გვაკოცებს. ეს შემთხვევები უკვე გამოსარჩევია. უკვე ისეთი შემთხვევებია, რომელზეც ქმარს, შეყვარებულს ან მეგობრებს ვუყვებით
მაგრამ რა ხდება სხვა დროს? იმ დროს, როცა თავი არაკომფორტულად ვიგრძენით, ავნერვიულდით, მაგრამ სხვა არაფერი მომხდარა? რა ხდება იმ დროს, როცა გზას ვაგრძელებთ და იმ შემთხვევაზე მეორედ აღარ ვფიქრობთ?
ეს არის ქალად ყოფნის რეალობა ამ სამყაროში.
ასეთია როცა სექსიზმზე ხუმრობ, იმიტომ რომ გგონია რომ სხვა არჩევანი არც გაქვს
საშინელი შეგრძნება მუცელში იმის ცოდნისგან რომ “ჩათრევას ჩაყოლა ჯობია”.
სირცხვილის და სინანულის შეგრძნება, რომ არაფერი ვუთხარით ბიჭს, რომელმაც იქნებ წინდაუხედავადაც, მაგრამ შემაშინებელი სიტუაცია შეგვიქმნა. თუმცა, შესაძლოა სრულიად არ გეგმავდა რამე ცუდს. შესაძლოა.
ეს არის, როცა ღამით სახლში დაბრუნებისას, ტელეფონი ჯიბიდან ამოღებული გაქვს და მომზადებული ხარ დარეკვის ღილაკზე თითის დასაჭერად
როცა საკუთარი მანქანისკენ მიმავალს, გასაღები თითებს შუა გვაქვს მოქცეული, რათა შესაძლო თავდასხმისგან თავი დავიცვათ.
როცა ვიტყუებით და ვამბობთ, რომ შეყვარებული გვყავს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი “არა” არ ესმით
როცა ბარში ან კონცერტზე ხარ და ტრიალდები, რათა ნახო რომელმა იდიოტმა მოგკიდა ტრაკზე ხელი.
და იცი, რომც გამოიჭირო, დიდი შანსია არაფერი უთხრა.
ასეთია, როცა ამ ყველაფერს არ ვეუბნებით ჩვენს ქმრებს, მშობლებს ან მეგობრებს, იმიტომ რომ ეს ხომ უბრალოდ მოცემულობებია, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
ასეთია, როდესაც მუდმივად თან დაგვყვება მოგონებები, იმ დროიდან როცა თავს დაგვესხნენ ან გაგვაუპატიურეს.
ასეთია გაუპატიურების ისტორიები, რომლებსაც ჩვენი მეგობრების ტირილით გვიმხელენ.
ასეთია იმის გაცნობიერება, რომ თუ მაინც კონფრონტაცია ავარჩევთ საფრთხე რეალური იქნება. რომ ეს არ არის ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი. ჩვენ ბევრ ქალს ვიცნობთ, ვიზეც იძალადეს და გააუპატიურეს.
მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ იგნორი და თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი ხდება, არავის ეხმარება.
მხოლოდ ეხლახანს მივხვდი, რომ უამრავმა ბიჭმა არ იცის ამის შესახებ. მათ შესაძლოა გაუგიათ, შესაძლოა დაუნახავთ და ჩარეულან კიდეც, მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ რამდენად ხშირია ეს. რომ ეს ქალებისთვის მთლიანად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვიქცევით და რას ვამბობთ.
შეიძლება უკეთესად უნდა ავუხსნათ. ან იქნებ ჩვენივე გონებაში უნდა შევეშვათ უგულებელყოფას და მინიმიზირებას?
რა შეიძლება ვთქვათ ბიჭებზე, რომლებიც მხრებს იჩეჩავენ და უინტერესოდ გამოიყურებიან როდესაც ქალები სექსიზმზე ლაპარაკობენ? რომ ისინი ცუდები არ არიან. მათ უბრალოდ ჩვენი რეალობით არ უცხოვრიათ. ჩვენ კი არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, რას გავდივართ ყოველდღიურად და როგორ ეცოდინებათ?
შესაძლოა ჩვენთვის ეს იმდენად ნორმაა, რომ არც კი გვიფიქრია რომ მათთვის ამაზე გვეთქვა?
