3 დისკურსი სექსუალობის შესახებ

(ნაწყვეტი ვენდი ჰოლვეის ნაშრომიდან “გენდერული განსხვავება და სუბიექტურობის წარმოება”, 1984)

გენდერული განსხვავების უახლესი ისტორია      

პირველ რიგში, მინდა წარმოვადგინო გენდერული განსხვავების საკითხი და სუბიექტურობის განუყოფელობა სოციალურის სფეროსგან, ჩემივე გენდერის წინააღმდეგობების შეჯამებით. რას ნიშნავს ქალად ყოფნა ჩემს კლასსა და კულტურაში? მე გავიზარდე 1950-იან და 60-იან წლებში დასავლურ ინდუსტრიულ საზოგადოებაში, საშუალო კლასის ოჯახში, სადაც განათლება და მისგან მონიჭებული კარიერული შესაძლებლობები – ყველა მნიშვნელოვან ასპექტში – ჩემთვისაც ისევე ხელმისაწვდომი იყო, როგორც ბიჭებისთვის. განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობა, უნისექსი და ლიბერალური შემწყნარებლობა, ეს ის იდეები იყო , რომლებიც პრინციპის დონეზე მაინც, გენდერულად ნეიტრალური იყო. უნივერსიტეტში ყოფნის მანძილზე ჯიბეში იმდენივე ფული მედო, რამდენიც ჩემს ბიჭ თანაკურსელებს (თუმცაღა, ისეთივე კარგად ანაზღაურებად საზაფხულო სამუშაოებს ვერ ვშოულობდი). კონტრაცეპტიული აბი ნიშნავდა, რომ სექსუალური ურთიერთობების ქონა დედობის გარეშეც შემეძლო.

იყო კაცივით კარგი

ადრეული თანამედროვე ფემინიზმი(Greer,1971; Firestone,1972) ჩემნაირ ქალებს ეუბნებოდა რომ ჩვენ კაცებთან თანასწორები ვიყავით, იმიტომ რომ ვიყავით მ ა თ ნ ა ი რ ე ბ ი.  ეს კარგად ერგებოდა ჩემს პრე-ფემინისტური პერიოდის დაშვებებსაც რომ კაცები წარმოადგენდნენ ყველაფერს საინტერესოს, პატივსაცემს, ძლევამოსილს და სასურველს. კაცები მიზიდავდა  ძირითადად იმიტომ, რომ მსურდა მათნაირი ვყოფილიყავი. ვისწრაფვოდი ე.წ ‘მასკულინური უნარების’ განვითარებისკენ. მაგალითად, ვისწავლე საკუთარი მანქანის შეკეთება, სახლის აგება და ელექტრული წრედების კონსტრუირება. კარიბჭესთან  გამოწვდილ დახმარების ხელს აბუჩად ვუყურებდი და მსურდა ისევე მეარა, მეცურა, მერბინა და მეტარებინა(ტრანსპორტი)- ისევე შორს და სწრაფად, როგორც ჩემს კაც კომპანიონებს. რატომ იყო ეს პრობლემა? თანასწორობა ხომ სასურველი უნდა ყოფილიყო? კაცებთან მსგავს შეჯიბრებითობაში ყოფნა ქმნიდა ერთ აუცილებლობას – საკუთარი თავის, როგორც ქალის, ნეგატიურ განსაზღვრას.  აღმნიშვნელ ‘’ქალის’’ კვლავწარმოება ხელუხლებლად გრძელდებოდა. ქალები ის  ჯგუფი იყო, რომლის გარეთაც მოვიაზრებდი თავს. როდესაც ქალებზე განზოგადებას ვაკეთებდი (თითქმის ყოველთვის დამამცირებელს), ჩემს თავს არ მივაკუთვნებდი ჯგუფს, რომელზეც ვლაპარაკობდი.

