როცა გერმანიამ პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოახდინა, პოლიტიკოსები ფიქრობდნენ რომ ამით სექს-მუშაკების სამუშაო პირობებს გააუმჯობესებდნენ და მათ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდნენ. თუმცა ამან არ იმუშავა. ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა.
სანანდრეი რუმინეთის ღარიბი სოფელია დაქცეული სახლებითა და ლაფიანი გზებით. სოფლის ახალგაზრდა მაცხოვრებლების 80% უმუშევარია. მათი ერთადერთი დასაყრდენი ბაღში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულია.
ალინა მისი მშობლების სახლის წინ დგას, რომელის ერთერთო უძველესია სანანდრეიში. ჯინსი და ბეწვის ფეხსაცმელები აცვია. ის გვიყვება, 22 წლის ასაკში(4 წლის წინ) რატომ სურდა აქაურობას მოშორებოდა, . გვიყვება მამაზე, რომელიც სვამდა და თავის ცოლს სცემდა, და ხანდახან ქალიშვილსაც ავიწროებდა. ალინას კი არც სამსახური ჰქონდა, არც ფული.
მეგობრის ახალი შეყვარებულისგან შეიტყო რომ გერმანიაში რაღაც შანსები არსებობდა. როგორც გაიგო, იქ სექსმუშაკს თვეში 900ევროს გამომუშავება თავისუფლად შეეძლო.
ალინა ამაზე დაფიქრდა. სანანდრეის ყველაფერი სჯობდა. “ვფიქრობდი, საკუთარი ოთახი და აბაზანა მექნებოდა და არც ისე ბევრ კლიენტთან მომიწევდა მომსახურება” ამბობს ის.
2009 წლის ზაფხულში, ის და მისი მეგობარი, მეგობრის შეყვარებულის მანქანაში ჩასხხდნენ და უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით გერმანიის დედაქალაქში ჩავიდნენ. მივიდნენ არა ქალაქის ცენტრში პრესტიჟულ უბანში, არამედ მოშორებით, შუნეფელდის აეროპორტის ახლოს. ბორდელის სახელი მრავლისმთქმელი იყო: “აეროპორტის მუტლები”(Airport Muschis). ეს იყო ე.წ flat rate, ანუ ფიქსირებული ფასის მქონე) ბორდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტს ერთჯერადად 100 ევროს გადახდის შემდეგ შეეძლო სასურველი რაოდენობის ქალთან სასურველი სიხშირით ქონოდა სექსი.
‘’ყველაფერი სწრაფად განვითარდა’’, ამბობს ალინა. აღმოჩნდა რომ მისი მეგობრის შეყვარებულს, კაცს, რომელმაც ისინი გერმანიაში ჩაიყვანა, იქ მყოფი რუმინელი გოგოებიც იცნობდნენ. ალინას უთხრეს, თავისი ტანსაცმელი გაეხადა და მათ მიერ მიცემული ღია თეთრეული ჩაეცვა. ჩასვლიდან რამდენიმე საათში კი უკვე პირველი კლიენტს ემსახურებოდა. კლიენტებთან არასაკმარისი თავაზიანობის შემთხვევაში რუმინელი სუტენიორები გასამრჯელოს ამცირებდნენ.
ბერლინელი კლიენტები თანხას შესასვლელშივე იხდიდნენ. ბევრი მათგანი აბებს იღებდა, რათა სექსუალური პერფორმანსი გაეუმჯობესებინათ და მთელი ღამე გაექაჩათ. ალინას ოთახთან ხანდახან რიგი დგებოდა. ბოლოს იმის დათვლაც შეწყვიტა, თუ რამდენ ადამიანთან უწევდა სექსი. “გონებიდან დავბლოკე, ყოველდღე იმდენი იყვნენ” ამბობს ის.
ალინა ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სხვა ქალებს, სუტენიორებისთვის კვირაში 800 ევრო უნდა გადაეხადა. ოთახს, რომელშიც საწოლის გარდა სხვა ავეჯი არ იდგა, 3 ქალთან ერთად იყოფდა. ერთადერთი, რაც გერმანიაში ნანახი ქონდა,ეს იყო Esso-ს ბენზინგასამართი სადგური მის ოთახთან ახლოს, სადაც სიგარეტის და საჭმლის საყიდლად წასვლის უფლებას აძლევდნენ, ისიც აუცილებლად დაცვის თანხლებით. დანარჩენი დრო ბორდელში იყო გამოკეტილი.
მათ ვალდებულებაში კლიენტთან ანალური, ვაგინალური ან ორალური სექსით მომსახურება შეიდოდა, ხშირად კი ე.წ გენგბენგის სესიების დროს რამდენიმე კაცს ერთად უნდა მომსახურებოდნენ. კლიენტები ხანდახან კონდომს არ იყენებდნენ. ‘თუმცა უარის თქმის უფლება არაფერზე გვქონდა’, ამბობს ალინა. მენსტრუაციის დროს კი საშოში ღრუბელს იტენიდა, რათა კლიენტებს არაფერი შეემჩნიათ.
ალინას თქმით, არც ის და არც სხვა ქალები სუტენიორებს თითქმის არასდროს უცემიათ. “გვეუბნებოდნენ რომ რუმინეთში იცნობდნენ ხალხს, ვინც ჩვენი ოჯახების ადგილსამყოფელი იცოდა. ეს საკმარისი იყო”- ამბობს ალინა.
ხანდახან როცა დედას ურეკავდა, ატყუებდა, რომ გერმანია ძალიან კარგი იყო. ერთხელ მოახერხა და მშობლებს 600 ევროც გაუგზავნა.
ალინას ისტორია გერმანიაში გამონაკლისს არ წარმოადგენს. სხვადასხვა დახმარების ორგანიზაციების და ექსპერტების შეფასებით, გერმანიაში პროსტიტუციაში ჩართული ქალების რიცხვი 200 000 აღწევს. სხვადასხვა კვლევებით, მათ შორის “მიგრანტ სექსმუშაკთა აივის პრევენციის და ჯანმრთელობის ევროპული გაერთიანების” კვლევით სექსმუშაკთა 65-80% არაადგილობრივია, ძირითადად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.
პოლიციას ალინას მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქალების დახმარება თითქმის არ შეუძლია. ალინას თქმით, მფლობელები რეიდებს ყოველთვის მომზადებულნი ხვდებოდნენ და ხშირად ტრაბახობდნენ კიდეც პოლიციელებთან ნაცნობობით.
