გვიანია და გადაღლილი ხარ. სამსახურის მერე ჭამისთვის და ბანაობისთვის ძლივს გქონდა დრო. შესაძლოა, სერიალის რამდენიმე ეპიზოდს უყურე, წიგნის ერთი თავი წაიკითხე ან გაჭირვებით გაართვი თავი კანის მოვლის რუტინას. ეხლა საწოლში ხარ და იცი რომ უნდა დაიძინო, მაგრამ სქროლვას აგრძელებ – მას შემდეგაც, როცა ეს უკვე სასიამოვნოა აღარაა. თვალები გეხუჭება, ხვალ დილის 5-ზე უნდა ადგე სამსახურისთვის, მაგრამ თითქოს მოსვენებისთვის მზად არ ხარ. შენი რაღაც ნაწილი დაუკმაყოფილებელია.
ამას თავისი სახელი აქვს: ძილისწინა შურისძიების პროკრასტინაცია.
ეს არის ფრაზა, რომელიც მილენიალებმა და Gen Z-მ გააპოპულარულეს ჩინეთში და რომელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც ‘’უძილო ღამის შურისძიება’’, ამბობს Glamour-თან მანდარინის ენაზე მოსაუბრე 24 წლის სანდრა პარიზიდან. აშშ-ში პანდემიამ გაამწვავა და სააშკარაოზე გამოიტანა ის, რაც ისედაც არასწორი იყო ჩვენს კულტურაში, სადაც მუშაობა განსაზღვრავს ჯანდაცვისადმი ხელმისაწვდომობას და საკუთარი ღირებულების შეგრძნებას. ‘’ეს კომბინაცია კაპიტალისტური სამუშაო დღისა, სახლიდან მუშაობისა და ტექნოლოგიებზე ჩვენი მზარდი მიჯაჭვულობისა ქმნის სრულყოფილ შტორმს, რომელიც ძილისწინა შურისძიების პროკრასტინაციისკენ გვიძღვება’’, ამბობს ელაიზა შაპირო, სოციალური მუშაკი და თერაპევტი მანჰეტენიდან. ‘’ინტუიციურად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვჭირდება დასვენება, რათა კვლავ პროდუქტიულები გავხდეთ, ასე რომ როცა დღის განმავლობაში გვაკლია დასვენების რესურსი, ჩვენ ვცდილობთ ის სხვა ადგილას და დროში ვიპოვოთ – თუნდაც ეს ჩვენი ძილის დროის ხარჯზე იყოს.
დიდი შვებაა იმის ცოდნა, რომ ამ ჩვევას სახელი აქვს, და რომ ჩვენ მარტონი არ ვართ. ტერმინი ‘’ძილისწინა შურისძიების პროკრასტინაცია’’ სოციალურ მედიას მოედო, და თითოეული დაგულება თუ ‘’ეს მე ვარ’’ ტექსტი იყო კოლექტიური შვებით ამოოხვრა და სირცხვილისგან განთავისუფლება.
მწერალმა დაფნე ქეი ლიმ ეს ტერმინი ინგლისურენოვან ტვიტერის მომხმარებლებს შარშან ივლისში გააცნო, როგორც ‘’ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები, რომელთაც დღის განმავლობაში არ აქვთ კონტროლი თავიანთ ცხოვრებაზე, უარს ამბობენ ადრე დაძინებაზე, რათა ღამის საათებში მაინც აღიდგინონ და დაიბრუნონ გარკვეული თავისუფლების შეგრძნება.’’
