მენოპაუზა მენსტრუაციის დასასრულია, მაგრამ მისკენ მიმავალ გზაზე ბევრი ქალი განიცდის ისეთ სისხლდენებს, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერაზე მნიშვნელოვნად აისახება.
როცა ემა პიკეტი გრძელვადიან მოგზაურობას გეგმავს, კალენდარს ყურადღებით ამოწმებს. ხშირად, როცა სახლიდან გადის, თან აუცილებელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი მიაქვს, და როცა სამსახურში ლექციას კითხულობს, უნდა დარწმუნდეს რომ ეს ნახევარ საათზე მეტს არ გაგრძელდება. ამის მიუხედავად, მას იშვიათად ესმის ვინმე ლაპარაკობდეს მიზეზებზე , თუ რატომ უწევთ მისი ხნის ქალებს მთელ ამ დავიდარაბასთან გამკლავება. რატომ დაიწყო ზოგმა მათგანმა ბოლოს დროს შავი შარვლის ჩაცმა, რატომ ჩამოშორდნენ საყვარელ სპორტს, ან რატომ გეგმავენ გულისყურით გარეთ გასასვლელ დღეებს – განსაკუთრებით როცა ბავშვებთან ერთად გადიან.
‘’როცა მანქანაში 12 წლის ასაკის ბავშვები გყავს, ვერ ეტყვი: ‘’იცი რა, ბოდიში ბავშვებო, მაგრამ დღეს საშინელი სისხლდენა მაქვს’’ ამბობს პიკეტი, 48 წლის ძუძუთი კვების სპეციალისტი და ‘’ძუძუს წიგნის’’ ავტორი, რომელიც იმ 5-დან ერთ ბრიტანელ ქალს განეკუთვნება, რომელთაც მენოპაუზისკენ მიმავალ გზაზე (რომელსაც პერიმენოპაუზას უწოდებენ) ჭარბი მენსტრუაცია ახასიათებთ. ‘’შენ შეიძლება ილაპარაკო მძიმე სისხლდენებზე, იხუმრო ამ თემაზე, მაგრამ ვინაიდან მენსტრუალური სისხლი ჩვენს საზოგადოებაში ბინძურად მიიჩნევა, ამაზე არავინ საუბრობს. მსოფლიოში ალბათ უამრავ ქალს უწევს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს სულ სხვა რაღაცის გამო უწევს სასწრაფოდ გაქცევა’’
მიშელ ობამას აქვს გულწრფელად ნალაპარაკები ჭარბ სისხლდენასთან გამკლავებაზე თეთრ სახლში და უესექსის გრაფინიამ ეხლახანს აღიარა რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული brain fog-ით იტანჯება. მაგრამ სულ სხვა გამბედაობა სჭირდება საჯაროდ იმაზე ლაპარაკს, რომ სამ საცვალს ატარებ – ყოველი შემთხვევისთვის , ან ისეთი სიტუაციისთვის, რომელსაც კანადელი გინეკოლოგი და ‘’მენოპაუზის მანიფესტის’’ ავტორი ჯენ გიუნტერი ‘’სუპერ-გაჟღინთვის შემთხვევას’’ უწოდებს – იმ ტიპის სისხლდენის აღსანიშნავად, როდესაც სისხლს შეუძლია დაამარცხოს სუპერ-შემწოვი ტამპონების და მშობიარობის შემდგომ გამოსაყენებელი საფენების(ჩვეულებრივზე ტევადი) კომბინაციაც კი და ტანსაცმლიდან გამოჟონოს. ეს მდგომარეობა რკინის შემცველი პრეპარატების მიღებას და ზოგ შემთხვევაში სახლიდან გასვლის შეზღუდვას მოითხოვს. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ბევრს წარმოედგინა რომ მათი მენსტრუაცია ნელ-ნელა უპრობლემოდ გაქრებოდა.(მენოპაუზად განისაზღვრება მომენტი, როცა მენსტრუაცია უკვე ერთი წლის განმავლობაში არ გვქონია). იმის გათვალისწინებით, რომ 13 მილიონი ბრიტანელი ქალი პერი ან პოსტ- მენოპაუზალურ ეტაპზეა, ასევე ზოგი ტრანს და არა-ბინარული ადამიანი, ეს სიჩუმე უბრალოდ გამაყრუებელია.