“მათ ყოველთვის იცოდნენ მოსალოდნელი რეიდის შესახებ” – ამბობს ალინა. ამის გამო პოლიციის ნდობა არც ქონია.
პოლიციას ქალები სუტენიორების მიერ გამზადებულ ტექსტით ხვდებოდნენ. ტექსტი იყო შემდეგი: ინტერნეტში ძრომიალისას აღმოაჩინეს, რომ გერმანულ ბორდელში კარგი ფულის გაკეთება შეიძლებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებლად იყიდეს ავტობუსის ბილეთი და გერმანიაშიც დამოუკიდებლად ჩამოვიდნენ.
ტყუილების ქსელი
ყველა გერმანელი პოლიციელი, რომელიც წითელ უბანში მუშაობს ამ ერთიდაიგივე ტყუილებსს ისმენს. ტყუილების მიზეზი ერთია – მოისპოს ყველა შესაძლო მინიშნება იმაზე, რომ აქ შეიძლება ტრეფიკინგს და ექსპლუატაციას ქონდეს ადგილი. ალინა და მის მდგომარეობაში მყოფი ქალები მიჩნეულნი არიან დამოუკიდებელ ქალებად, ბიზნესვუმენებად, რომელმაც თავისი პროფესია ძალდატანენის გარეშე აირჩია და გერმანული სახელმწიფოც ხელს უწყობს მათ ამ სერვის-ინდუსტრიაში კარგი სამუშაო პირობების შექმნით .
ეს არის სწორედ იმ ” პატივცემული სექსმუშაკის” იმიჯი, რომლის შექმნასაც პოლიტიკოსები ცდილობენ:
სექსმუშაკი, რომელიც თავისუფალია თავის არჩევანში, აკეთებს საქმეს რომელიც მოსწონს, სარგებლობს სოციალური დაზღვევის სისტემით და საბანკო ანაბარსაც ფლობს. სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებისთვის ისინი “მიგრანტი სექსმუშაკები” არიან, ამბიციური ქალები, ამბიციური სერვისის მიმწოდებლები, რომლებიც სათავისოდ იყენებენ იმ პრივილეგიებს რაც ევროკავშირში გაწევრიანებამ მოუტანათ(მთარგმნელის შენიშვნა:რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო გერმანულ ბაზარზე რუმინელი და ბულგარელი ქალების გამოჩენა)
2001 წელს გერმანულმა პარლამენტმა, სოციალ-დემოკრატების და მწვანეთა პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელობით, მიიღო პროსტიტუციის ახალი კანონი, რომელიც სექსმუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ახალი კანონის პირობებში ქალებს უკვე შეეძლოთ ეჩივლათ დამსაქმებლისთვის და ჩართულიყვნენ ჯანმრთელობის, უმუშევრობის ან საპენსიო დაზღვევის სისტემებში. კანონმდებლობის მიზანი იყო პროსტიტუცია გამხდარიყო ჩვეულებრივი პროფესია, ისევე, როგორც ბანკის ოპერატორი ან სტომატოლოგი. ეს ყოფილიყო სოციალურად მიღებული საქმიანობა და არა გაკიცხვისა და განსჯის საგანი.
თავისუფალი სექს ინდუსტრიის ქალი მხარდამჭერებიც საკმაოდ ნასიამოვნები იყვნენ ამ კანონის გასვლით. არის კადრები, სადაც მაშინდელმა ოჯახის მინისტრმა კრისტინ ბერგმანმა და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა კერსტინ მიულერმა ეს ამბავი შამპანურის ბოთლით აღნიშნეს გერმანული ბორდელის წარმომადგენელ, ფელიჩიტა ვაიგმანთან ერთად. ისინი აღნიშნავდნენ ფაქტს რომ ახლა კაცებს პროსტიტუციით სარგებლობა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლოთ.
დღეს პოლიციელებმაც, ქალთა ორგანიზაციებმაც თუ პოლიტიკოსებმაც უკვე იციან, რომ ეს კარგი განზრახვით მიღებული კანონი სხვა არაფერი აღმოჩნდა თუ არა სუბსიდიის პროგრამა სუტენიორებისთვის, ბაზარი კი უფრო და უფრო მიმზიდველი გახდა ტრეფიკერებისთვის.
ქალთა უფლებების გაძლიერება
პროსტიტუციის კანონის მიღებასთან ერთად ცვლილებები შევიდა სამოქალაქო კოდექსშიც . ცნება “პროსტიტუციის ხელშეწყობა” ჩანაცვლდა ცნებით “პროსტიტუციაში ჩართულების ექსპლუატაცია” ვინაიდან ახლა უკვე სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა ადგილი, თუ საქმიანობა ექსპლუატაციური აღმოჩნდებოდა. პოლიცია და სახელმწიფო ბრალმდებლები დღეს იმედგაცრუებულები არიან, ვინაიდან ექსპლუატაციის ელემენტი საკმაოდ ძნელად დასამტკიცებელია. მაგალითად, სუტენიორის/დამსაქმებლის ქცევა ითვლება ექსპლუატაციურად თუ ის სექსმუშაკის შემოსავლის ნახევარზე მეტს იტოვებს. ამის დამტკიცება კი საკმაოდ რთულია. 2000 წელს თუ 151 პიროვნება დაისაჯა კანონით, 2011 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 32 იყო.
კანონის ინიციატორების მიზანი სექსმუშაკების, და არა სუტენიორების, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რახან ბორდელებს უკვე დაუსჯელობის გარანტია ქონდათ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც იზრუნებდნენ.
კანონის ცვლილებამდე პროსტიტუცია როგორც ასეთი პრაქტიკულად არც ისჯებოდა, თუმცაღა ამორალურად მიიჩნეოდა . ხელისუფლება თვალს ხუჭავდა ბორდელებზე და ევფემისტურად ოთახების გაქირავების სერვისად მოიხსენიებდნენ მათ.
დღეს, კანონის ცვლილებიდან 11 წლის თავზე “გერმანული ეროტიკული კომპანიების დამსაქმებელთა ასოციაცია(UEGD)”-ს ცნობით გერმანიაში გვაქვს 3000-დან 3 500 წითელი უბანი/პროსტიტუციის წერტილი. Ver.di(მომსახურების სფეროს პროფკავშირი)-ს შეფასებით წლიური შემოსავალი პროსტიტუციიდან 14.5 მილიარდი ევროა.