განსხვავება, როგორც ‘’სხვად ყოფნა’’    

როგორც ჩემი მოგონებებიც აჩვენებს, ქალებს და კაცებს შორის განსხვავება  არ იყო უბრალოდ ნეიტრალური განსხვავება. ის ემყარებოდა (ქალის) ‘’სხვად’’ მონიშვნის პრინციპს (de Beauvoir, 1972). პრაქტიკების უმეტესობაში, კაცივით ყოფნა ნიშნავდა ქალივით არ ყოფნას. ეს არის საკვანძო თვისება და კრიტიკული მახასიათებელი გენდერული განსხვავებებისა. ის ასევე ნიშნავს, რომ თანასწორობა, ამ სიტყვის ადრეული გაგებით, წარმოშობს ურთიერთწინააღმდეგობებს, იმის ნაცვლად რომ უბრალოდ დამატებითი და შემავსებელი შესაძლებლობები შემოგვთავაზოს. ის ასევე, დიდი ალბათობით, წარმოშობს რეაქციას.

ჩემი კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც თავის 20-იან წლებში სქესი შეიცვალა და ქალი გახდა, აღწერს  რას გრძნობდა ბიჭად ყოფნასთან დაკავშირებით თავისი ცხოვრების ადრეულ წლებში:

შეილა: საკითხი არ მდგარა ასე – ვინ მინდოდა რომ ვყოფილიყავი, საკითხი იდგა ასე – ვინ არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი. იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად ეჯახებოდა რეალობას: უნდა ეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ, უნდა ეკეთებინა ის,  რასაც ასწავლიდნენ  და ეს ადამიანი ჯანყდებოდა.

რამდენადაც ბიჭებისთვის და კაცებისთვის ალტერნატიული გენდერულად-დიფერენცირებული პოზიციები მკვეთრად გამიჯნული და ერთმანეთთან შეუთავსებელია, ქალებისთვის და გოგოებისთვის უფრო ადვილია მათ შორის მოძრაობა (მათში ლავირება). თეორიულ დონეზე, საკმაოდ ადვილია დავინახოთ რატომაც: ‘’კაცი’’ და ‘’ადამიანი’’ სინონიმებად გვევლინება დასავლურ, პატრიარქალურ აზროვნებაში. ამას მოწმობს ტერმინების ‘’კაცი’’ ‘’კაცობრიობა’’ და არტიკლების ‘’he/him’’ უნივერსალური მნიშვნელობით გამოყენება. როგორც ქალებს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვცდილობდეთ, რომ აღგვიქვამდნენ ‘’ქალებად’’ და ‘’ადამიანებად’’. ლოგიკურად, აქ წინააღმდეგობა(შეუსაბამობა) არაა. თუმცაღა, ვინაიდან ‘’ადამიანი’’ შედგება ყველა იმ თვისებისაგან, რომლებიც კაცის თვისებებად მიიჩნევა, სწორედ ამაში მდგომარეობს საფუძვლადმდებარე წინააღმდეგობა. ვფიქრობ ამ წინააღმდეგობას თავი იმით გავართვი რომ ‘’კაცივით კარგი’’ ვიყავი (ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ვყოფილიყავი) საჯარო ცხოვრებაში და კონკურენტულიც კი კაცებთან ურთიერთობაში. ამავე დროს, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში ყოფნის შედეგად, მე შევინარჩუნე ჩემი ფემინური იდენტობა. მას მერე რაც გავიზარდე, კაცთან რამდენიმე ურთიერთობაში ვიყავი და რაც არ უნდა კარგი ვყოფილიყავი რაიმეს კეთებაში – ისინი მაინც მუდამ იქ იყვნენ – კაცები, რომლებმაც ჩემზე მეტი იცოდნენ,  კაცები, რომელთაგანაც მე უნდა მესწავლა – ეს იყო ჩემი ფემინურობის გარანტი. კაცების ეს თვისებები რომ ჩემი ‘’ფემინურობის გარანტი’’ ხდებოდა აჩვენებს, იმას რომ განსხვავებები, რომელიც გენდერს მიეწერება, თავისი არსით ნეიტრალური არ არის. ჩემი პოზიცია კაცებთან მიმართებაში აჩვენებს გენდერული სუბიექტურობის არა-უნიტარულ ბუნებას. ბევრ სფეროში, მე ვესწრაფოდი მსგავსებას, ისევ და ისევ მინიჭებული მნიშვნელობის გამო. ამავე დროს შევინარჩუნე განსხვავება.