მივხვდი, რომ მათ არ იციან ამ ყველაფრის მასშტაბი და ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი რეალობა ასეთია. მათ არ ესმით ჩემი გაცოფება ქალის ჩაცმულობაზე გაკეთებული კომენტარის გამო. როცა მაღელვებს ყოველდღიური სექსიზმი, რომლის შემსწრეც ვარ… როცა ვიცი რისი ატანა უწევთ ჩემს ქალიშვილს და მის მეგობრებს… მათ არ ესმით რომ ეს მხოლოდ დიდი აისბერგის პატარა ნაწილია.
იქნებ არც უნდა ველოდეთ, რომ თვითონ მიხვდებიან რამდენად ყოვლისმომცველია ყოველდღიური სექსიზმი, სანამ ასეთი შემთხვევის დროს არ მივუთითებთ ხოლმე? ეხლა ვხვდები, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მაშინაც, როცა უბრალოდ მაღაზიაში შევდივართ, ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ. არაცნობიერად, ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს გარემოს და შესაძლო საფრთხეებს.
მცდელობა, რომ ამისგან დიდი ამბავი არ შევქმნათ, არავის ეხმარება.
ჩვენ დე-ესკალაციას ვაკეთებთ.
ჩვენ სრულებით ვაცნობიერებთ ჩვენს მოწყვლადობას. რომ კაცს მანქანის სადგომიდან ძალიან ადვილად შეეძლო ჩვენი ფიზიკური დაჯაბვნა და რაც მოესურვებიდა იმის გაკეთება.
ამას ნიშნავს ქალად ყოფნა.
ჩვენ უკვე სექსუალიზებულნი ვიყავით იმ ასაკში, როცა არც კი ვიცოდით, ეს რა იყო. ჩვენ ქალებად ჩამოვყალიბდით მაშინ, როცა ჩვენი გონება სრულიად უმანკო იყო. ჩვენ მზერებს და კომენტარებს ვიღებდით იქამდე, სანამ მანქანის ტარების ასაკს მივაღწევდით. ზრდასრული კაცებისგან. ჩვენ არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ არ ვიცით რა გავაკეთოთ, ამიტომ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ. ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ვისწავლეთ, რომ რეაქციის ქონა, ყოველ ჯერზე, როცა თავს არაკომფორტულად ვიგრძნობთ, ჩვენს უსაფრთხოებაზე კარგად არ აისახება. ჩვენ ვაცნობიერებთ რო ფიზიკურად უფრო სუსტები ვართ. რომ კაცებს შეუძლიათ გვაჯობონ, თუკი მოინდომებენ. ამიტომ მივმართავთ დეესკალაციის და მინიმიზირების ტექნიკებს.
ასე რომ შემდგომში, როცა ქალი გეტყვით, რომ ქუჩაში რაღაც მოაძახეს და ამის გამო თავი ცუდად იგრძნო, ნუ უარყოფთ მათ გამოცდილებას. უბრალოდ მოუსმინეთ.
როცა თქვენი ცოლი დაიწუწუნებს, რომ სამსახურში “საყვარელოთი” მიმართავენ, მხრებს აპათიურად ნუ აიჩეჩავთ. მოუსმინეთ.
შემდეგში, როცა გაიგებ ან წაიკითხავ, რომ რომელიმე ქალი სექსისტურ ენას აკრიტიკებს, ნუ შეეცდები მის დამცირებას. მოუსმინე.
როცა შენი შეყვარებული გეტყვის, რომ რომელიმე ბიჭის დამოკიდებულებამ საუბრის დროს თავი არაკომფორტულად აგრძნობინა, მხრებს ნუ აიჩეჩავ. მოუსმინე.
მოუსმინე, იმიტომ რომ შენი გამოცდილება იგივე არ არის, რაც მისი.
იმიტომ რომ მისი წუხილი ვალიდურია და არა გადაჭარბებული ან გაზვიადებული.
იმიტომ რომ, ვიღაც ვისაც ის იცნობს, ერთ დროს შეავიწროვეს ან გააუპატიურეს. მან იცის რომ ეს საფრთხე მასაც ნებისმიერ დროს ემუქრება
იმიტომ რომ უცხო კაცისგან უბრალო კომენტარიც კი მასში შიშის ტალღებს იწვევს
იმიტომ რომ მას არ უნდა რომ მისი გამოცდილება მისმა ქალიშვილებმაც გაიზიარონ.
მოუსმინე, იმიტომ რომ არასდროს არაფერი დაშავებულა მოსმენით
უბრალოდ. მოუსმინე.
ავტორი: Gretchen Kelly
2015
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: The Thing All Women Do That You Don’t Know About