ბერლინში 500 ბორდელია, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარ ქალაქ ოსნაბრუკში-70, ხოლო საფრანგეთის საზღვართან მდებარე ოლქში, საარლანდში 270-მდე. ფრანგი კაცები ხშირად სტუმრობენ საარლანდს. საუნა კლუბი, არტემისი, რომელიც აეროპორტთან ახლოს მდებარეობს დიდი რაოდენობით ინგლისელ და იტალიელ ტურისტებს მასპინძლობს.
ტურისტული სააგენტოები ბორდელის ტურებს გვთავაზობენ. ტურის ხანგრძლივობა შეიძლება 8 დღეც კი იყოს. “ეს გასეირნება ლეგალური და უსაფრთხოა”, ვკითხულობთ ერთ-ერთი პროვაიდერის ვებგვერდზე. ის პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს “100-მდე შიშველ ქალის’’ გარემოცვას , რომლებსაც ქუსლიანი ფეხსაცმლის გარდა არაფერი აცვიათ. კლიენტებს აეროპორტშივე ხვდებიან და BMW 5-ის მოდელის მანქანებით ბორდელში მიყავთ.
flat rate ჰორორი
ამ ასე ვთქვათ ნუდისტური საუნა კლუბების გარდა, სადაც კაცები პირსახოცშემოხვეული ხოლო ქალები შიშვლები დადიან, ბაზარზე ადგილი დაიკავა დიდმა ბორდელებმაც.
ისინი სერვისებს ფიქსირებულ ფასად გვთავაზობენ. როცა 2009 წელს შრუტგარდის ახლოს Pussy Club გაიხსნა, მათი სერვისები ასე იყო რეკლამირებული: განუსაზღვრელი რაოდენობის ქალთან განუსაზღვრელი რაოდენობის სექსი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით: სექსი. ანალური სექსი. ორალური სექსი კონდომის გარეშე, თრისამი, ჯგუფური სექსი, გენგ ბენგი. ეს ყველაფერი ერთად დღის საათებში 70 ევრო, საღამოს საათებში 100 ევრო.
პოლიციის ცნობით, პირველივე კვირაში ამ შეთავაზებით 1700-მდე კლიენტმა ისარგებლა. შორეული ადგილებიდან ავტობუსებით ჩამოდიოდნრნ და როგორც ადგილობრივი გაზეთები იუწყებოდნენ, ბორდელის გარეთ 700 კაციანი როგი იდგა. მოგვიანებით, ინტერნეტის ჩათ რუმებში გამოჩნდა უკმაყოფილო კლიენტების განცხადებები, რომ სერვისი არადამაკმაყოფილებელი იყო და რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ეს ქალები არაფრად ვარგოდნენ.
“ბიზნესი გართულდა” ამბობს ნიურბერგის სოციალური მუშაკი ანდრეა ვეპერტი. ის სექსმუშაკებთან 20 წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდში სექსმუშაკების რაოდენობა გასამმაგდა. ვეპერტის თქმით, ქალების ნახევარზე მეტს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი. ისინი ქალაქიდან ქალაქში დადიან, რათა ბაზარს ახალი სახე შესთავაზონ და ამით მეტი ფული გამოიმუშავონ. “დღეს პროსტიტუტების უმეტესობას სამსახურის მერე სახლი არ ელოდებათ. ისინი სამუშაო ადგილზე ცხოვრობენ” წერს ყოფილი სექსმუშაკი დორის ვინტერი აკადემიური სერიებისთვის “პროსტიტუციის კანონი”. ‘’ქალები იმავე ოთახებში ცხოვრობენ, სადაც მუშაობენ’’, ამბობს ის.
შემცირებული ფასები.
პირობების გაუარესებისა მიუხედავად, გერმანია კვლავ ქალების თავმოყრის მთავარ ადგილად რჩება. გერმანიაში პროსტიტუციის ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია. ამ ფაქტს არც ბორდელის მეპატრონეები უარყოფენ.
ჰოლდერ რეტიკი UEGD-იდან(დამსაქმებლების ასოციაცია ეროტიკულ სფეროში) ამბობს, რომ ბაზარზე რუმინელი და ბულგარელი ქალების რაოდენობა საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს ორი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდა. ამ ჭარბმა შემოდინებამ ბაზარზე ფასები დააგდო, ამბობს რეტიკი. მისი თქმით პროსტიტუციის ბიზნესი რადიკალური საბაზრო ეკონომიკით ხასიათდება და არა სოციალური საბაზრო ეკონომიკით.
მიუნხენის პოლიციის უფროსი ვილჰელმ შმიდბაური დანანებით აღნიშნავს, რომ რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ტრეფიკინგის ბუმია, თუმცა ასევე აღნიშნავს რომ გამოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ხელი არ მიუწვდება. მაგალითად, არ აქვს ტელეფონების მოსმენის უფლება. ამ მიზეზით ტრეფიკინგის ოფიციალური შემთხვევები საკმაოდ მცირეა. ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვამტკიცებთ, ამბობს ის.
ტრეფიკერების კვალის მიყოლა რთულია. სინა ერთ-ერთი ქალია რომელიც მათ აღმოსავლეთ ევროპიდან წამოიყვანეს. შტუტგარტის ცენტრში, ქალთა საინფორმაციო ოფისის ფსიქოლოგთან ის საკუთარ ისტორიას ყვება. კორჰანაში, მის მშობლიურ სოფელში, რომელიც რუმინეთის და მოლდოვის საზღვართან მდებარეობს, მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. სინა და სხვა გოგოები წყალს წყაროდან ეზიდებიან ხოლმე. როგორც კონკიას ზღაპარშია. აქ ყველა გოგო ელოდება რომ გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც მათ ამ პირქუში რეალობიდან დაიხსნის.
სწორედ ასეთი კაცი იყო მარიანი, რომელიც სოფელში დიდი BMW-თი გამოჩნდა. სინას ის ერთი ნახვით შეუყვარდა. მარიანმა უთხრა, რომ გერმანიაში სამუშაო იყო და მისმა მშობლებმაც ხელი მოაწერეს არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლის ნებართვაზე. შიფერსტატისკენ მიმავალ გზაზე მარიანმა სინას ალკოჰოლი მისცა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
მარიანმა ის “არანაირი საზღვრების” მქონე, flat rate ბორდელში მიიყვანა. სინა იმ დროს 16 წლის იყო და დღეში 30 კაცს ემსახურებოდა. დროგამოშვებით 100 ევროს აძლევდნენ. მარიანმა, რომელიც პოლიციის რეიდებზე დარდობდა, საბოლოოდ ის უკან რუმინეთში გაუშვა. მაგრამ სინა დაბრუნდა და პროსტიტუციაში მუშაობა განაგრძო. ის იმედოვნებდა რომ ერთ დღესაც კლიენტს შეუყვარდებოდა და ამ ყველაფრისგან იხსნიდა.