გენდერული განსხვავება სექსუალობასთან დაკავშირებულ 3 დისკურსში

ფუკოს ტერმინი დისკურსი ისტორიულია, რაც გადამწყვეტია კონცეპტის ანალიტიკური ძალისთვის. დროებით გადახვევას გავაკეთებ, რათა ავხსნათ, თუ როგორ ქმნის გარკვეულ მომენტებში სხვადასხვა, ერთდროულად არსებული და პოტენციურად წინააღმდეგობრივი დისკურსები სექსუალობის შესახებ, სხვადასხვა პოზიციებს და სხვადასხვა ძალაუფლებებს ქალებისთვის და კაცებისთვის. გამომდინარე ჩემი მიზნიდან, მოვახდინო სუბიექტურობის თეორეტიზება და თუ როგორ ხდება დისკურსში მისი რე-პროდუქცია, პერსონალური გენეალოგიები ანალიზის განუყოფელი ნაწილი ხდება.

შეგროვებული მონაცემების წაკითხვისთვის მე გამოვყავი სექსუალობასთან დაკავშირებული 3 დისკურსი: კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსი; ყოლა/გამოჭერის დისკურსი; და სექსუალური შემწყნარებლობის(ნებადართულობის, პერმისიული) დისკურსი. ამ სამამდე მივედი შემდეგი კომბინაციით: საკუთარ ცოდნა + რას მეუბნებოდა მონაცემები (მიდგომა რომელსაც გლეისერი და სტრაუსი უწოდებენ ‘’დამიწებულ თეოიას/grounded theory’’, 1967). ჩემი და ჩემი კვლევის მონაწილეების დაშვებები რათქმაუნდა საერთო ისტორიულ წარმოებას იზიარებენ. ისინი მკითხველის უმეტესობისთვისაც ადვილად საცნობი იქნება. ზოგიერთი დაშვება უფრო ფართოდ გავრცელებულია. (სინამდვილეში, ზოგი იმასაც იტყვის რომ კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსი უნივერსალურია და შესაბამისად ასაბუთებს მტკიცებას, რომ ის კაცის სექსუალობის ბიოლოგიურ ‘’ფაქტს’’ ეფუძნება).

კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსი

ეს ერთგვარ შესავალს საჭიროებს, ვინაიდან ის იმდენად ნაცნობი და ყოვლისმომცველი – იმდენად ჰეგემონური და დომინატურია – სექსუალობასთან დაკავშირებული მნიშვნელობების წარმოებაში. კაცმა მეგობარმა შეაჯამა ის მოკლედ: ‘’მე მინდა სექსი. მე მჭირდება სექსი. ყოველთვის მინდოდა და მჭირდებოდა სექსი. ყოველთვის ვისწრაფვოდი სექსისკენ’’. მისი მთავარი პრინციპია, რომ კაცის სექსუალობა პირდაპირ მომდინარეობს  ბიოლოგიური ლტოლვიდან, ფუნქციიდან, რომელიც სახეობების გამრავლებისთვის აუცილებელია. დისკურსი ყველგანაა ყოველდღიურ დაშვებებში და მისი კვლავწარმოება და ლეგიტიმაცია ხდება ექსპერტების მიერ, ფსიქოლოგების ჩათვლით. მაგალითად, ანტონი სტორი ამბობს, რომ ‘’კაცის სექსუალობა, გამომდინარე ძებნის/გამოდევნების და პენეტრაციის პრიმიტიული საჭიროებიდან, შეიცავს აგრესიულობის მნიშვნელოვან ელემენტს; ელემენტს, რომელსაც ცნობს და დანებებით პასუხობს ქალი. (The Observer, 24 მაისი 1981)