სამან ჰაიდერმა, 20 წლის ფსიქოლოგიის სტუდენტმა ლოუას უნივერსიტეტიდან ეს ფრაზა იანვრის ერთ ღამეს აღმოაჩინა – როდესაც გააცნობიერა რომ ღამის 3 საათზე ჯერ კიდევ ეღვიძა და დაგუგლვა დაიწყო. ‘’ამ ტერმინს გადავაწყდი და როგორც კი განმარტება წავიკითხე, ესეთი ვიყავი: ‘’ეს ხომ მე ვარ’’, ამბობს ის. პრობლემის სახელდებამ თავი ისე კარგად აგრძნობინა, რომ TikTok-ზე ვიდეოც ჩაწერა, რათა ეს ტერმინი სხვებისთვისაც გაეზიარებინა და ენახა მათთვისაც ნაცნობი თუ იყო ეს ყოველივე.
‘’სახალისო ფაქტი. მეგობრებო იცოდით რომ არსებობს ასეთი რაღაც, ძილისწინა შურისძიების პროკრასტინაცია?’’, კითხულობს ის ვიდეოში, რომელსაც ამჟამად 13,6 მილიონი ნახვა აქვს.’’ეს არის როცა ადამიანები უარს ამბობენ დაძინებაზე, იმიტომ რომ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონტროლი არ აქვთ, და როცა ღამით ძალიან გვიან იძინებენ, მაშინაც კი თუ უკიდურესად დაღლილები არიან, ვინაიდან არ უნდათ მათი თავისუფალი დრო დამთავრდეს ღამით და დილით მეორე დღე დაიწყოს?’’
ჰეიდერის ვიდეომ, რომელში აღწერილი ფენომენიც ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა ბევრისთვის, მილიონობით მოწონება და 10 000-მე კომენტარი გამოიწვია. ‘’ანუ ამას სახელი აქვს’’, ‘’ მე ვაკეთებ ასე’’ წერდა უმეტესობა. ‘’პიროვნულ თავდასხმად მივიღე’’ ვკითხულობთ ერთ კომენტარში, რომელსაც 50 000 მოწონება აქვს.
რატომ ვაკეთებთ ამას?
ჩელსი რაიანი, კლინიკური სოციალური მუშაკი და თერაპევტი ფენიქსში მდებარე HIV/შიდსის სამხრეთ-დასავლეთ ცენტრიდან, ამბობს, რომ მას ამ ფენომენის პირადი და პროფესიული გამოცდილება აქვს. დღისით ოფისში მუშაობის და საღამოს ბავშვების მოვლის შემდეგ, მას ღამით სიფხიზლე ურჩევნია ძილს. ამბობს, რომ ეს მისი ერთადერთი დროა, როცა შეუძლია ისუნთქოს და იყოს ადამიანი.’’ მაგრამ მისმა შუაღამის ასეთმა რუტინამ შფოთვის სპირალი შექმნა, რომელიც შემდეგ პანიკურ შეტევებში გადაიზარდა. ეს ყველაფერი მას საკუთარ პაციენტებშიც უნახავს. ‘’უმეტესობა მათგანს ბავშვები ყავს, ან რამდენიმე სამსახური აქვთ, ან სახლში ვერ აქვთ საქმე კარგად,’’ ამბობს ის. ‘’ამიტომ მათ საკუთარ თავზე ზრუნვა მარტო ღამით შეუძლიათ.’’
თუ მართლა გვინდა საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, რატომ არ გავაკეთებთ რამდენიმე წუთიან იოგას ან დავლევთ ჩაის, როგორც ამას 5000-ჯერ გვიმეორებენ სულელურად გაბრწყინებული wellness ინფლუენსერები? რატომ ვძვრებით ეგრევე ტელეფონში? ‘’უმრავლესობა ჩვენთაგანისთვის, ღამე – როცა ყველანაირ ტექნიკას გვერდზე გადავდებთ- ერთადერთია დროა, როცა საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან მარტო ვრჩებით’’, ამბობს შაპირო. ‘’თუ ჩვენ გვეშინია არაკომფორტული, რთული და მძიმე ფიქრებისა და გრძნობების, რომელიც ამას მოსდევს, არაცნობიერად მათ არიდებას ვეცდებით. შუაღამის სქროლვას შეიძლება იმისთვის მივმართავდეთ, რომ ეს ემოციების მოზღვავება ავიცილოთ, რომელიც თვალების დახუჭვისთანავე ადვილად დაგვეუფლებოდა, ან გვსურს იქამდე დავღალოთ საკუთარი თავი, სანამ მოულოდნელად არ ჩაგვეძინება.’’