არანაირი ხელშესახები გაუმჯობესება.
გააუმჯობესა თუ არა პროსტიტუციის კანონმა სიტუაცია ისეთი ქალებისთვის როგორიც სინაა? მისი მიღებუდან 5 წლის შემდეგ ოჯახის სამინისტრომ ახალი კანონდებლობის გავლენები შეაფასა. რეპორტში ვკითხულობთ, რომ მიზანი მხოლოდ ნაწილობრივაა მიღწეული და რომ დერეგულაციას არანაირი გაუმჯობესება არ გამოუწვევია სექსმუშაკების სოციალური დაზღვევის/უზრუნველყოოფის ასპექტში. არც სამუშაო პირობები და არც პროსტიტუციისთვის თავის დაღწევის შესაძლებლობა არ გაუმჯობესებულა. და ბოლოს, რეპორტის მიხედვით, მოცემული თარიღისთვის კრიმინალური მდგომარეობის შემცირების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
სასამართლოს თითქმის არ ახსოვს შემთხვევა რომ სექსმუშაკს ხელფასის გამო ეჩივლოს. გამოკითხული ქალების მხოლოდ 1% ამბობს რომ ოდესმე დამსაქმებელთან შრომის კონტრაქტი ქონიათ. ის ფაქტი, რომ პროფკავშირმა ver.di-მ სექს ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის შრომითი კონტრაქტის ნიმუში მოამზადა, დიდად არაფერს ცვლის. როგორც ver.di-ის მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ბიზნეს-ოპერატორი(ბორდელი) აცხადებს ახალ კანონი მოსწონს, ვინაიდან მან რეიდების ალბათობა შეამცირა. “რეალურად კანონი ბორდელ-ოპერატორებისვის უფრო სასრგებლო აღმოჩნდა ვიდრე დასაქმებული სექსმუშაკებისთვის”, ამბობს ის.
გერმანიაში, იმისთვის რომ კვების მოძრავი ობიექტი გქონდეს, უნდა აკმაყოფილებდე DIN 10500/1 სტანდარტს “მალფუჭებადი პროდუქტის სავაჭრო ავტომატებით გაყიდვის შესახებ”, რომელიც მაგალითად საპნის დისპენსერის და ერთჯერადი ხელსახოცების ქონას გავალდებულებს. ბორდელ-ოპერატორებისთვის არანაირი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ერთადერთი რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ ოფიციალურად განაცხადონ საქმიანობის დაწყების შესახებ.
სექსმუშაკები ოფიციალურ რეგისტრაციას ერიდებიან. ჰამბურგში, რიპერბანის წითელ უბანში მხოლოდ 153 ქალია ქალაქის საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებული. თუ მთავრობას უნდა, რომ სექსმუშაკებმა გადასახადები გადაიხადონ. სანაცვლოდ უნდა აწესებდეს თუ არა პროფესიისთცის რაიმე რეგულაციებს? მთავრობის როლი უცნაურად გამოიხატება: ბონის სექსმუშაკები ყოველ საღამოს ავტომატიდან “საგადასახადო ბილეთს” ყიდულობენ, რომელიც 6 ევრო ღირს და დილის 6 საათამდეა ვალიდური.
ბიგ მაკი სექსის სანაცვლოდ
კიოლნის სამხრეთ ნაწილში, გესტემიუნდერის ქუჩაზე, ფორდის საწარმოდან არცთუ ისე შორს, ტერიტორიაზე, სადაც წამალდამოკიდებილი სექსმუშაკები მუშაობენ, გასდასახადენის აკრეფა არ ხდება.
სოციალური პროექტის ფარგლებში, აქ ეგრეთწოდებული “სამუშაო ჯიხურებია” განთვსებული. ეს არის გადახურულ სივრცეში მოწყობილი საპარკინგე ადგილები მანქანაში სექსისთვის. გარედან ვერაფრით შეატყობ რომ ეს პროსტიტუციის ადგილია. გარდა იმისა, რომ მინიშნებაა იმაზე, რომ გადაადგილების სიჩქარე 10 კილომეტრია საათში და რომ მანქანები საათის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა შევიდნენ.
გაზაფხულის ცივ საღამოს, მიმდებარე ტერიტორიაზე 20მდე ქალი დგას. ზოგს გასაშლელი სკამი აქვს მოტანილი, სხვები კი გადაკეთებულ ავტობუსის გაჩერებებზე სხედან. ფასზე შეთანხმების შემდეგ კლიენტებს ისინე “ჯიხურებში” მიყავთ. 8 გადახურული ჯიხურთან ერთად აქ არის სპეციალური ოთახი ველოსიპედით ან ფეხით მოსულებისთვის, ბეტონის იატაკითა და ბაღის სკამებით. ყველა “ჯიხურს” განგაშის ღილაკი აქვს და ტერიტორიას ყოველ საღამოს კათოლიკე ქალთა სოციალური სერვისების ჯგუფი ამოწმებს.
ალია, 23 წლის ქალი ქერა პარიკით, ცდილობს ალკოჰოლის სუნი პიტნის არომატით გაიქროს. საკუთარ თავზე და სხვა ქალებზე საუბრისას, ის ამბობს რომ ხალხს აქ რეალური პრობლემები აქვთ.
ალიას გზა გეშტემიუნდერის ქუჩამდე მაშინ დაიწყო, როცა მან სკოლა მიატოვა და საცხოვრებლად თავის შეყვარებულთან ერთად გადავიდა, რომელმაც ის შემდგომ ქუჩაში გაუშვა სამუშაოდ. “პროსტიტუციაში ფინანსური სირთულეების და სიყვარულის გამო ჩავერთე” ამბობს ის. მალე მის ცხოვრებაში მარიხუანა, კოკაინი, ამფეტამინი და ალკოჰოლი გაჩნდა. “ყველა პროსტიტუცია შეიცავს იძულების და დისტრესის ელემენტებს” ამბობს ის. ქუჩაში უკვე სამი წელია მუშაობს. “ქალი რომელსაც საქმე კარგად აქვს, ასეთ მდგომარეობაში არ იმუშავებს” ამბობს ალია.