დღევანდელი ახალგაზრდა ქალებისთვის მენსტრუაცია ტაბუს აღარ წარმოადგენს აქტივისტური კამპანიების, ტაბუს დამრღვევი წიგნებისა თუ ისეთი სატელევიზიო მომენტების გამო, როგორიცაა მენსტრუაციის დროს სექსის სცენა მიქაელა კოელის სერიალიდან I May Destroy You. მაგრამ სამწუხაროდ (პოლულარულ კულტურაში) იშვიათად ვხვდებით მათ შუახნის ექვივალენტებს, თუ არ ჩავთვლით ელისონ პარსონის 2017 წლის ნოველა How Hard Can It Be?, სადაც 49 წლის გმირს სამსახურის მნიშვნელოვანი ივენთიდან გამოთიშვა უწევს და ტუალეტში შეყუჟული სასტუმროს ძვირადღირებული პირსახოცებს სისხლში აბანავებს.
‘’ამ წიგნს ვკითხულობდი და ვფიქრობდი: ‘’ ღმერთო ჩემო, ეს სხვასაც დამართნია’’, ამბობს პიკეტი. მაგრამ თავად პარსონი, რომელმაც ამ სცენაში აღწერა საკუთარი გამოცდილება ერთ-ერთი დაჯილდოების საზეიმო სადილზე, წერს როგორ ესიკვდილებოდა შემდგომში ამ ამბავზე საუბარი; კონტროლის დაკარგვით გამოწვეული სირცხვილის შეგრძნება, შეგრძნება, რომ ‘’ჩემი სხეული, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ სანდოა, ეხლა პირდაპირ ამბოხს აწყობს ჩემს წინააღმდეგ’’
‘’მუდმივად გეშინია, რომ უკან შეიძლება ლაქა გქონდეს კაბაზე და არ იცოდე’’, ამბობს ჰელენ კლერი, ყოფილი ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც თავად რთული მენოპაუზის ქონის გამო, მენოპაუზის სპეციალისტად გადაკეთდა და ახლა გამკლავების სტრატეგიებს სხვა მასწავლებლებს უზიარებს. ‘’შენ აღწევ ზღვარს, როდესაც ფიქრობ რომ უკვე იცი როგორ მართო ქალის სხეული და უეცრად ეს სხეული რაღაც საოცრებებს გიტარებს’’. უფრო უკიდურეს შემთხვევებში, რთულმა მენოპაუზამ შეიძლება ქალები აიძულოს სირთულეებით მოპოვებულ კარიერას ჩამოშორდნენ, სწორედ იმ მომენტში როცა პროფესიულ მწვერვალებს უნდა იპყრობდნენ.
ზოგი ქალისთვის, რეპროდუქციული ცხოვრების დასასრული უბრალოდ რამდენიმე გამოტოვებულ მენსტრუაციაზე მეტს არ ნიშნავს. მაგრამ Guardian-ის მკითხველებში ჩატარებული გამოკითხვითაც ვხედავთ, რომ სხვებისთვის ჩვეულებრივზე უფრო ჭარბი, გახანგრძლივებული, ხშირი და მოულოდნელი სისხლდენები ჩვეულებრივი ამბავია და ეს მათში მოწყვლადობის , შფოთვის და გამოფიტვის შეგრძნებებს იწვევს.
‘’მენოპაუზამ ჩემი ცხოვრება ნაწილებად დაშალა’’ ამბობს ჯოი, 48 წლის ექთანი, რომლის არარეგულარული და ჭარბი მენსტრუაცია ახლა უკვე რამდენიმე კვირას გრძელდება. ‘’ის ადამიანი აღარ ვარ, ვინც ორი წლის წინ ვიყავი. ხშირად გამოფიტული ვარ და სახლის და სამსახურის საქმეებს ვეღარ ვუმკლავდები’’. მისი პროფესიული წვრთნის მიუხედავად, როგორც ამბობს, ამ ყველაფრისთვის ‘’სრულიად მოუმზადებელი’’ იყო. ‘’კაცებს რომ ჰქონდეთ მენოპაუზა და ეს ჰორმონალური ქარბორბალა, რომელიც მას ახლავს, ამ საკითხზე მეტი კვლევა გვექნებოდა და მეტი ყურადღება მიექცეოდა’’
დონი, რომელიც ახლა 53 წლისაა, სტრესული განქორწინების შუაგულში იმყოფებოდა, როცა უწყვეტი სისხლდენა დაეწყო. ‘’ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებდი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ვიცოდი, რომ ასეთ მოწყვლად მომენტში ეს ჩემს მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე მძიმედ აისახებოდა.’’