ზუსტად ასეა! მაგრამ, როგორც შაპირო ამბობს, ეს ყველაფერი არ მუშაობს. ‘’ როცა ემოციებისგან თავს ვიცავთ, გვავიწყდება, რომ უარყოფილი ემოციები უფრო მძაფრდება და ამას შუაღამის შფოთვის ციკლში შევყავართ.
რატომ არის ყველაფერი უფრო უარესად ახლა?
‘’ჩვენს დროზე მოთხოვნა გაიზარდა სახლიდან მუშაობის პერიოდში,’’ ამბობს Glamour-თან ეშლი ვილიამსი, მკვლევარი და ბიჰეივიორისტული მეცნიერების დოქტორი ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან. ის იკვლევს, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ დროს პანდემიის პერიოდში. კვლევა მოიცავს 5 ქვეყანას, მათ შორის ამერიკას – მისი ჯგუფის კვლევის თანახმად, ქალები, განსაკუთრებით კი დედები ახლა უფრო მეტ დროს უთმობენ ბავშვების მოვლას და სახლის საქმეებს ვიდრე მამები. (სიურპრიზი!)
ასევე, ახალგაზრდა ქალები, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში, ნაკლებ დროს უთმობდნენ დასვენებას, ვიდრე კაცები. ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ჩვენს დროზე გაზრდილი მოთხოვნაა – ჩვენ ვართ მშობლები, ვუზრუნველყოფთ ბავშვების ზუმის გაკვეთილებს, ვმუშაობთ მეორე სამსახურში, რათა გადასახადები გადავიხადოთ, ან სამუშაოს ძებნის უსასრულო შრომას ვწევთ, ან უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენი საუშაო საათები 9-დან 5-ის ნაცვლად 8-დან 6-მდე გაიბერა. ‘’ჩვენი სამუშაო დღე ხანგრძლივდება იმიტომ რომ აღარ არსებობს მკვეთრი ზღვარი იმისა, თუ როდის უნდა გავჩერდეთ’’ ამბობს ვილანსი. ეს არ არის ჯანსაღი. ‘’სამუშაოსგან ემოციური განცალკევება სამუშაოთი კმაყოფილების აუცილებელი ნაწილია!’’ ამბობს ის. ‘’მაგრამ ვირტუალურ გარემოში სამუშაო დღის რიტუალური დასასრული აღარ არსებობს.’’
ამ ყველაფერს დამატებული, ჩვენ მარტოსულები ვართ. ჩაი და იოგა არარელევანტურია, როცა ჩვენი ყველაზე სიღრმისეული წყურვილი არა სიმშვიდე, არამედ ადამიანური კავშირებია. ჩვენ, არსობრივად, სოციალური ცხოველები ვართ, და სოციალური მედია გვთავაზობს ხიდს და წვდომას სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, რომელიც ახლა ასე ძალიან გვაკლია’’, ამბობს ვილანსი. ‘’ასე რომ სულ არ მიკვირს რომ ამ სტრესულ დროს კონტროლის დაბრუნებას ვცდილობთ’’. ღამით ტელეფონში ჩაძვრომა და სქროლვა საშუალებას გვაძლევს ‘’წარმოვიდგინოთ ალტერნატიული რეალობა, სადაც სხვა რაღაცეებს გავაკეთებდით’’. სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება გასაგები რეაქციაა სოციალურ დისტანცირებაზე. ‘’ბევრი ჩემი პაციენტი იტანჯება ‘’კარანტინის დეპრესიით’’, იმიტომ რომ ყველაფერი დისტანციურადაა და იზოლირებულია – მათი დღეები თითქოს ერთად გარბიან’’, ამბობს რაიანი. რათქმაუნდა, ჩვენ ვსქროლავთ, რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ.