ორალური და ვაგინალური სექსისთვის ფასი აქ 40 ევრო იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ქალაქ დორტმუნდმა ქუჩის ადგილები დაკეტა, იქაურმა სექსმუშაკებმა კიოლნში დაიწყეს გადმოსვლა. “ქალების რაოდენობა იზრდება, რის გამოც მათ ფასების შემცირება უწევთ, რათა რაღაც მაინც გამოიმუშავონ. ბულგარელი და რუმინელი ქალები 10 ევროზე ნაკლებსაც თანხმდებიან. ერთი ქალი აქ ამას ბიგ მაკის სანაცვლოდ აკეთებს”, – ამბობს ალია.
გერმანიის ტრეფიკინგის პრობლემა
აღმოსავლეთ ევროპელი ქალები გესტემიუნდერის ქუჩაზე მაინც იშვიათობაა. ისინი მოარიდეს საპასპორტო კონტროლს, რომელსაც პოლიცია ტრეფიკინგის და ექსპლუატაციის აღმოჩენის მიზნით ახდენს. ახლა აღმოსავლეთ ევროპელები კიოლნის სამხრეთ ნაწილში მუშაობენ, თუმცა ეს ჩრდილოეთის უბანში ფასების კლებაზე მაინც აისახება.
2007 წელს ნიუიორკელმა კონგრესმენმა და კონგრესში ტრეფიკინგის კრების დამფუძნებელმა ქეროლაინ მანოლიმ ლას ვეგასში და მის შემოგარენში პროსტიტუციის ლეგალიზაციის შედეგებზე დაწერა. “ერთ დროს გულუბყვილოდ გვჯეროდა, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება სექსმუშაკების ცხოვრებას გააუმჯობესებდა და ბიზნესიდან ორგანიზებულ დანაშაულს მოაშორებდა. ეს მხოლოდ ფანტაზია აღმოჩნდა.”
წითელ უბნებში მომუშავე გერმანელი სამართლის ოფიცრები ჩივიან, რომ ბორდელებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. “გერმანია აღმოსავლეთ ევროპელი ქალების ექსპლუატაციის ცენტრად იქცა, ისევე როგორც სხვადასხვა წარმომავლობის ორგანიზებული დამნაშავეების საქმიანობის ადგილად” ამბობს მანფრედ პოლუსი, გადამდგარო უფროსი დეტექტივი ულმიდან.
ოფიციალური სტატისტიკით, გერმანიას პროსტიტუციის და ტრეფიკინგის პრობლემა არ აქვს. ფედერალური კრიმინალური პოლიციის(BKA) განმარტებით, 2011 წელს პროსტიტუციის მიზნით ტრეფიკინგის 636 ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირდა. რაც 3-ჯერ ნაკლებია 10 წლის წინანდელ სტატისტიკაზე. აქედან 13 მსხვერპლი 14 წლამდეა, 77 კი 18 წლამდე.
აქ ბევრი ქალია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ” რომელთა მფგომარეობაც აშკარა ტრეფიკინგზე მიგვანიშნებს, მაგრამ სასამართლოში გამოსადეგი მტკიცებულების პოვნა ძალიან რთულია”, ვკითხულობთ პოლიციის რეპორტში. “ყველაფერი ქალების ჩვენებებზეა დამოკიდებული, თუმცა პოლიციასთან თანამშრომლობისგან ისინი თავს იკავებენ, განსაკუთრებით რუმინელი და ბულგარელი ქალები. მაშინაც კი, თუ ჩვენების მიცემას გაბედავენ, შემდგომ ეს ჩვენება ხშირად უკან მიაქვთ.
კანონიერი სასჯელის შემცირება
მაქს პლანკის სახელობის უცხოური და საერთაშორისო კრიმინალური სამართლის ინსტიტუტმა ჩატარებული მოკვლევით დაასკვნა, რომ ტრეფიკინგის ოფიციალური სტატისტიკა ოდნავადაც ვერ ასახავს მის რეალურ მასშტაბებს.
საშინაო საკითხებში ევროპის კომისრის, სესილია მალსტრომის რეპორტის თანახმად, ევროკავშირში არსებული ტრეფიკინგის პსხვერპლი 23 600 ადამიანიდან 2/3 სექსუალური ექაპლუატაციის მსხვერპლია. ის გერმანიას ურჩევს მეტი იმუშაოს ტრეფიკინგის საკითხებზე.
მაგრამ რა ხდება თუ თვითონ პროსტიტუციის კანონი უწყობს ხელს ტრეფიკინგს? მოახდინა თუ არა კანონმა პროსტიტუციის და შესაბამისად ტრეფიკინგის ზრდის წახალისება?
ალექს დრეერი, საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 150 ქვეყნის მონაცემებს იკვლევს. მართალია რიცხვები არაზუსტია, ისევე როგორც ტრეფიკინგის ნებისმიერი სტატისტიკა. თუმცა ფიქსირდება საერთო ტრენდი: ქვეყნებში სადაც პროსტიტუცია ლეგალურია, ტრეფიკინგიც უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
გერმანიაში მომუშავე ქალების უმრავლესობა ქუჩიდან არ მოუტაციათ. ბევრ მათგანს არც გერმანულ საცხობში მუშაობის ილუზია ჰქონდა. მათ უმრავლესობას სინასნაირი ქალები წარმოადგენენ, რომლებიც სიყვარულის გამო კაცს გერმანიაში გაყვნენ, ან ალინასნაირი ვინც წინასწარ იცოდა, რომ პროსტიტუციაში მოუწევდა დასაქმება. მაგრამ არ იცოდა რომ საქმიანობიდან აღებული ფულიდან თითქმის არაფრის დატოვების უფლება ექნებოდათ.
იზარის მიწისქვეშა დილეგი
18 წლის რუმინელი ქალი პოლიციასთან თავის ისტორიას ყვება. მის სოფელში რამდენიმე ადამიანი, 3 კაცი და 2 ქალი გამოჩნდა, რომლებმაც ძიძად მუშაობა შესთავაზეს. როდესაც მიუნხენში ჩავიდნენ, თვალები აუხვიეს და მიწისქვეშა სარდაფში ჩაიყვანეს, რომლის კარიც მხოლოდ უსაფრთხოების კოდით იღებოდა. ბნელ ოთახში სხვა ქალიც დახვდა, კედლის იქიდან კი წყლის ხმა ისმოდა. პოლიციის ვარაუდით ეს სამალავი მდინარე იზარის( რომელიც მიუნხენში ჩამოდის)ახლოს მდებარე რომელიმე მიტოვებული ქარხანაში უნდა მდებარეობდეს. ახალგაზრდა ქალის თქმით ის გააუპატიურეს, ხოლო მას შემდეგ რაც ბორდელში მუშაობაზე უარი განაცხადა, ცემეს.