სონია, 50 წლის უნივერსიტეტის პროფესორი, პარკში სარბენად იმყოფებოდა, როდესაც უეცრად მოზღვავებულმა სისხლმა მისი შორტები და ფეხები დაფარა: ‘’მომიწია პარტნიორთან დამერეკა, რათა მოსულიყო და მანქანით წავეყვანე. საბედნიეროდ ეს სამსახურში არასდროს დამმართნია, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, რო დამმართნოდა, რას ვიზამდი’’
ზოგისთვის პოსტ-პანდემიურ პერიოდში ოფისში დაბრუნების შიშიც ამას უკავშირდება. მონა, 44 წლის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაკი, შვებამოგვრილია, რომ მისი ყველაზე მძიმე დღეები შაბათ-კვირას ემთხვევა:’’სხვა შემთხვევაში სამსახურში დარეკვა და ავადმყოფობის დღეების გამოყენება მომიწევდა. საკმაოდ ბევრ კაცთან ერთად ვმუშაობ. ვერ დავესწრები ისეთ შეხვედრას, რომელიც 1 საათს გრძელდება და იმაზე ფიქრით ვერ ვიქნები, სისხლით ხომ არ დავისვარე. მე, კიდევ კარგი, ოფისის სამუშაო მაქვს, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს ის ხალხი, ვინც 12 საათიან ცვლებში მუშაობს’’
52 წლის ნიკოლა, ზოგი სხვა ადამიანის მსგავსად, კვლავ ყოყმანობს მოითხოვოს მკურნალობა, იმისთვის, რაც ‘’შემაწუხებელ უხერხულობად და არა დაავადებად’’ მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ იძულებულია დივანზე მხოლოდ გადასაფარებლის დაფენის შემთხვევაში დაჯდეს. სხვები ამ საკითხთან მიმართებაში ექიმების არაემპათიურობას უჩივიან. ‘’ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც დააჯერეს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა’’, ამბობს გიუნტერი, რომლის წიგნიც მთელ თავს შეიცავს შუა ასაკის პერიოდის მენსტრუაციებზე, მისი მიზანი პრობლემის დემისტიფიცირებაა. ‘’ხომ არავინ იძახის, რომ ერექციული დისფუნქცია ‘’უბრალოდ კაცის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია’’ არა? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ტიპიური ამბავია – და აგერ მკურნალობაც, თუკი ამის სურვილი გაქვთ’’.
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის(NICE) ოფიციალური მითითებით, სისხლდენის პატერნებში ცვლილება 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში საჭიროებს გამოკვლევას, რათა გამოირიცხოს ფიბრომების (არა-სიმსივნური ნაზარდები საშოში), პოლიპების, ან იშვიათ შემთხვევაში, სიმსივნის განვითარებაც. (ასევე სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს სისხლდენები მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ვინაიდან შეიძლება უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს). მაგრამ პოლა ბრიგსი, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტი, ამბობს რომ პერიმენოპაუზის პერიოდში ჭარბ სისხლდენებში ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია დამნაშავე.
‘’ეს მენოპაუზალური ტრანზიციის ალბათ ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს’’, ამბობს ის. როცა სხეული ცდილობს საკვერცხეს კვერცხუჯრედის გამოყოფისკენ უბიძგოს, ესტროგენის დონე იზრდება, რაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელებას იწვევს; მაგრამ ქალები, რომელთაც რეგულარული ოვულაცია აღარ აქვთ, ყოველთვის ვეღარ აწარმოებენ საკმარის პროგესტერონს, რომელსაც ესტროგენის დაბალანსება შეუძლიათ. შედეგად ვიღებთ უჩვეულოდ გასქელებულ ლორწოვანს, რომელიც შემდგომ ქაოტურად ჩამოიფცქვნება. ამ დროს ქალებს აქვთ დიდი კოლტები ან სისხლის უეცარი მოზღვავება, რომელიც აიძულებთ გააორმაგონ სანიტარული დაცვა ან ყოველ საათში ან უფრო ხშირადაც გამოიცვალონ საფენები.
მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ჰორმონულ რეგულირებას ჰორმონალური სპირალით ან კომბინირებული/მინი კონტრაცეპტული აბებით, თუმცა არსებობს არაჰორმონალური ალტერნატივებიც ენდომეტრიუმის აბლაციის (საშვილოსნოს გარსის ქირურგიული მოცილება) ან ტრანექსამიური მჟავის(მედიკამენტი) სახით, ამბობს ბრიგსი. ზოგ ქალს ასევე უხდება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. თუმცა, პირველი ნაბიჯი ასაკოვანი ქალების დახმარებაა, გააცნობიერონ რომ ამაზე ლაპარაკი ნორმალურია’’. ალბათ, მსგავსი გახსნილობა სამსახურშიც დაგვეხმარებოდა.
ჰელენ კლერი თავის პროფესიით მასწავლებელ კლიენტებს პრაქტიკული გამოსავლისკენ მოუწოდებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ კოლეგებს შეუთანხმდნენ და ერთმანეთი ჩაანაცვლონ, როცა რომელიმე მათგანს გაკვეთილიდან სასწრაფოდ გაქცევა დასჭირდება. მაგრამ ეს პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ ქალებისთვის ამაზე საუბარი შემაცბუნებელი არ იყოს. ‘’თუ ქალებს ამაზე საუბარი არ შეეძლებათ, მსგავს გამოსავალთანაც ვერ მივლენ,’’ ამბობს ის. ‘’მოხდება ის, რომ იქამდე მოუწევთ სამსახურს ჩამოცილება, სანამ პრობლემა არ გადაიჭრება. მე ვიცი ქალები, რომლებსაც გახანგრძლივებული ბიულეტენი აუღიათ იმის გამო, რომ ჭარბი სისხლდენით გამოწვეული სიტუაციის მართვას ვერ ახერხებდნენ’’
პერსონალის და განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული 2019 წლის კვლევით, ქალთა თითქმის მესამედს განუცდია მენოპაუზალური და პერიმენოპაუზალური სიმპტომები, შედეგად უსარგებლიათ ავადმყოფობის დღეებით სამსახურში(sick leave) და უმეტესობის თქმით, უფროსისთვის რეალური მიზეზი ვერ უთქვამთ. ‘’ეს უბრალოდ შეცბუნება კი არ არის, ეს არის სირცხვილი გრძნობა იმის გამო, რომ სოციალურ ღირებულებას კარგავ როგორც ქალი, როცა საჭიროდ და ნაყოფიერად აღარ აღიქმები’’, ამბობს კლერი. უფროსი ასაკის ქალებს შეიძლება არ უნდოდეთ აღიარონ, რომ ისეთ რამეს გადიან, რაც მათი შიშით ადვილად დააკვალიფიცირებს მათ, როგორც არასანდოს ან არეფექტურს, ჩამოსაწერს.
‘’თუ კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ რომ ჯერაც უამრავი ქალია იძულებული 40+, 50 + ასაკში სამსახური დატოვოს, ვინაიდან მათთვის მენოპაუზის ქონა შეუძლებელი ხდება ხალხის თანდასწრებით. ასე რომ, შემდეგ კონსულტანტობის(პროფესიული) გზას ირჩევენ’’, ამბობს ანა-მარია ბოილი, იურისტი შრომით საკითხებში ბრისტოლში დაფუძნებული ფირმიდან ‘’მენზის სამართალი’’ და ექსპერტი მენოპაუზასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის საკითხებში. ეს კლასიკური მახეა ქალებისთვის: მე ვხედავ, როგორ ტოვებენ ქალები სამსახურს ან ნახევარ განაკვეთზე გადადიან ბავშვის გაჩენის შემდეგ, შემდეგ ბრუნდებიან და ახლა უკვე მენოპაუზის მოახლოების გამო კვლავ სამსახურის დატოვება უწევთ. ეს ორმაგი შუშის ჭერია, რომელიც კაცებზე არ მოქმედებს. ’’ ქალების მთელი თაობა, რომელიც შვილების ყოლასთან ერთად სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობისთვის კბილებით იბრძოდა, ახლა მენოპაუზას მიღწევისთანავე, თითქოს ამ უფლებებს კვლავ კარგავს.