როგორ შევწყვიტოთ ეს?
ლორი სანტოსი, შედარებითი კოგნიტური ლაბორატორიის დირექტორი იელში, რომლის კურსიც ბედნიერების ფსიქოლოგიაზე მსოფლიოში ცნობილია, გვთავაზობს პასუხს, რომლის მოსმენაც შესაძლოა არ გვინდოდეს: ‘’უამრავი კვლევაა, რომელიც აჩვენებს რომ შეგრძნება იმისა, რომ თავისუფალი დრო გაქვს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისთვის. თუმცა ამავე დროს, ბევრი პრობლემა, რომელიც ძილისწინა პროკრასტინაციიდან მოდის – დეპრესიული განწყობა, ზედმეტად გადაღლილობა იმისთვის რომ საკუთარი დღით ისიამოვნო და ასე შემდეგ – ადვილად გადაიჭრებოდა სწორედ ძილით,’’ ამბობს ის. ‘’ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანები მოჯადოებულ ციკლს ქმნიან, იმით რომ მოცლილობის დროს უძილობით აფუჭებენ.’’ რათქმაუნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მეტი ძილი გვჭირდება, მაგრამ სანტოსი ამას გვთავაზობს ამას არა როგორც მომაბეზრებელ ყველაფრისმკურნალ კლიშეს, არამედ სტრატეგიულ შესაძლებლობას გავარღვიოთ ‘’ძილისწინა შურისძიების’’ ციკლი.
ჩვენ ასევე შეგვიძლია, უფრო ოპტიმალურად დავხარჯოთ დრო ‘’ღამის შურისძიებაზე’’, ამბონს ის. ‘’ძირითადად, როცა დრო გვაქვს, წამოვწვებით ხოლმე და ტელევიზორს ვუყურებთ ან სოციალურ მედიას ვსქროლავთ. ეს აქტივობები ჩვენს კარგად ყოფნის შეგრძნებას ვერ ეხმარება. მეტ კმაყოფილებას ვიგრძნობდით, თუ ისეთ აქტივობას შევასრულებდით, რომელიც ‘’ნელი დინების’’ შეგრძნებას მოგვცემდა. (ნეტფლიქსის ‘შემდეგ ეპიზოდზე’’ თითის დაჭერა არ ითვლება ამად)
ჰაიდერი, რომლის ტიკტოკმაც ათასობით ‘’ეს ხომ მე ვარ’’ რეაქცია გამოიწვია, ამბობს რომ მისი პირადი ჩათი სავსეა წერილებით ხალხისგან, რომელთაც ცვლილება უნდათ. მე თვითონაც – კვირაში რამდენიმე ღამე მაინც მაქვს ისეთი, როცა ძილს ვებრძვი და სასოწარკვეთით ვებღაუჭები დადებითი ემოციის კიდევ რამდენიმე წამს. ვიდრე არ გავითიშები და მეორე დღე არ დაიწყება. ვფიქრობ, ძილისწინა პროკრასტინაციით შურისძიება, მიუხედავად მისი სასტიკი წარმომავლობისა და ჩვენზე მისი ეფექტისა, არის ჩუმი შეხსენება ჩვენი არაცნობიერისგან, თუ რამდენად გვიყვარს ის, რომ ცოცხლები ვართ. ესე იგი, უამრავი კარგი რამეა ცხოვრებაში, რის გამოც არ გვინდა რომ დავიძინოთ და რაც გვენატრება. ჩვენ გვინდა კიდევ ერთი სასაცილო ვიდეო, კიდევ ერთი მონაწერი მეგობრისგან, კიდევ ერთი სიფხიზლის შეგრძნება, შეგრძნება ბედნიერების და თავისუფლებისა.
2021
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: ‘Revenge Bedtime Procrastination’ Is Real, According to Psychologists