ვინაიდან ქალს დამნაშავეების სახელები ახსოვდა, მათი იდენტიფიცირება და დაჭერა მოხერხდა. იმის გამო, რომ დამნაშავეები კითხვებზე არ პასუხობენ, დილეგის ადგილსამყოფელი პოლიციისთვის კვლავ უცნობი დარჩა. მსხვერპლი მოწმეთა დაცვის პროგრამაშია.
ხანდახან გოგოებს პროსტიტუციაში სამუშაოდ საკუთარი მშობლებიც უშვებენ. ასე დაემართა კორას, რომელიც მოლდოვიდანაა. კორა ჰოსტელში ცხოვრობს, რომელსაც რუმინული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრი მართავს. კორას ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოლდოვაში როგორც კი გოგოები 15-16 წლის ასაკს მიაღწევენ, მამებისგან და ძმებისგან ხშირად ესმით ფრაზები “წადი იბოზავე და ფული მოიტანე”
ძმებმა კორა სამუშაოდ ახლომდებარე ქალაქის დისკო კლუბში წაიყვანეს. მისი მოვალეობა მხოლოდ სასმლით გამასპინძლება იყო. თუმცა მალევე გაიცნო კაცი, რომელსაც რუმინული კონტაქტები ჰქონდა და რუმინეთში მუშაობა შესთავაზა. ‘’მან მითხრა რომ იქაურ დისკო კლუბებში გაცილებით კარგად იხდიდნენ’’. კორაც დათანხმდა. ასე მოხვდა ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი გერმანიაში.
“ემანსიპაციის პროცესი”
კორას ნიურბერგში მთელი დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ. უკვე იცოდა ამის შემდეგ რაც ელოდა – ბორდელში მუშაობა, გერმანიის ერთ-ერთ უძველეს წითელ უბანში Frauentormauer-ში. დღეში 18 საათს მუშაობდა. კლიენტებს შორის პოლიციელებიც ჰყავდა. თუმცა “ისინი ვერაფერს ამჩნევდნენ. ან უბრალოდ არც აინტერესებდათ”.
2012 წლის შობას ბორდელი ძალიან გადატვირთული იყო. პატრონმა უთხრა რომ 24 საათიანი გრაფიკით უნდა ემუშავა. უარის მიღების შემდეგ კი სახის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. ჭრილობიდან იმდენი სისხლი წამოუვიდა, რომ საავადმყოფოში წასვლის უფლებაც კი მისცეს. კლიენტი, რომლის ტელეფონიც იცოდა, რუმინეთში გაფრენაში დაეხმარა. იქ კორამ საჩივარი შეავსო თავისი სუტენიორის წინააღმდეგ. მოგვიანებით სუტენიორმა დაურეკა და კვალზე დადევნებით დაემუქრა.
ასეთი ისტორიების მიუხედავად, გერმანელი პოლიტიკოსები რაიმეს გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავენ. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ პროსტიტუციაზე დებატების დროს იდეოლოგიურად სწორი პოზიციის ქონას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე არსებულ მძიმე რეალობას.
მაგალითად, როდესაც შარშან ჰამბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა კონფერენცია ჩაატარა პროსტიტუციის საკითხებში, იქ ითქვა რომ პროსტიტუცია ,”როგორც სექს ინდუსტრია, აღიარების პირობებში ემანსიპაციის და პროფესიონალიზაციის პროცესს გადის”
მსგავსი განცხადებები შოკისმომგვრელია სამართლის პროფესორ რაჰელ გუგელისთვის. გუგელი, რომელიც სამართალში სოციალური სამუშაოს განხრით სპეციალიზდება, პროსტიტუციაზე დისერტაციის ავტორია და სხვადასხვა დახმარების ორგანიზაციებში მუშაობს, აცხადებს რომ მსგავსი განცხადებები აბსურდულია და არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
ლეგალიზაციის მომხრეები აცხადებენ, რომ ყველას უნდა ქონდეს იმ პროფესიით მუშაობის უფლება, რომელსაც თავად აირჩევს. ზოგიერთი ფემინისტი ტაშს უკრავს სექსმუშაკების ემანსიპირებულობასაც. მათი თქმით, ქალებს უფლება აქვთ თავიანთი სხეული თავადვე განაგონ. თუმცაღა. პრაქტიკა გვიჩვენებს რამდენად ბუნდოვანია ზღვარი ნებაყოფლობით და იძულებით პროსტიტუციას შორის. მაგალითად, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ალინას და სინასნაირი ქალები პროსტიტუციაში ნებაყოფლობით არიან? რომ ეს მათი დამოუკიდებელი არჩევანია? “გერმანიის პოლიტკორექტული პოზიცია რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თითოეული ქალის არჩევანს, მათი რეალურად დაცვის გზას არ გვიტოვებს”, ამბობს გუგელი.
დაისაჯოს კლიენტი და არა სექსმუშაკი
1999 წელს, როცა შვედეთმა სექსის ყიდვა დასჯადი გახადა, ევროპელი მეზობლებისთვის ეს დაუჯერებელი ამბავი იყო. პირველად ხდებოდა, რომ კლიენტი იყო ის, ვინც ისჯებოდა და არა სექსმუშაკი
“პროსტიტუცია მიწისქვეშეთში ინაცვლებს” წერდა მაშინ გავლენიანი გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. მათი თქმით ეს იყო “ქალთა მოძრაობის მარცხი” და “დოგმატური ფემინიზმის” შედეგი. შეიძლება თუ არა, რომ საზოგადოებას, რომელსაც სურს კდემამოსილებისგან თავისუფალი იყოს, კაცები სექსუალური სერვისების მოხმარებისთვის დასაჯოს? კი შეიძლება, ამბობს შვედი აქტივისტი კაისა ეკის ეკმანი და საბუთად თავისი ქვეყნის წარმატება მოყავს, სადაც უფროდაუფრო ცოტა კაცია მზად სექსში ფული გადაიხადოს და სადაც ამის უფრო და უფრო მეტს სცხვენია. “სანამ ამ კანონს მივიღებდით 8-დან 1 კაცი მომხმარებელი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 12-დან ერთია.”