კაროლინ ჰარისი, ლეიბორისტი პარლამენტარი და საპარლამენტო ჯგუფის უფროსი მენოპაუზის საკითხებში, 50 წლის იყო, როცა რამდენიმე წლიანი ჭარბი მენსტრუაციის მერე საბოლოოდ ექიმთან მივიდა. ‘’თუ სკამზე ვიჯექი, კარგად ვიყავი, მაგრამ საკმარისი იყო წამოვმდგარიყავი, რომ სისხლი ნიაღვარივით მომდიოდა და სულ გალუმპული ვიყავი,’’ ამბობს ჰარისი, რომელიც მაშინ პარლამენტარის ასისტენტად მუშაობდა. ‘’ერთ-ერთი გოგო, ვისთან ერთადაც ოფისში ვმუშაობდი, შვებულებაში მიდიოდა და არ დამავიწყდება როგორ მითხრა: ‘რომ დავბრუნდები, იმედია ცოცხალი დამხვდები.’ ვკითხე, ასე რატომ მეუბნები თქო და მიპასუხა: ‘შენ ფერს შეხედე, სასიკვდილო სარეცელთან მისულს გავხარ.’ იქამდე ოფისში გულის წასვლის შემთხვევაც მქონია. ‘’
ძლიერმა სისხლდენებმა შეიძლება ანემიაც გამოიწვიოს და როგორც ტესტებმა აჩვენა, ჰარისის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე იმდენად დაბალი იყო, რომ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექთანი შემდეგი სიტყვებით გამოეგება: ‘’აჰ თქვენ ხართ ის ქალი, მოსიარულე მკვდარი?’’ ჰარისს იქამდე თავში აზრად არ მოსვლია, რომ მისი ჭარბი მენსტრუაცია შეიძლება მენოპაუზის მოახლოებასთან იყო კავშირში.
‘’ეს ბევრმა ქალმა არ იცის, ‘’ ამბობს ჰარისი, რომლის ჯგუფმაც მენოპაუზის გამოცდილების მქონე ქალებისგან მონაცემების შეგროვება დაიწყო. ‘’ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას მენოპაუზასთან რამე კავშირი ქონდა, მეგონა უბრალოდ ციკლის პრობლემა იყო.’’ ის ახლა ტაბუების მსხვრევისკენაა მიმართული და იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ნადინ დორისი – რომელმაც ასევე ღიად ისაუბრა ჭარბი სისხლდენის საკუთარ გამოცდილებაზე პარლამენტში – მის მიზნებს გაიზიარებს. ‘’ნადინმა ჩემი გაოცება გამოიწვია,’’ ამბობს ის. ‘’ჩემსავით, მასაც სჯერა, რომ ისეთ საკითხში, როგორიც ქალების ჯანმრთელობაა, პარტიული პოლიტიკა არ არსებობს.’’
ბოილი იმედის შუქს ხედავს იმ ფაქტში, რომ დამსაქმებლები ერთგვარ პოლიტიკას იმუშავებენ, რათა მენოპაუზალურ ასაკში მყოფ თანამშრომლებს დაეხმარონ. ამ თვეში, ფინანსური სერვისების მიმწოდებელმა კომპანიამ Hargreaves Lansdown-მა მენოპაუზის და მენსტრუაციის შესახებ პოლისი წარადგინა, რომელიც ოფისში უფასო სანიტარული პროდუქტების ქონას, ძირითად სიმპტომებზე ცნობიერების ამაღლებას და მოქნილ სამუშაო განრიგს მოიცავს. პარალელურად, მენსტრუალური საცვლების ბრენდი Modibodi თანამშრომლებს ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს მენოპაუზის, მუცლის მოშლის ან მენსტრუაციის ისეთი სიმპტომებისთვის, რომელიც მათ სამუშაო უნარზე აისახება. სახლიდან მუშაობის პოსტ-პანდემიური ბუმიც ქალებს მნიშვნელოვნად ეხმარება, ამბობს ბოილი: ‘’საკუთარი ტემპერატურის რეგულირება და ტუალეტში ნებისმიერ დროს წასვლა შეგიძლია.’’
მაგრამ სადაც ეს შესაძლებელი არ არის, დამსაქმებლებისთვის ყველაზე პრაქტიკული რჩევა შეგვიძლია ავიღოთ მოთმინებადაკარგული პიკეტის ტვიტერის თრედიდან, რომელიც მან აპრილში გამოაქვეყნა: თუ თქვენი შუახნის კოლეგა ან მეგობარი გეუბნებათ, რომ სასწრაფოდ საპირფარეშოში გასვლა ჭირდება, უბრალოდ დაუჯერეთ.
2021
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: There will be blood: women on the shocking truth about periods and perimenopause