სამეცნიერო ახსნა-განმარტებების მოშველიებით დისკურსისთვის სერიოზული და პატივსაცემი ადგილის მინიჭების უახლესი მაგალითია გლენ ვილსონის(1979) მიერ სოციო-ბიოლოგიის გამოყენება სქესობრივი განსხვავების ფემინისტურ ანალიზებზე თავდასხმისთვის, ანალიზებზე, რომელიც ქალთა ჩაგვრის სოციალურ თეორიებზე დგას. მისი არგუმენტის ეფექტი და მიზანია ქალების მდგომარეობა ბიოლოგიურად დეტერმინირებულად და შესაბამისად, შეუცვლელად წარმოაჩინოს. სხვაგან მაქვს ნაჩვენები თუ რამდენად მოწყვლადია ფსიქოლოგია მსგავსი ბიოლოგიზმების მიმართ საკუთარი ისტორიის და თეორიული საწყისი წერტილების გამო.

ყოლა/გამოჭერის დისკურსი

მისი ფოკუსი არა პირდაპირ სექსუალობაა, არამედ ქრისტიანული იდეალები ასოცირებული მონოგამიასთან, პარტნიორობასა და ოჯახურ ცხოვრებასთან. ეს დაყოფა ცოლად და საყვარლად, ქალწულად და ბოზად, ღვთისმშობლად და ევად, მიგვანიშნებს თუ როგორ მონაწილეობს ის ‘’კაცის სექსუალური ლტოლვის’’ დისკურსთან ერთად, კაცის სექსუალური პრაქტიკების წარმოებაში. ზოგიერთ ასპექტში ეს დისკურსები ერთმანეთთან შეთავსებადია. მაგალითად, ორივე იზიარებს დაშვებებს, რომლის მიხედვით სექსუალობა რეპროდუქციაზეა მიბმული, ასევე იმას, რომ სექსი ჰეტეროსექსუალურია. ამავე დროს, ორივე სხავადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო სტანდარტს გვთავაზობს კაცის ქცევასთან დაკავშირებით.

ამ წინააღმდეგობის გადაჭრა კაცებისთვის,  მისი ქალებზე გადატანით ხდება.  ქალები ან ზემოთნახსენებ ორ კატეგორიად იყოფიან, ან, როგორც ბოლო დროს ვხედავთ, ქალს მოეთხოვება იყოს ორივე. შედეგად ვიღებთ ორმაგ სტანდარტს (რომელზეც საყოველთაო ცნობიერების და ფართო კრიტიკის პირობებშიც კი ვერ ხერხდება პრაქტიკების მთლიანად შეცვლა): კაცის სექსუალობა გაიგება კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსის გავლით: მათგან მოელიან სექსუალურ თავშეუკავებლობას და კონტროლის უუნარობას – ‘’ეს მათ ბუნებაშია’’

ქვემოთ მოყვანილი მამაკაცის წერილი Spare Rib-იდან(ბრიტანული ფემინისტური ჟურნალი) გვაჩვენებს როგორ შეიძლება ეს დისკურსები თანაარსებობდეს კონკრეტული ადამიანის შეხედულებებში:

როგორც ზრდასრული კაცი, მე სრულად მხარს ვუჭერ  ამ ახალ ‘’ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ’’ კამპანიას, იმ დაშვებით რომ სხვა მხარდამჭერებიც გააცნობიერებენ რომ კაცების უმრავლესობა ღირსეული, მაღალი პრინციპების მქონეა და ქალებს პატივს სცემენ  როგორც თანასწორ პარტნიორებს, და მხოლოდ მცირე პროცენტია უხეშად ანტი-სოციალური. მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ რა ცხოველიცაა კაცი, თვლით თუ არა რომ გამოსავალი კარგად ორგანიზებული, მთავრობის მმართველობაში მყოფი ბორდელებია, რომელიც დააკმაყოფილებს მარტოხელა, სექსუალურად ფრუსტრირებული კაცების დიდ ნაწილს ჩვენს საზოგადოებაში? (Spare Rib, 104, მარტი 1981)