რათქმაუნდა პროსტიტუცია არ გამქრალა, თუმცა ქუჩის პროსტიტუცია განახევრდა. სექსმუშაკების მთლიანი რაოდენობა სავარაუდო 2500 დან 1000-1500-ზე ჩამოვიდა. სუტენიორებს კვლავ მოყავთ ქალები აღმოსავლეთ ევროპიდან მინივენებით და ქალაქის გარეუბნებში ბანაკდებიან, მაგრამ ამას დიდი ბიზნესის სახე აღარ აქვს. კრიტიკოსები ამბობენ რომ პროსტიტუცია გაიზარდა, უბრალოდ ბინებში და ინტერნეტში გადაინაცვლა(და ამიტომ აღარ არის ხილული) და ზოგიერთი კაცი ეხლა ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ბორდელებში დადის მომსახურების მისაღებად.
შვედეთის კანონისთვის ამოსავალი წერტილი არა ქალის ავტონომიური არჩევანი, არამედ სქესთა შორის თანასწორობააა. უფრო მარტივად, შვედური მიდგომის მიხედვით, პროსტიტუცია თავისთავად ექსპლუატაციაა და ძალაუფლები არათანაბარ გადანაწილებას გულისხმობს. ფაქტი, რომ კაცს ქალის სექსისთვის ყიდვა შეუძლია, აყალიბებს აღქმებს, რომელიც დამაზიანებელია როგორეც თანასწორობის იდეისთვის, ასევე ზოგადად ქალებისთვის.
შვედეთში ისჯება კლიენტი, სუტენიორი და ტრეფიკერი, მაგრამ არა სექსმუშაკი. მიდგომის მიზანი მოთხოვნის იმ დონეზე შემცირებაა, რომ პროსტიტუცია ტრეფიკერებისთვის და ექპლუატატორებისთვის არამომგებიან ბიზნესად იქცეს. 2 თვის წინ კლიენტებისთვის მაქსიმალური სასჯელის ვადაც 6-დან 12 თვემდე გაიზარდა.
1999 წლიდან დღემდე პოლიციამ შვედეთში ამ დანაშაულისთვის 3 700 კაცი დააპატიმრა, უმეტესი მათგანის შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლნენ. კანონის ავკარგიანოვაზე დებატები შვედეთშიც არსებობს, თუმცა კანონს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მისი მიღების 10 წლისთავზე შვედების 70 % ამბობს, რომ კლიენტების კრიმინალიზების მომხრეა და არა იმ ქალების, ვისაც ისინი უხდიან.
პიერეტ პეიპი ბრიუსელში “ევროპული ქალთა ლობის” (რომლის ქოლგის ქვეშ ევროპის 2 000 ქალთა ორგანიზაცია ერთიანდება) სპიკერია. მისი თქმით, ” დღეს შვედეთში პატარა ბიჭები იზრდებიან იმ ფაქტთან ერთად, რომ სექსის ყიდვა დანაშაულია. პოლანდიაში პატარა ბიჭი იზრდება ცოდნით, რომ ფანჯრებში გამოფენილი ქალები (იგულისხმება ამსტერდამის წითელი ფანჯრები), როგორც მასობრივი წარმოების საქონელი, ისე შეუძლიათ შეუკვეთონ”
პეიპი გაკვირვებულია თუ რატომ არ აპირებს გერმანია ტრეფიკინგთან დაკავშირებით თავის პოლიტიკას სერიოზულად გადახედოს. “ამაზე დებატები ევროპის მასშტაბით დაწყებულია და იმედია გერმანელი პოლიტიკოსები და დახმარების ორგანიზაციებიც მეტ ყურადღებას დაუთმობენ ამ საკითხს, ვიდრე მანამდე უთმობდნენ”.
შვედეთის გზას რამდენიმე ევროპული ქვეყანაც გაყვა. 2009 წელს ისლანდიამ და ნორვეგიამაც მსგავსი კანონი მიიღეს(მთარგმნელის შენიშვნა:ამ სტატიის გამოქვეყნების(2013) შემდეგ პროსტიტუციის შვედური მოდელი მიიღეს შემდეგმა ქვეყნებმა: კანადა(2014), ჩრდილო ირლანდია(2015),საფრანგეთი(2016), ირლანდია(2017), ისრაელი(2018) )
ხისტი მიდგომა
2009 წელს, ქალი პოლიტიკოსები გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ბიზნეს-მეგობრული თავისუფალი დემოკრატების და მწვანეთა პარტიიდან ბუდესრატში, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდნენ ინიციატივით “არაჰუმანური flat-rate სერვისების” წინააღმდეგ, თუმცა არანაირი შედეგი ამას საკანონმდებლო დონეზე არ მოყოლია.
ნიდერლანდებმა გერმანიაზე ორი წლით ადრე აირჩია ლეგალიზაციის გზა. ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრი და ჰოლანდიის პოლიცია აღიარებენ, რომ ამას სექსმუშაკებისთვის არანაირი ხელშესახები გაუმჯობესება არ მოყოლია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოდ უფრო გაუარესებულია და გაზრდილია წამალდამოკიდებულთა რიცხვი. ჰოლანდიური პოლიციის შეფასებით, სექსმუშაკების 50-90% პროსტიტუციაში არანებაყოფლობით იმყოფება.
სოციალ-დემოკრატი ლოდევიკ აშერი მიიჩნევს რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია “ეროვნული შეცდომა” იყო. ჰოლანდიის მთავრობა ტრეფიკინგის და იძულებითი პროსტიტუციის აღმოსაფხვრლად ამჟამად კანონის გამკაცრებას გეგმავს.
გერმანელები ჯერჯერობით ამისგან შორს არიან. მწვანეთა პარტიაში, რომელმაც ინსტრუმენტალური როლი ითამაშა 12 წლის წინ პროსტიტუციის ლეგალიზებაში, არაფერს ნანობენ. კერსტინ მიულერი, მწვანეთა პარტიის იმჟამინდელი სპიკერი ამბობს, რომ ახლა სხვა საქმეებითაა დაკავებული. ასევე ერთ-ერთი მაშინდელი ლიდერი ირმინგარდ შიუ გერიკი ამბობს, რომ კანონი მშვენიერი იყო, უბრალოდ მისი ზედმიწევნით იმპლენტაცია ვერ მოხერხდა. საინტერესო ის არის, რომ შიუ გერიკი ამჟამად ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Terre des Femmes თავმჯდომარეა, რომლის დეკლარირებული მიზანიც არის “საზოგადოება პროსტიტუციის გარეშე”.