სურათი ბევრად გართულებულია ქალების შემთხვევაში. ჩვენი ასექსუალობის დაჟინებული მტკიცების მიღმა არის რწმენა, რომ ჩვენი სექსუალობა აღვირახსნილი, მოურჯულებელი და საშიშია და უნდა იყოს გაკონტროლებული. ეს ბევრად ექსპლიციტურია ხმელთაშუა ზღვის კულტურებში, სადაც ქალები ტრადიციულად იყოფიან ორ კატეგორიად: ‘დაცემულებად’ და ‘’ჯერ არდაცემულებად’’ (Du Boulay, 1974). ნაგულისხმევია რომ ქალის სექსუალობა გარდაუვალი და საშიშია. (ის არ განისაზღვრება როგორც ნაკლებობა, როგორც პოსტ-ვიქტორიანულ ჩრდილო ევროპაში). ამგვარად, ოჯახის ღირსების შენარჩუნების ერთადერთი გზა კაცის კონტროლზე ქალის სრული დაქვემდებარებაა. აქ კაცები ქალებზე პროეცირებენ მოუხელთებელ და ყველგანმყოფ სექსუალობას, რაც ირაციონალურ ეჭვიანობას წარმოშობს (Moi, 1982). მოგვიანებით შევეხები ამ საკითხს კაცის ‘’სხვის სურვილის’’ კონტექსტში და განვიხილავ მათი პროექციების მიზეზებს, რათა თავიდან ავირიდოთ დაშვებები, რომ ამას  ქალის სექსუალობასთან რაიმე საერთო აქვს.

ყოლა/გამოჭერის დისკურსის თანახმად, ქალის სექსუალობა განიხილება როგორც ნაკლებობა; შესაძლებლობა რომელიც აცილებულია ქმარზე და შვილებზე ზრუნვის წინ დაყენებით. მაგალითად, ეუსტას ჩესერი, ლიბერალი სექსუალური რეფორმისტი 1950-იან წლებში, ამტკიცებდა რომ სქესობრივი აქტი ქალებისთვის უბრალოდ პრელუდია იყო მათი ‘’დედობრივი ინსტიქტით’’ კმაყოფილებაში და ‘’ოჯახური ცხოვრების სიხარულის პოვნაში’’(ციტირებულია Campbell, 1980).

გენდერულად-დიფერენციული პოზიციები

სანამ სექსუალური შემწყნარებლობის დისკურსზე გადავალ, მინდა აღვნიშნო პირველი ორი დისკურსის თანაარსებობის მთავარი გავლენა გენდერულ განსხვავებაზე. საქმე იმაში კი არაა, რომ ქალის სექსუალობა კაცის სექსუალური ლტოლვის დიკურსში არ არის აგებული, არამედ იმაში,  რომ ქალი მისი ობიექტია. ქალის პოზიცია ამ მნიშვნელობების წყებაში არის ობიექტის, რომელიც აჩქარებს(precipitates) კაცის ბუნებრივ სექსუალურ ჟინს:

უილი: რათქმაუნდა ახალგაზრდობაში ვგრძნობდი რომ ეს ძალიან უპიროვნო სექსუალობა იყო.  ეს არ გამომდინარეობდა ქალის რაიმე ქმედებიდან. ამას უფრო ჩემი საჭიროებები მიშვრებოდა. ნებისმიერ ქალზე შეიძლება დამმართნოდა ეს – მაშინაც კი თუ ის ჩემს არსებობას საერთოდ ვერ  ამჩნევდა. სწორედ ამას ვგულისხმობ როცა ვიძახი, რომ აბსტრაქტულ, უპიროვნო სექსუალობას ვყავდი დამონებული.

თუმცა, არშიყობის და სექსუალური ქმედებების პრაქტიკებში, ქალები კაცის სექსუალური ლტოლვის უბრალოდ უბედური მსხვერპლნი არ არიან. ანჯელა მაკრობი ახალგაზრდა მშრომელთა კლასის გოგოების შესახებ თავის ნაშრომში ასკვნის რომ ‘’მათი მიზანია მიიზიდონ და შეინარჩუნონ კაცი’’ (McRobbie, 1978).  ფემინურობის საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკებში გარანტირებულადაა მოაზრებული, რომ კაცისთვის მიმზიდველად ყოფნას გარკვეული სტატუსი და ძალაუფლება მოაქვს ქალებისთვის. იმისთვის რომ კაცი მიიზიდონ, ქალებმა შეიძლება კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსში ობიექტის პოზიცია დაიკავონ. ხშირად მიიჩნევა, რომ ქალები კაცებს ‘’ხაფანგში აბამენ’’, ‘’გამოიჭერენ’’(trapping) სექსუალური მიმზიდველობის ძალით. მაგრამ სექსი ასევე თავის მნიშვნელობას იღებს ყოლა/გამოჭერის დისკურსიდან. მაგალითად:

დოტი: იმ ერთხელ, როცა ჩარლზთან მქონდა სექსი, ძალიან კარგი გრძნობა იყო, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა იმ მომენტში. თუმცა ორგაზმი არ მქონია … შეიძლება ძლიერი დაძაბულობა ან რაღაც ეგეთი მქონდა. არვიცი, ძაან აღგზნებული ვიყავი.   საქმე იყო თვითონ იდეაში, რომ მასთან მქონდა სექსი და არა სხვასთან.. ამის წარმოდგენა ძლიერ ფიზიკურ მღელვარებას იწვევს. ეს აძლიერებს ჩემს რწმენას რომ ის რაც ინვესტირებულია, სწორედ იდეაშია. მე მასზე შეყვარებული ვიყავი. თვითოს სექსში კი არ იყო საქმე, არამედ მისგან მონიჭებულ უფლებაში, ჩემი თავი დამენახა, როგორც მასთან ურთიერთობაში მყოფი. ცხადია არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.

მიუხედავად საკუთარი თავის სექსუალური შემწყნარებლობის დისკურსში(იხილეთ ქვემოთ) პოზიციონირებისა, იმის თქმით რომ ‘’ცხადია’’ მას არანაირი უფლება არ ქონია ურთიერთობაზე, დოტის მიერ მისი ამ ერთჯერადი სექსუალური ურთიერთობის და საკუთარი ფიზიკური რეაქციის წაკითხვაც აგებულია ყოლა/გამოჭერის დისკურსთან ასოცირებული მნიშვნელობების გავლით. სხვა ეპოქაში ‘’კაცის გამოჭერა’’-ში ქორწინება იქნებოდა ნაგულისხმევი. დღეს იგულისხმება ურთიერთობის სურვილი. აქ ქალი პოზიციონირდება როგორც ყოლა/გამოჭერის დისკურსის სუბიექტი. მიუხედავად იმისა, რომ დოტს და ჩარლზს ამ საკითხზე არც კი ულაპარაკიათ, ეს მნიშვნელობები მისი გრძნობებისგან განუყოფელი იყო. ჩვენ არ ვიცით ჩარლზმაც დააპოზიციონირა თუ არა დოტი ყოლა/გამოჭერის დისკურსში. ამ შემთხვევაში, დისკურსში კაცი ობიექტის პოზიციას იკავებს ხოლმე. ეს ქმნის მნიშვნელობებს და გავლენას ახდენს ზოგიერთი კაცის პრაქტიკებზე. მაგალითად, ჯიმი თავს არიდებდა შემთხვევით სექსუალურ ურთიერთობებს იმის გამო, თუ რა მნიშვნელობის მქონე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ვალდებულებებთან მიმართებაში. ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა მთავარ დაშვებად მოცემულია, რომ ურთიერთობა არის ის, რაც ქალს უნდა. სანაცვლო პოზიცია(რომ კაცს არ უნდა) ასევე ნათელია:

ჯიმი: შეგრძნება რომ სექსი რაღაცნაირად საშიში იყო. თუ სექსი გქონდა ეს ნიშნავდა, რომ გარკვეულწილად ვალდებულებებთან გიწევდა შეხება – მე კი ეს არ მინდოდა. თუ მაინც გქონდა სექსი ისე ურთიერთობის გარეშე, რაღაცნაირად მძღნერივით შეგრძნება იყო, რომ მხოლოდ ერთი ნაწილი გქონდა მეორეს გარეშე.