კანონს დღემდე მხარს უჭერს მისი მესამე პიონერიც ვოლკერ ბეკიც. ის ამჟამად უკვე მომხრეა დაინერგოს პროგრამები, რომელიც პროსტიტუციისთვის თავის დანებების მსურველთათვის იქნება განკუთვნილი (როგორც ეს შვედეთშია), თუმცა ამბობს რომ შვედეთი გერმანიისთვის მაინც ვერ იქნება მაგალითი. “აკრძალვა არაფერს აუმჯობესებს, ვინაიდან ეს ყველაფერი ისეთ ადგილებში გადაინაცვლებს, რასაც ძნელად თუ გააკონტროლებ”, ამბობს ის. “ამ ბიზნესს კრიმინალური ბანდები ჩაიგდებენ ხელში”, დასძენს ის. — თითქოს ამჟამად ბიზნესი პატიოსანი ბიზნესმენების ხელშია.
უკანონობის არეალი
მწვანეების მცირე ნაწილი ამ პოზიციებს არ იზიარებს. “ინდუსტრიის დიდი ნაწილი ისედაც დანაშაულებრივ ფარგლებში მოქმედებს” ამბობს თეკლა ვოკერი შტუტგარტიდან. ის საკუთარი პარტიისგან პროსტიტუციაზე პოზიციის შეცვლას მოითხოვს.
“დამოუკიდებელი სექსმუშაკი, როგორც ეს 2001 წელს კანონის მიღებისას წარმოვიდგინეთ , რომელსაც თანაბარ პირობებში უწევს კლიენტთან მოლაპარაკება და რომელსაც საკუთარი შემოსავლით შეუძლია თავის რჩენა, აღმოჩნდა რომ გამონაკლისს წარმოადგენს”, ნათქვამია ვოკერის მიერ პარტიის ყრილობაზე წარმოდგენილ წინადადებაში. ” ახლანდელი კანონები ქალებს ექსპლუატაციისგან არ იცავს, ის უბრალოდ სთავაზობს თავისუფლებას იყვნენ ექსპლუატირებულნი”. ის ამბობს, რომ მწვანეებმა თვალი არ ინდა დახუჭონ “სექსმუშაკების კატასტროფულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებზე”
ვოკერმა წინადადება უკან გამოიტანა, ვინაიდან საკუთარ პარტიაშიც კი ვერ მოიპოვა უმრავლესობის მხარდაჭერა.
“გერმანიაში, ის ვინც პროსტიტუციის წინააღმდეგ ლაპარაკობს, მორალისტად ითვლება”, ამბობს პროფესორი გუგელი. “პოლიტიკოსები კი ამ საკითხით აღარც ინტერესდებიან”
მთლად ლეგალური
ალინამ ბორდელიდან თავის დაღწევა მოახერხა. ერთ-ერთი რეიდის შემდეგ, ის და ათი სხვა ქალი გაიქცნენ და თავი სამეზობლოში მდებარე თურქულ რესტორანს შეაფარეს. რესტორნის მფლობელის ძმამ, რომელიც მათი კლიენტი იყო, ისინი დამალა. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით ავტობუსი იქირავა და მათი რუმინეთში გამგზავრება უზრუნველყო. სუტენიორებმა ავტუბუსის შეჩერება სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს.
ალინა ახლა მშობლების სახლში ცხოვრობს. მათთვის არც მოუყოლია, რა გადახდა თავს. ის მუშაობს, მაგრამ არ ამბობს სად. ამბობს რომ შემოსავალი მგზავრობაში, ტანსაცმელში და ცოტა მაკიაჟშიც ყოფნის.
ალინა ხანდახან ტრეფიკინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცენტრს AIDrom-ს სტუმრობს ქალაქ ტიმისოარაში. აქ ის ფსიქოლოგ ჯორჯიანა პალცუს ელაპარაკება, რომელივ მისთვის სამუშაოს მოძიებას ცდილობს პარიკმახერად ან მზარეულად. პალცუ ამბობს, რომ ტრეფიკინგს თავდაღწეულ ახალგაზრდა ქალებთან საუბრები მძიმე და უსასრულოა, თუმცა ის მათ ოპტიმიზმისკენ მოუწოდებს.
პალცუს ილუზიები არ აქვს. მაშინაც კი თუ სტაჟიორის პოზიცია გამოჩნდება, დიდი ალბათობით ქალები ამაზე არ დათანხმდებიან, ვინაიდან ასეთ პოზიციებზე 40-საათიანი სამუშაო კვირისთვის 200 ევროზე მეტს არ იხდიან. შედეგად, როგორც პალცუ ამბობს, გერმანიიდან დაბრუნებული ბევრი ქალი კვლავ სექსმუშაკად აგრძელებს მუშაობას. ‘’რა გითხრათ? შეუძლებელია 200 ევროდ იცხოვრო’’, ამბობს ის.
‘’აეროპორტის მუტლების’’ ბორდელი შიონეფელდში აღარ არსებობს. ის კლუბმა ეროტიკამ ჩაანაცვლა, რომელიც flat rate სერვისებს აღარ გვთავაზობს. თუმცა კლიენტებისთვის არჩევანი მაინც დიდია. აქედან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ‘ქინგ ჯორჯი’ flat rate ფასებზე გადავიდა. მისი მენეჯმენტი იყენებს სლოგანს “Greed is hot”. სულ რაღაც 99 ევროდ კლიენტს შეუძლია სექსით და სასმლით მანამდე ისიამოვნოს, სანამ კლუბი არ დაიკეტება. ანალური სექსი, უკონდომო ორალური სექსი და ენით კოცნა დამატებითი ფასი ღირს. ‘ქინგ ჯორჯი’ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გენგბენგ წვეულებებს გვთავაზობს.
ეს ყველაფერი ლეგალურია.
წითელ უბნებში მომუშავე გერმანელი სამართლის ოფიცრები ჩივიან, რომ ბორდელებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. “გერმანია აღმოსავლეთ ევროპელი ქალების ექსპლუატაციის ცენტრად იქცა, ისევე როგორც სხვადასხვა წარმომავლობის ორგანიზებული დამნაშავეების საქმიანობის ადგილად” ამბობს მანფრედ პოლუსი, გადამდგარო უფროსი დეტექტივი ულმიდან.
შპიგელის გუნდი
2013
ორიგინალი ინგლისურ ენაზე: Unprotected: How Legalizing Prostitution Has Failed