სექსუალური ნებადართულობის დისკურსი

კვლევის მონაწილეების (საშუალო ასაკი 30 წელი, 1980) სექსუალურ პრაქტიკებს ვერ გავიგებთ თუ არ გადავინაცვლებთ მესამე: სექსუალური ‘’ნებადართულობის’’ დისკურსისკენ. ამ დისკურსში, მონოგამიის პრინციპი გამოხატულად დაგმობილია, როგორც ამას გვაჩვენებს ქრისტიანული მოძრაობის სტუდენტის კომენტარი 1966 წელს. ის საუბრობს ყოლა/გამოჭერის დისკურსიდან: ქრისტიანული ეკლესიის სწავლება, რომ ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შევიკავოთ, ხშირად დაგმობილია თეორიაში და უგულებელყოფილია პრაქტიკაში’’(Sex and Morality, p. 4). იმ დაშვებით რომ სექსუალობა მთლიანად ბუნებრივია და ამიტომაც არ უნდა იყოს რეპრესირებული, სექსუალური ნებადართულობის დისკურსი კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსის შთამომავალია. ის, ასევე, სექსუალობის ცენტრში აყენებს ინდივიდს  და აღარ განიხილავს მას ურთიერთობის ფარგლებში. კაცის სექსუალური ლტოლვის დისკურსისგან ის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა:  ქალებსაც იგივე დაშვებებით მიემართება, რომლითაც კაცებს. სხვა სიტყვებით, ის, თეორიულ დონეზე მაინც, გენდერულად ბრმაა. 1968 წელს, ვანს პაკარდის წიგნის ‘’სექსუალური სიველურე’’ მიმომხილველმა ასე შეაჯამა შემწყნარებელი საზოგადოების მახასიათებლები: ორივე სქესის ახალგაზრდებს ბოლომდე სჯერათ რომ მათ უფლება აქვთ საკუთარი სექსუალობა გამოხატონ ნებისმიერი ფორმით, თუკი ამით სხვებს ზიანს არ მიაყენებენ’’. ქალებს ახლა უკვე შეეძლოთ ყოფილიყვნენ დისკურსის სუბიექტები, რაც ნიშნავდა რომ შეეძლოთ აქტიურად წამოეწყოთ სექსუალური ურთიერთობა იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ ჩვენი ბუნებრივი სექსუალური ლტოლვები თანაბარი იყო ან უდრიდა კაცისას. მიუხედავად ამისა, გენდერული სხვაობა სექსუალობის მხრივ უეცრად არ გარდაქმნილა. ეს რომ უეცრად არ გარდაქმნილა, მიგვანიშნებს დისკურსების ისტორიულად სპეციფიური ბუნების აღიარების მნიშვნელობაზე, მათ მიმართებაზე იმასთან, თუ რა იყო მანამდე და იმაზე, რომ პრაქტიკები, როგორიცაა ერთი ღამის ურთიერთობები, ნებადართულობის ეპოქაში არ არის ერთი კონკრეტული დისკურსის პროდუქტი.

განსხვავებები ქალის და კაცის  პოზიციებში, რომელიც მათ ტრადიციულ დისკურსებში ეჭირათ, ნებადართულობის პრაქტიკებში არსად გამქრალა. ბეატრიქს კემპბელი კარგად აჯამებს იმას, რაც ქალთა მოძრაობებში ახლა უკვე ყველა ქალისთვის ნათელია (რომელთაგან ბევრი შემწყნარებლობის პრაქტიკებში მაშინ სქესთა შორის თანასწორობის მომხრე იყო):

‘’პერმისიულმა ეპოქამ ქალებსაც მისცა სექსის უფლება. თუმცა  მან ვერ მოახერხა დაეცვა ისინი განმასხვავებელი ეფექტისგან, რომელიც შემწყნარებლობას ქალებზე და კაცებზე ქონდა. ეს იყო კაცის სექსუალობის და სექსუალური გახსნილობის აფირმაცია. ის ხასიათდებოდა განურჩევლობით (რამდენადაც ქალი იყავი). სექსუალობის ეს აფირმაცია კაცის სექსუალობის ზეიმს წარმოადგენდა.’’ (Campbell, 1980, pp. 1-2)

ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში ჯო აღწერს თუ რატომ იყო მისთვის სექსი გამაუცხოებელი:

ჯო: კი, ვფანტაზიორობდი ნაუცბათევ სექსზე, მაგრამ არასდროს ვიყავი მასე მოწყობილი – მაშინაც კი თუ სრულიად უცნობ ადამიანზე იყო ლაპარაკი. სექსის მერე, ამ უცნობს რომ შევხედავდი, თავს სრულიად გაუცხოებულად ვგრძნობდი იმისგან რაც გავაკეთე. აი, უკიდურესად არაკომფორტულად. რატომ ვაკეთებდი ამას? ასეთ სიტუაციებში ხომ ვერც  ვერასდროს ვათავებდი, ვფიქრობ, იმიტომ, რომ შინაგანი აბჯრით ვიყავი. არ შემეძლო სრულიად უცნობთან ბოლომდე მოვდუნებული და ნებაზე მივშვებულიყავი…. კოლინი: სწორედ მაგაში არ არის მუღამი? რა საჭიროა მიზიდულობა? ფაქტი, რომ ის უცნობია, რომ ამას საერთო არაფერი აქვს შენ დარჩენილ ცხოვრებასთან… არ არსებობს ზიანი, რომელიც ამისგან მოგადება და ასე შემდეგ.

პიერა: კი, არ არის საჭირო ამ ადამიანთან ურთიერთობაში იყო.

ჯო: მე არ ვფიქრობ რომ შემიძლია სექსი ურთიერთობის გარეშე მქონდეს. თუ ურთიერთობაში არ ვარ, სექსი გამაუცხოებელია, იმიტომ რომ, ჩემთვის სექსი გამოხატავს იმას, რაც უკვე არის ურთიერთობაში, რაც უნდა იყოს, რაც უნდა შეიქმნას და იმ გრძნობებს რომელიც მე ამ ადამიანის მიმართ მაქვს და როცა ეს ასე არ არის, ძალიან ცუდად, საშინლად ვგრძნობ ხოლმე თავს. თუ მაინცდამაინც ერთჯერადი სექსი მინდება – სექსუალური დაძაბულობის გამონთავისუფლების მიზნით – მაშინ მასტურბაცია მირჩევნია.

მნიშვნელობა, რომელსაც ჯოსთვის სექსი ატარებს  ნებადართულობის დისკურსთან შეუთავსებელია და ამიტომ პრაქტიკები, რომლებიც ამ დისკურსიდან მომდინარეობს, მას თავს ცუდად აგრძნობინებს. ამისგან განსხვავებით, კოლინის განცხადებები სწორედ ნებადართულობის დისკურსიდან მომდინარე დაშვებებს იზიარებს. ყოლა/გამოჭერის დისკურსისგან განსხვავებით, ნებადართულობის დისკურსი არ მოიაზრებს რაიმე ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას. ჯიმს რომ მოეხერხებინა საკუთარი თავის პერმისიულ დისკურსში განთავსება, ნაცვლად ყოლა/გამოჭერის დისკურსისა, სექსიც ასეთ საშიშად აღარ მოეჩვენებოდა. თუმცაღა, როგორც ამ თავის მეოთხე ნაწილში ვიმსჯელებ, სექსის მნიშვნელობები ამაზე ბევრად უფრო წინააღდეგობრივია.

პრაქტიკები, რომელსაც დისკურსი რე-პროდუცირებს არ არის ნეიტრალური. პერმისიული დისკურსის განმათავისუფლებელი ეფექტი ქალებისთვის წინააღმდეგობრივი იყო. დისკურსმა, დანამდვილებით, აამაღლა კაცების ძალაუფლება -კაცების ‘უფლება’ ჰეტეროსექსუალურ პრაქტიკებზე ემოციური ბმის გარეშე. მოგვიანებით, მივუბრუნდები ამ კითხვას, თუ რატომ არიან კაცები მეტად ინვესტირებული მსგავს პრაქტიკებში, ვიდრე ქალები.

ვენდი ჰოლვეი,

1984

ნაშრომის ორიგინალი: Gender difference and the production of subjectivity

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *